საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 4 ივნისს გეზს რუმინეთის დედაქალ ბუქარესტისკენ აიღებს, სადაც 11-20 ივნისს ტრადიციულ ტურნირ, IRB-ს ერთა თასში მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული ნაკრები კი ვახსენეთ, მაგრამ ეს ცნება პირობითია და სარუმინეთო შემადგენლობას უფრო ექსპერიმენტალური თუ ეწოდება.
რას ვიზამთ, ივნისის ტესტებზე კი არა, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელებს, უძლიერესთა შეკრება ხშირ შემთხვევაში ოფიციალური თამაშებისთვის ვერ მოუხერხებიათ და ეს უსიამოვნო ტრადიცია არც ახლა დაირღვა. მიუხედავად ამისა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, პოზიტიურს ამ მოვლენაშიც ხედავს. ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საკუთარი გარჯით უნდა დაამტკიცონ, რომ 2011 წელს ეროვნულ გუნდთან ერთად ახალ ზელანდიაში გამგზავრების ღირსნი არიან.
საბუქარესტოდ შერჩეულ მოთამაშეთა უმეტესობა, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს A ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა და ეროვნული გუნდის თავკაცებმაც გამოუვალ სიტუაციაში არჩევანი მათზე შეაჩერეს. შემადგენლობას თუ გადავხედავთ, შერკინების ხაზი თითქმის მთლიანად გადახალისებულია. იქ "ბორჯღალოსანთა" გამოცდილ წევრად მხოლოდ ირაკლი ნატრიაშვილი შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო დანარჩენებს ეროვნული გუნდის მაისური თითო-ოროლა შეხვედრაში მოურგიათ, ან სულაც ახლა ელით დებიუტი.
თითქმის იგივე სიტუაციაა უკანა ხაზშიც, მაგრამ იქ შედარებით გამოცდილი მორაგბეები უფრო მეტნი არიან. აღსანიშნავია, რომ სია საბოლოო არაა და რამდენიმე მორაგბის საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. დიმიტრი ბასილაია, მალხაზ ურჯუკაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი - ეს ის მორაგბეები არიან, რომელთა ნაკრებში გამოჩენაც საფრანგეთის ფედერალ დივიზიონების ფლეი ოფში მათი გუნდების შედეგებზეა დამოკიდებული. თუ ისინი ბუქარესტში დროულად ჩასვლას ვერ შეძლებენ, IRB-ს ერთა თასის დასკვნით მატჩში, რომელსაც "ბორჯღალოსნები" ნამიბიის ეროვნულ გუნდთან გამართავენ და რომლის შედეგიც რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში აისახება, აუცილებლად იქნებიან. ნამიბიისათვის იგეგმება ირაკლი მაჩხანელის დამატებაც, რომლის გამოცდილებაც გუნდს უცილობლად წაადგება.
საქართველოს ნაკრები რუმინეთში პირველ შეხვედრას შოტლანდიის A ნაკრებთან გამართავს, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. ამ გუნდმა, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2008 წლის ნოემბერში 69:3 გაანადგურა და შეძლებენ თუ არა ლეინის შეგირდები რევანშის აღებას, 11 ივნისს გამოჩნდება. ქართველ მორაგბეებს მეორე თამაში იტალიის A ნაკრებთან უწევთ, ტურნირს კი 20 ივნისს ნამიბიასთან ჯახით ასრულებენ. ბუქარესტში ზემოთნახსენები ოთხეულის გარდა, მასპინძელთა ეროვნული ნაკრები და არგენტინის A ნაკრები ითამაშებენ.
ტურნირის ფორმატი ასეთია: ექვსი გუნდი ორ სამგუნდა ჯგუფში ნაწილდება, ოღონდ ისე, რომ ერთ ჯგუფში მოხვედრილი ნაკრებები ერთურთს კი არა, მეორე გუნდის სამ ნაკრებს ეთამაშებიან. ყველა მონაწილეს სამ-სამი შეხვედრა უგროვდება, რის შემდეგაც დგება საერთო ცხრილი და უკეთესი მაჩვენებლის მქონე ნაკრები, ტურნირის გამარჯვებულად ცხადდება. მოგებაზე გუნდს ოთხი ქულა ერიცხება, ფრეზე ორი, წაგებაზე ნული; შვიდი და ნაკლები ქულით მარცხისათვის, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის კი, გუნდი ერთ პრემიალურ ქულას იღებს.
