ამბები

10:46 | 30.05.2010 | ნანახია 1503 - ჯერ

სამოა ზელანდიას ფინალამდე გაექცა

IRB-ს 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ბოლო, ედინბურგის ეტაპის წინ, გამარჯვების მოპოვების შანსი მხოლოდ სამოასა და ახალ ზელანდიას აქვს. მოცემული მომენტისთვის, სამოელები მდევარს 7 ქულით უსწრებენ, მაგრამ შოტლანდიაში, ჯგუფურ ეტაპზე, მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ შესაძლებელი იყო სერიის გამარჯვებული ვადაზე ადრე გარკვეულიყო.
ზელანდიელებმა ჯგუფის პირველი 2 თამაში ერთი ამოსუნთქვით განვლეს, დასკვნით ჯახში კი, სერიის შარშანდელი გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა წააქციეს. რაც შეეხება სამოას... ამ ჯგუფში სამმა გუნდმა თანაბარი ქულები მოაგროვა და სამოამ დანარჩენ ორს მხოლოდ იმიტომ აჯობა, რომ არგენტინაზე 4, საფრანგეთზე კი რვით უკეთესი ქულათა სხვაობა ჰქონდა. ფრანგებს სამოელებთან მატჩში ერთით ნაკლები ლელო რომ გაეშვათ, სამოა, უკეთეს შემთხვევაში, მე-9 ადგილსღა თუ შეწვდებოდა, ანუ, საერთო ჩათვლაში აქამდე მოგროვილ 140 ქულას, ყველაზე მეტი, რვასღა თუ შემატებდა და ზელანდიელებს ჯამში გასამარჯვებლად 1/4-ფინალის მოგებაც ეყოფოდათ.
იყო სხვა ვარიანტიც. თუ არგენტინა ჯგუფის დასკვნით მატჩში კიდევ ერთ ლელოს გაუტანდა, მაშინ სამოა ჯგუფში მე-2 ადგილზე დარჩებოდა და თასის 1/4-ფინალში სამოასა და ახალ ზელანდიას შორის ნაადრევი ფინალი, უფრო სწორედ მთელი სერიის ფინალი შედგებოდა. ახლა კი, უკეთეს შემთხვევაში, ეს გუნდები ერთურთს მხოლოდ ფინალში თუ დაეჯახებიან და იქ სამოა უკვე სერიის გამარჯვებულის რანგში წარსდგება, რადგანაც ეტაპის მოგებული 24 ქულას იღებს, ფინალისტი 20-ს, ხოლო სამოა “შავებს” ჯამში 7 ქულით უგებს და ჩამორჩენის აღმოფხვრა ზელანდიელთათვის წარმოუდგენელი იქნებოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა ზელანდიას, საკუთარ თავთან ერთად, სამხრეთ აფრიკის იმედი აქვს - ეგებ და სამოა თასისთვის ბრძოლას გამოთიშოს, ხოლო სამოა, თავის მხრივ, ლამის შარში გამხვევი არგენტინის გარჯას ეყრდნობა.
თასისთვის ბრძოლას განაგრძობს მასპინძელი შოტლანდია, რომელმაც აქამდე ვერაფერს მიაღწია და ნახევარფინალის საგზურისთვის ინგლისს შეერკინება, კიდევ ერთი 1/4-ფინალი კი, კვლავ სამხრეთული იქნება და მასში ავსტრალია ფიჯის დაუპირისპირდება.

A ჯგუფი
სამოა - კენია 42:5
არგენტინა - საფრანგეთი 5:14
სამოა - საფრანგეთი 38:26
არგენტინა - კენია 26:14
კენია - საფრანგეთი 5:28
სამოა - არგენტინა 10:31

1 სამოა 3 2 0 1 90-62 7
2 არგენტინა 3 2 0 1 62-38 7
3 საფრანგეთი 3 2 0 1 68-48 7
4 კენია 3 0 0 3 24-69 3


B ჯგუფი
ახალი ზელანდია - რუსეთი 57:0
სამხრეთ აფრიკა - იტალია 49:5
ახალი ზელანდია - იტალია 52:0
სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 19:7
რუსეთი - იტალია 24:12
ახ. ზელანდია - სამხ. აფრიკა 24:17

1 ახ. ზელანდია 3 3 0 0 133-17 9
2 სამხ. აფრიკა 3 2 0 1 85-36 7
3 რუსეთი 3 1 0 2 31-88 5
4 იტალია 3 0 0 3 17-125 3


C ჯგუფი
ავსტრალია - კანადა 14:0
ინგლისი - პორტუგალია 17:5
ავსტრალია - პორტუგალია 35:21
ინგლისი - კანადა 19:26
კანადა - პორტუგალია 14:24
ავსტრალია - ინგლისი 21:21

1 ავსტრალია 3 2 1 0 70-42 8
2 ინგლისი 3 1 1 1 57-52 6
3 პორტუგალია 3 1 0 2 50-66 5
4 კანადა 3 1 0 2 40-57 5

D ჯგუფი
აშშ - უელსი 10:19
ფიჯი - შოტლანდია 14:31
აშშ - შოტლანდია 12:33
ფიჯი - უელსი 26:7
აშშ - ფიჯი 12:24
უელსი - შოტლანდია 21:33

1 შოტლანდია 3 3 0 0 97-47 9
2 ფიჯი 3 2 0 1 64-50 7
3 უელსი 3 1 0 2 47-69 5
4 აშშ  3 0 0 3 34-76 3


1/4-ფინალები
IX-XVI ადგილებისთვის

საფრანგეთი - იტალია, უელსი - კანადა, პორტუგალია - აშშ, რუსეთი - კენია
თასის 1/4-ფინალები
სამოა - სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია - ინგლისი, ავსტრალია - ფიჯი, ახალი ზელანდია – არგენტინა

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093276