იტალიის 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულებულ მსოფლიო თასის ალაფის ფინალში, იაპონიის ნაკრები 36:7 დაჩაგრა და უძლიერესებს თასით ხელდამშვენებული დაუბრუნდა. უნდა ითქვას, რომ იტალიელები მომავალ წელს უძლიერესთა შორის მაინც მოხვდებოდნენ, რადგანაც 2011 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასს სწორედ იტალია მასპინძლობს. ამრიგად, ფინალში დამარცხების მიუხედავად, უძლიერესთა შორის იაპონიაც ბრუნდება.
გადამწყვეტი მატჩის დებიუტშივე, ევროპელები ლელოთი დაწინაურდნენ და გარდასახვაც გამოიყენეს, მე-8 წუთზე მეორე ლელო გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი ჯარიმა მიითვალეს და საწყისი 40 წუთი 15:0 მოიგეს. იაპონელებს თამაშის გადარჩენის იმედი მეორე ნახევრის საწყის წუთებშივე გადაეწურათ. შვიდ წუთში იტალიელებმა კვლავ ორი ლელო გაიტანეს, რეალიზაციებიც ზუსტი აღმოჩნდა და ტაბლოზე 29:0 აენთო. იაპონელებმა ერთი პრესტიჟის ლელო გაიტანეს, მაგრამ ბოლო სიტყვა კვლავ იტალიამ თქვა - გუნდის კაპიტანმა ტომასო ბენვენუტიმ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა 36:7 იმარჯვა.
უფრო დაძაბული გამოდგა რუსეთსა და რუმინეთს შორის მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო. ძირითადი დროის 20:20 დასრულების შემდეგ, რუსებმა მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში ჯარიმა გაიტანეს და 23:20 იმარჯვეს. უხეშ შეხვედრაში რეფერიმ ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, დამატებული 20 წუთი სრულად ითამაშა პავლე კვერნაძემ.
საინტერესო გამოდგა V ადგილისთვის მატჩიც, სადაც ურუგვაიმ კანადას 13:11 სძლია. ურუგვაელები კაცნაკლულნი იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯარიმა გამოიყენეს და გამარჯვება იზეიმეს. ზიმბაბვემ პაპუა ახალი გვინეა შედეგიან მატჩში 46:22 დაამარცხა და ბოლოსწინა მე-7 საფეხური დაიკავა.
ტურნირის საუკეთესო მექულე, 51 ქულით, იტალიელი ალბერტო ჩილონი გახდა, მელელოვეებში კი იაპონელემა ტაკაკი ნაკაზურუმ იპირველა (4 ლელო).
VII ადგილისთვის
პაპუა ახალი გვინეა - ზიმბაბვე 22:46
V ადგილისთვის
ურუგვაი - კანადა 13:11
III ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი 20:23
ფინალი
იტალია - იაპონია 36:7
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია