ამბები

20:26 | 30.05.2010 | ნანახია 1706 - ჯერ

ჩემპიონმა მძიმედ გაიწია

საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის პირველი წრის კიდევ ერთ გადადებულ შეხვედრაში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “ლელომ”, გადადებულ მატჩში, ერთ-ერთი აუტსაიდერი “აკადემია” გაჭირვებით დაამარცხა და ჯერჯერობით, მე-2 საფეხურზე აინაცვლა, ზოგადად კი, პირველობის შუაში, მე-3 ადგილი დაიბევა.
აკადემიელებმა, რომლებიც ამ თამაშით მხოლოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად თუ იბრძოლებენ, ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს და ვაკეში, “მიხეილ მესხზე” სენსაციის სუნი დაატრიალეს. “ლელომ”, რომელმაც წლეულს წასაგები უკვე წააგო და ჩემპიონობის შენარჩუნება თუ სურს, ძალთა მაქსიმალური მობილიზება მართებს, წონასწორობა ნახევარი საათის თავზე აღადგინა და ტაიმი 3:3 დასრულდა.
საყაიმო შედეგი მე-2 ტაიმის დაწყებიდან კიდევ ნახევარი საათი გაგრძელდა, აქ კი ჩემპიონმა იგრძნო, რომ ნახევარი ძალით მეტოქის ძლევა უჭირდა, აღარ გარისკა და 70-ე წუთზე ჯარიმა კარში გადაგზავნა. ამან თამაში გახსნა და ორ წუთში მაყურებელმა “ლელოს” შესრულებით პირველი ლელო იხილა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და სხვაობა ათ ქულამდე გაიზარდა.
“აკადემიამ” გაიბრძოლა და ჯარიმით სხვაობა იმ იმედით შეამცირა, რომ დარჩენილ დროში ლელო-გარდასახვის ამოქაჩვასაც მოახერხებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მორიგი ლელო თავად გაუშვა, გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა და მატჩი 20:6 დასრულდა.
ახლა “ლელო” მე-2 საფეხურამდე აღზევდა, მაგრამ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს პირველი წრის ბოლო გადადებული მატჩი, რომელშიც ერთურთს “ვისოლი-ყოჩები” და “ლოკომოტივი” ხვდებიან, მათ ერთი პოზიციის დათმობა და საჩემპიონო ამბიციისთვის ბრძოლა მე-3 ადგილიდან მოუწევთ.

საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატი. გადადებული მატჩი
30 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი

ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 20:6 (3:3)

1.    აია 7    6    0     1     183-128     12
2.    ლელო  7 5 0 2 175-75 10
3.    ლოკომოტივი 6 5 0 1 122-58 10
4.    ვისოლი-ყოჩები 6 4 0 2 133-86 8
5.    არმაზი 7 3 0 4 111-149 6
6.    აკადემია 7 2 0 5 80-102 4
7.    ბათუმი XV 7 1 0 6 112-203 2

8.    ხარები
7 1 0 6 60-175 2


შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირველესად ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგებს

გადადებული მატჩი
3 ივნისი: ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი.
ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084391