ამბები

11:28 | 31.05.2010 | ნანახია 1471 - ჯერ

სამოამ ედინბურგსა და მსოფლიოში იპირველა

სამოას მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, 2009/2010 წლების IRB-ს სერიის დასკვნით, ედინბურგის ეტაპის ფინალში, ავსტრალია არ დაინდო, ფინალში 41:14 გაანადგურა და სეზონში თავისი მეოთხე ეტაპის მოგებასთან ერთად, სერიის გამარჯვებული გახდა.
სამოელებმა რვა ეტაპის შემდეგ 164 ქულა მოაგროვეს, უახლოეს მდევარ ახალ ზელანდიას 15 ქულით აჯობეს და არსებობის ისტორიაში სერიის სათავეში პირველად მოექცნენ. მესამე ადგილს ლონდონის ეტაპის მომგები ავსტრალია დაეპატრონა, ფიჯი მეოთხე იყო, ინგლისმა მეხუთე პოზიცია დაიკავა, ხოლო შარშანდელი სერიის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა, მხოლოდ მეექვსე ადგილით დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია მასპინძელ შოტლანდიელთა წინსვლა, რომლებმაც საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერა შეირგეს, ეტაპზე მეხუთე ადგილს შეწვდნენ და სერიაში პირველი ქულები ჩაიწერეს.
ფინალში ანგარიში ავსტრალიელებმა გახსნეს და ისე ჩანდა, რომ მათ გამარჯვება არ უნდა გაჭირვებოდათ. საქმე ისაა, რომ სამოელებმა ინგლისთან უმძიმესი ნახევარფინალი გადაიტანეს. ძირითადი 20 წუთი ფრედ დასრულდა და კუნძულელებმა მხოლოდ მას შემდეგ იმარჯვეს, რაც დამატებითი 7 წუთი ითამაშეს და წესით, გადაღლილები უნდა ყოფილიყვნენ. ისე, ინგლისს შესაძლოა არც წაეგო, რომ არა ორი სინბინი. მიუხედავად იმისა, რომ 7 სამოელის წინააღმდეგ ხუთი ინგლისელი იდგა, მათ ლელო არ გაუშვეს და სამოამ მხოლოდ არეკნის წყალობით იმარჯვა. ფინალში გასვლით სამოას მსოფლიო სერია უკვე მოგებული ჰქონდა, მაგრამ აბა ეტაპის გამარჯვებულის წოდებაზე უარს როგორ იტყოდა და ავსტრალიასაც შავი დღე აყარა.
ეტაპის საუკეთესო მელელოვე ახალზელანდიელი ტიმ მიკელსონი გახდა (7 ლელო), სამოელებმა ალაფოტი ფაოსილივამ და მიქაელ პესამინიმ კი საკუთარ ანგარიშზე 6-6 ლელო ჩაიწერეს. ედინბურგში ყველაზე მეტი, 43 ქულა, ავსტრალიელი ჯეიმს სტენარდის ანგარიშზეა. სეზონის საუკეთესო მელელოვე პესამინო გახდა, რომელმაც რვავე ეტაპზე მეტოქეთა ჩათვლის მოედანში 56-ჯერ შეაღწია, ხოლო მექულეებში ინგლისელმა ბენ გოლინსმა იპირველა, ვის ანგარიშზეც 332 ქულაა. პესამინო ამ მაჩვენებელში მეორე ადგილზე გავიდა (282 ქულა).

1/4-ფინალები IX-XVI ადგილებისთვის
საფრანგეთი - იტალია 19:5
უელსი - კანადა 21:14
პორტუგალია - აშშ 21:26
რუსეთი - კენია 0:12
თასის 1/4-ფინალები
სამოა - სამხრეთ აფრიკა 19:0
შოტლანდია - ინგლისი 7:19
ავსტრალია - ფიჯი 15:7
ახალი ზელანდია - არგენტინა 26:0
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვი
იტალია - კანადა 0:35
პორტუგალია - რუსეთი 0:17
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
საფრანგეთი - უელსი 12:26
აშშ - კენია 12:17
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 14:19
ფიჯი - არგენტინა 17:19
თასის ნახევარფინალები
სამოა - ინგლისი 15:12
ავსტრალია - ახალი ზელანდია 24:19
XIII ადგილისთვის
კანადა - რუსეთი 7:26
IX ადგილისთვის
უელსი - კენია 26:10
V ადგილისთვის
შოტლანდია - არგენტინა 19:0
ფინალი
სამოა - ავსტრალია 41:14

2009/2010 წლის IRB-ს 7-კაცა სერიის საბოლოო ცხრილი
სამოა - 164
ახალი ზელანდია - 149
ავსტრალია - 122
ფიჯი - 108
ინგლისი - 96
სამხრეთ აფრიკა - 80
არგენტინა - 62
კენია - 52
უელსი - 34
აშშ - 32
კანადა - 15
შოტლანდია - 12

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082661