საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გოდერძი შველიძე მომავალი სეზონიდან კარიერას ელიტარულ “სტად ფრანსეში” გააგრძელებს. მოლაპარაკებები საქართველოს ნაკრების 32 წლის ბურჯსა და პარიზულ კლუბს შორის ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა და საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულ იქნა. ამ ინფორმაციას ფრანგული Sport Hebdo ავრცელებს.
“სტად ფრანსეს” თავკაცთა ჩანაფიქრით შველიძე საფრანგეთის 13-გზის ჩემპიონის შემადგენლობაში გამოცდილ და სახელიან ბურჯს სილვიან მარკონეს შეცვლის. ეს უკანასკნელი “ჰაინეკენის” თასის ფინალისტ ბასკურ “ბიარიცში” გადავიდა, სადაც დიმიტრი იაშვილი თამაშობს.
შველიძეს ახალ კლუბს წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. “სტად ფრანსე” “ტოპ-14”-ის პლეი-ოფში ვერ მოხვდა და ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონზე გუნდი ვერც “ჰაინეკენის” თასზე ითამაშებს.
კლუბის მილიონერმა მფლობელმა მაქს გუაზინიმ სერიოზული საკადრო ცვლილებები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო და პირველ რიგში, მთავარ მწვრთნელად ავსტრალიელი სპეციალისტი მაიკლ ჩეიკა დაინიშნა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია