პორტუგალიის ნაკრებს ჰქონდა შანსი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორწლიანი ციკლის ჯამში ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწია და გერმანიისთვის გადაესწრო, მაგრამ მეზობელი ესპანეთი ამას არ დათანხმდა და სტუმრები 39:7 გაანადგურა.
მას შემდეგ, რაც გერმანია რუმინეთში განადგურდა, პორტუგალიელებს გასავრდნი ზონისთვის თავის დასაღწევად ერთი ქულაც ყოფნიდათ, მაგრამ „ლომებს“, რომლებსაც ბოლო დროს მაყურებელი არ აკლიათ, სხვა გეგმები ჰქონდათ. მათ თამაში აქტიურად დაიწყეს და 15 წუთის შემდეგ 15:0 იგებდნენ. „ლობუშმა“ 32-ე წუთზე ერთი ლელო გაქვითა და გარდასახვაც გამოიყენა, მერე მასპინძლებს როხა გაუსინბინეს და იმედი მიეცათ, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმა თავად გაუშვეს.
სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს, რითაც თავად სატურნირო თვალსაზრისით ბევრი ვერაფერი მიიღეს, მაგრამ მეზობელი რთულ სიტუაციაში ჩააყენეს. ლელოები იგნასიო კონტარდი მედინამ, ჟულიემ გოიამ, ოზკიმ [2] და მაიკეზიმ გაიტანეს, რასაც ბრედლი ლინკლეიტერმა ოთხი გარდასახვა და ორი ჯარიმა შემატა. სტუმართა ერთადერთი ლელო ჟოზე ვარეტის ანგარიშზეა.
ესპანეთს მაინც შეუძლია მეზობელს სამსახური გაუწიოს, რადგან დასკვცნით ტურში ის სწორედ გერმანიას სტუმრობს და ქულა არ უნდა ააღებინოს, ხოლო პორტუგალია ლისაბონში რუსეთს მიიღებს და თუ რამის პრეტენზია აქვს, მინიმუმ ერთი პრემიალური ქულა მაინც უნდა ჩაიწეროს. უკვე ცნობილია, რომ გაისად პორტუგალიის, ან გერმანიის ადგილს ბელგია დაიკავებს.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
12 მარტი. სოჭი
რუსეთი - საქართველო 7:24
რუმინეთი - გერმანია 61:7
ესპანეთი - პორტუგალია 39:7
1. | საქართველო | 9 | 9 | 0 | 0 | 308:66 | 40 | 4 |
2. | რუმინეთი | 9 | 7 | 0 | 2 | 253:100 | 34 | 6 |
3. | რუსეთი | 9 | 5 | 0 | 4 | 178:213 | 22 | 2 |
4. | ესპანეთი | 9 | 4 | 0 | 5 | 215:187 | 21 | 5 |
5. | გერმანია | 9 | 1 | 0 | 8 | 145:379 | 6 | 2 |
6. | პორტუგალია | 9 | 1 | 0 | 8 | 103:257 | 6 | 2 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია