ამბები

9:54 | 31.05.2010 | ნანახია 2317 - ჯერ

ფრანგული ოქრო ქართველისათვის - "კლერმონმა" მე-11 ცდაზე გაარტყა

ფეხბედნიერი აღმოჩნდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელ დავით ზირაქაშვილისა და მისი “კლერმონისთვის” 2010 წლის 29 მაისი. აქამდე, არსებობის განმავლობაში, კლერმონელებს საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალი ათჯერ ჰქონდათ ნათამაშები და ათჯერვე ფინალისტის სტატუსს დასჯერდა, ახლა კი, მთავარი პრიზი შემართა და გულშემატკივრებს ნანატრი სიხარული არგუნა.
ზემოთ ნახსენები 10 ფინალიდან, 3 ზირაქაშვილმაც ჩაატარა. 26 წლის უძლიერეს ქართველ ლეგიონერს, ზედიზედ მეოთხედ მოუხდა სეზონის უმთავრეს მატჩში მონაწილეობა და მართალია, თავისებურად ვერ გაისარჯა, მაგრამ მთელი სეზონის ღვაწლი მასაც დაუფასდა და “კლერმონსაც”, “პერპინიანი” 19:6 წააქცია და მთავარი პრიზი თავსზემოთ შემართა.
აქვე ვთქვათ - ზირაქაშვილი “კლერმონში” 2004 წელს ჩაირიცხა და პირველსავე დღიდან გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. თავის პირველ სეზონში, იმ დროისთვის ჯერ კიდევ Top 14-ში, მან გუნდის შემადგენლობაში 10 შეხვედრა ჩაატარა, 6-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე, ჯამში, 452 წუთი დაჰყო და ჯერ კიდევ გამოუცდელმა მორაგბემ ორჯერ სინბინი დაიმსახურა.
2005/2006 წლების სეზონში, უკვე Top 16-ში, მან საფრანგეთის ჩემპიონატის 17 მატჩში ითამაშა, 12 მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 954 წუთი გაატარა. ამავე სეზონში, ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე”, ზირაქაშვილის ანგარიშზე 5 თამაშია (1 ძირითად შემადგენლობაში, ჯამში 179 წუთი). მომდევნო სეზონიდან ქართველმა ლეგიონერმა კლუბში ანგარიში ლელოთი გახსნა. Top 14-ის 21 თამაშში (10 ძირითად შემადგენლობაში, ჯამში 1072 წუთი), მან 2 ლელო გაიტანა, რანგით მე-2 საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე” კი, 5 შეხვედრა გამართა (2 ძირითად შემადგენლობაში, 254 წუთი) და ერთი ლელო მიითვალა.
2007/2008 წლების სეზონში, მისი მაჩვენებელი უფრო შთამბეჭდავი გახდა. მან საფრანგეთის პირველობაზე 24 მატჩი გამართა, 14 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 1329 წუთი დაჰყო და 6 ლელოს გატანა მოახერხა, ერთხელ კი, სინბინი დაიმსახურა. იმავე წელს, ზირაქაშვილმა “ჰეინეკენის თასის” სამ თამაშშიც მიიღო მონაწილეობა (ერთხელ ძირითადში, 129 წუთი).
გასულ სეზონში ქართველ ლეგიონერს ეროვნული გუნდის რიგებში გერმანიასთან მატჩში მიღებულმა ტრავმამ ხელი შეუშალა და საფრანგეთის ჩემპიონატში სულ 17-ჯერ ითამაშა (11 ძირითადში, 981 წუთი), ერთი ლელო გაიტანა და ერთხელაც სინბინი მიიღო, “ჰეინეკენის თასზე” კი 4 შეხვედრა გამართა, აქედან 3 ძირითად შემადგენლობაში (259 წუთი).
წლევანდელ, საჩემპიონო სეზონში, ის Top 14-ის 28 თამაშიდან 23-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, 15 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 1314 წუთში 3 ლელო გაიტანა, აქედან ერთი - ნახევარფინალში “ტულონთან”, ხოლო “ჰეინეკენის თასის” ექვს შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო (364 წუთი).
ეს შთამბეჭდავი ციფრები, ზირაქაშვილისთვის ლოგიკურ დასასრულში აისახა - ფინალი “კლერმონმა” ღირსეულად მოიგო, ქართველი ლეგიონერი კი, გადამწყვეტ მატჩში მოედანზე 44-ე წუთზე შევიდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და 73-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
ახლა უშუალოდ, გიჟურ ფინალს დავუბრუნდეთ, რომელიც “სტად ფრანსეს” გადაჭედილ სტადიონზე გაიმართა. “პერპინიანი”, რომელმაც “კლერმონს” შარშანდელი ფინალი მოუგო და წლეულს ტიტულის შენარჩუნებას ლამობდა, მარცხს, მეტოქის სიძლიერესთან ერთად, საკუთარ დამრტყმელ ჯერომი პორიკალს უნდა “უმადლოდეს”, რომელმაც მოახერხა და ექვსიდან 4 ჯარიმა ააცილა. “კლერმონის” სტრატეგიამ, ამჯერად, გაამართლა - პირველ ტაიმში მეტოქე დაანოკაუტა, მე-2 ნახევარში კი, ანგარიშის შენარჩუნებაზე აზრიანად იზრუნა, ანგარიშის გაზრდის საკუთარი შანსები არ გაანიავა და “პერპინიანს” ჩემპიონის ტიტული სამართლიანად ჩამოართვა.
შეხვედრა ისეთ თავბრუდამხვევ ტემპში დაიწყო, რომ მოთამაშეები, ხშირ შემთხვევაში, თანაგუნდელებს ბოჭავდნენ და ეჯახებოდნენ. მორაგბეები არც თავს ზოგავდნენ, არც მეტოქეს და არც თანაგუნდელებს. გასაკვირი ის იყო, საიდან შერჩენოდათ მათ სეზონის მიწურულს ესოდენ დიდი ენერგია და საკითხავი ისიც იყო, რომელი გუნდი დაიღლებოდა პირველი და ვის უმტყუნებდა ნერვები - ამას ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლო. დაძაბულობა იმდენად დიდი იყო, რომ პირველსავე წუთებზე ლამის გუნდური ჩხუბი ატყდა და მსგავსი სიტუაცია შემდგომშიც არაერთხელ განმეორდა, მაგრამ პროფესიონალიზმა თავისი გაიტანა და დაძაბულობა მხოლოდ თითო-ოროლა წათაქუნებით განიმუხტა.
პირველსავე წუთებიდან “კლერმონის” უპირატესობა გამოიხატა. მარცხენა ფლანგიდან მარჯვნივ გადაკიდებულ ბურთს ვერავინ მიუსწრო, მაგრამ ზირაქაშვილის თანაგუნდელებმა, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში, მოწინააღმდეგის აუტი მოიგეს და სალელოვედ შეუტიეს, თუმცა, “პერპინიანის” ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრები დააკლდათ. მიუხედავად ამისა, “კლერმონმა” ჯარიმის უფლება მიიღო, მაგრამ მორგან პარამ მიზანი ვერ გაასწორა. მე-7 წუთზე, თამაშის წესი უკვე “კლერმონმა” დაარღვია, მაგრამ დაძაბულობა ვერც პერპინიანელმა პორიკალიმ გადალახა და შანსი ხელიდან გაუშვა.
მე-10 წუთზე, “კლერმონმა” მეტოქის კიდევ ერთი აუტი მოიგო, “პერპინიანი” დაჯარიმდა და პარამ კარის გასწვრივ, 23-24 მეტრიდან, ჯარიმით ანგარიში გახსნა. ორივე გუნდი აგრესიულ დაცვას კი მიმართავდა, მაგრამ “კლერმონმა” შეტევაშიც მეტი აგრესიულობა გამოიჩინა, ბურთი ხელით ჩაათამაშა და ბროკ ჯეიმსმა სისწრაფეში ხაზი გაჭრა; კლერმონელთა მიძალება “პერპინიანმა” 5-მეტრა ზოლში შეაკავა, ერთ დარტყმას კიდევ გაუძლო, მერე კი, რაქიდან აღებული ბურთი პარამ ნალაგას ფარულად გადააწოდა; ფიჯელმა ერთი მეტოქე კორპუსის დარტყმით მოიშორა, ხოლო დანარჩენ ორთან ჭიდილში ხაზი გადაკვეთა და შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, პარას ზუსტმა რეალიზაციამ კი, ტაბლოზე 10:0 დააფიქსირა.
მე-16 წუთზე, “კლერმონმა” მეტოქეს კიდევ ერთი დერეფანი “მოუხსნა”, მაგრამ შეტევა ვერ განავითარა, ტაიმის შუაწელს კი, შერკინებაში თავად დაჯარიმდა და პორიკალიმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. უნდა ითქვას, რომ მატჩის წინ სპეციალისტები ამ თამაშს სწორედ ფორვარდთა ჯახად განიხილავდა, რადგანაც ამ კომპონენტში ორივე გუნდი ძალზე ძლიერია. ამ კუთხით, აუტებში “კლერმონმა” მეტოქე დაჩაგრა, მაგრამ შერკინებაში “პერპინიანი” ყოჩობდა და ზირაქაშვილის თანაგუნდელებიც ხშირად ჯარიმდებოდნენ. 26-ე წუთზე, “პერპინიანმა” ბლოკისთვის მიღებული ჯარიმით, სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ პარამ ორ წუთში ჯარიმითვე ანგარიში 13:6 გახადა.
პირველი ნახევრის მიწურულს, “კლერმონი” უაზრო სირტუაციაში დაჯარიმდა და პორიკალი ვალდებული იყო კარის გასწვრივ 27-28 მეტრიდან სხვაობა შეემცირებინა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და საჩუქარი ვერ შეირგო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტაიმის 13:6 მოგებას “კლერმონი” სრულად იმსახურებდა. საწყისი 40 წუთის უმეტესმა პერიოდმა, “პერპინიანის” ნახევარზე განვლო და “კლერმონი” ბურთს სათამაშო დროის 65 პროცენტს აკონტროლებდა, უფრო გაშლილად და ხალასად უტევდა, ასე რომ, ტაბლოზე შესვენებისას დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახვდა მოედანზე მომხდარ მოვლენებს.
თამაში იმით განახლდა, რომ “კლერმონი” დაჯარიმდა და პორიკალის წინა შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ 22-მეტრიანი ხაზიდან გასატანი ჯარიმა ამჯერადაც ააცილა. მალევე მოედანზე ზირაქაშვილი გამოჩნდა, პირჯვარი გარდაისახა და ღმერთს გამარჯვება შესთხოვა.
თამაშის ტემპი დაეცა და გარკვეული პერიოდით, “პერპინიანის” ნახევარზე გადაინაცვლა. ბრუკ ჯეიმსმა ჯერ ახლო, მერე კი შორი მანძილიდან სცადა არეკნით უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ორჯერვე არაზუსტად დაარტყა. პორიკალიმ კიდევ ერთხელ დაჰკრა არაზუსტად 59-ე წუთზე, კარის გასწვრივ 42 მეტრიდან და ცხადი გახდა, რომ ჩემპიონს ტიტულის დათმობამდე აღარაფერი აკლდა.
არაზუსტმა დარტყმებმა და განიავებულმა ქულებმა პერპინიანული ცეცხლი ჩააქრო, გუნდი აირია, უმართავი გახდა, უაზროდ დაჯარიმდა და 61-ე წუთზე, პარამ პორიკალს დაანახა, თუ როგორ უნდა 42 მეტრიდან ჯარიმის შესრულება - 16:6. ზუსტმა შორეულმა დარტყმამ პარა გაათავხედა და ახლა ჯარიმის გატანა საკუთარი ნახევრიდან ისურვა. მართალია, ამით არაფერი გამოვიდა, მაგრამ ტაქტიკურად ეს სწორი ნაბიჯი იყო, “პერპინიანი” მისსავე ნახევარზე გამოიკეტა და 69-ე წუთზე, “კლერმონი” კიდევ უფრო დაწინაურდა. აუტში მოგერიებული ბურთი სწრაფად შეიყვანა თამაშში და ენტონი ფლოკმა შორეული არეკნი გაიტანა - 19:6.
აქ საკითხავი ერთი რამ იყო - ნალაგამ, რომელმაც ბურთი აუტიდან სწრაფად შეიყვანა, ის მოედნის გარეთ დაიჭირა, თუ - შიგნით და გვერდითი ხაზი მერე გადაკვეთა, მაგრამ რადგან რეფერიმ, უფრო სწორედ გვერდითმა მსაჯმა თამაში ბრძანა...
დასკვნით ხუთ წუთში “პერპინიანმა” გაიბრძოლა, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ფეხით შეაგორა, მაგრამ ფლოკმა საკუთარ ჩათვლის მოედანში დამიწება მოასწრო და სიტუაცია განმუხტა, ხოლო “პერპინიანის” მცდელობა, საკუთარ 22-დან ბურთი ხელით ეტარებინა, თავადვე ლამის კიდევ ერთ გაშვებულ ლელომდე მიიყვანა...
და “კლერმონის” დიდმა კაცებმაც პატარა ბავშვებივით გაიხარეს - მათ ხომ ასე ნანატრი ჩემპიონობა მოიგეს! და მათთან ერთად გაიხარა დავით ზირაქაშვილმა, მისმა გულშემატკივარმა და ქართული რაგბის ალალმა ქომაგმა. ზირაქაშვილი ევროპის ერთ-ერთ უძლირესი ჩემპიონატის - საფრანგეთის Top 14-ის ჩემპიონია!

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081762