ეს ტურნირი IRB-მ 2006 წელს დაარსა და მიზნად, ეგრეთ წოდებული მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ეროვნული ნაკრებთა პირველი დონის ნაკრებების სათამაშო დონესთან მიახლოვება დაისახა. სწორედ ამიტომ, მეორე დონის ისეთი ქვეყნების გუნდები, როგორიც საქართველო, რუმინეთი და ნამიბია არიან, ძალებს პირველი დონის A ნაკრებებთან ცდიან. პირველ წელს გათამაშებას ლისაბონმა უმასპინძლა, მასში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა (არგენტინის და იტალიის A ნაკრებებმა და რუსეთისა და პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა) და გამარჯვება არგენტინელებმა იზეიმეს. მომდევნო გათამაშებიდან "IRB-ს ერთა თასი" ბუქარესტში დაფუძნდა, ფორმატი შეიცვალა და ექვსგუნდიანი გახდა. სწორედ იქ ითამაშა პირველად საქართველოს ნაკრებმა - სადებიუტო შეხვედრაში ნამიბიის ეროვნულ გუნდს 26:18 სძლია, მერე "მომავლის სამხრეთ აფრიკასთან" მძიმე ბრძოლაში 7:24 დამარცხდა, სულ ბოლოს კი იტალიის A ნაკრები 22:20 დასცა და საპატიო მესამე ადგილს დასჯერდა. "ბორჯღალოსნები" ჩემპიონ სამხრეთაფრიკელებს და არგენტინის A ნაკრებს ჩამორჩნენ, უკან კი ნამიბიელებთან და იტალიელებთან ერთად, რუმინეთის ნაკრებიც მოიტოვეს.
2008 წელს ქართველებმა კიდევ უკეთესი შედეგი აჩვენეს. პირველ ტურში "მომავლის სამხრეთ აფრიკასთან" კიდევ უფრო მედგრად იბრძოლეს და მხოლოდ 3:11 დამარცხდნენ, მერე ურუგვაის ეროვნული გუნდი 20:18 წააქციეს, მესამე ტურში კი იტალიის A ნაკრები 25:3 შეარცხვინეს და მეორე ადგილს უწიეს. პირველი ადგილი ამჯერადაც სამხრეთაფრიკელებმა დაიკავეს, ქართველთა უკან კი რუმინეთი, იტალია, ურუგვაი და რუსეთი აღმოჩნდნენ. გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა ძალები "ჩერჩილის თასზე" მოსინჯა და ბუქარესტში არ უთამაშია, გამარჯვება კი შოტლანდიის A ნაკრებს დარჩა.
ბუქარესტში გამგზავრების წინ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა და მისმა ასისტენტმა ილია მაისურაძემ, პრესკონფერენცია გამართეს.
გია ნიჟარაძე: "ბუქარესტში სერიოზული ტურნირი იმართება, რაზეც მონაწილეთა სიძლიერეც მეტყველებს. შოტლანდიის A ნაკრებს სიძლიერე ყველას მოეხსენება. იტალიის A ნაკრებში ძირითადი გუნდის რამდენიმე მორაგბე ითამაშებს, მაგალითისთვის ბერგამასკოც საკმარისია. როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, უძლიერესი მორაგბეების შეკრება ვერც ახლა მოვახერხეთ. ამ ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბუქარესტში უახლოესი რეზერვი გამოგვეცადა, ანუ, საქმეში ის კონტიგენტი გვენახა, რომელთაც 2011 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდის განაცხადში მოხვედრის შანსი აქვთ.
შერკინების ხაზში პირველი ნომერი არავინაა. ეროვნული გუნდის წევრი აქ მხოლოდ ნატრიაშვილია. უკანახაზელებში გამოცდილი მხოლოდ თედო ზიბზიბაძე გვეყოლება. მაჩხანელს, უდესიანს, კვირიკაშვილს და ურჯუკაშვილს, საფრანგეთში თამაშები აქვთ და ჯერ არ ვიცით როდიდან დაგვემატებიან. ყოველი შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მორაგბე თავიდან მოვისაკლისეთ, მას ნამიბიისთვის აუცილებლად დავიმატებთ, რადგან ამ თამაშის შედეგი რეიტინგზეც აისახება. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო შერკინების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ და მის ნაცვლად 18 წლის პერსპექტიული მორაგბე კოტე მიქაუტაძე დავიმატეთ. ამ ბიჭს ეროვნულ ნაკრებში თამაშის პოტენციალი ნამდვილად აქვს.
ბუქარესტში გუნდის ამოცანა მარტივია - ტურნირის მოგებას არავინ ითხოვს, ამიტომ, ბიჭებს შეუძლიათ ლაღად ითამაშონ და შესაძლებლობები წარმოაჩინონ. მათგან მხოლოდ ლაღ თამაშს მოვითხოვთ, აი ნამიბია კი, რა შემადგენლობითაც არ უნდა ვიყოთ, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. აქვე გეტყვით, რომ უკვე გადაწყდა, მიმდინარე წლის ნოემბერში, თბილისს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ეროვნული ნაკრებები ეწვევიან და ჩვენს გუნდთან ტესტ-მატჩებს გამართავენ. იმედია, რაგბის გულშემატკივარი ტრიბუნებს შეავსებს და ძლიერი გუნდების წინააღმდეგ "ბორჯღალოსნებს" სათანადოდ უგულშემატკივრებს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რაგბი მარტო რუსეთთან თამაში არ არის. გვაქვს შანსი, ზემოთნახსენებ ორ ძლიერ ნაკრებთან, "ჩერჩილის თასზე" განცდილი მარცხისათვის რევანში ავიღოთ და რეიტინგშიც კუთვნილი ადგილი დავიბრუნოთ.
ტიმ ლეინმა უკვე მოამზადა ის პროგრამა, რომლითაც ეროვნული გუნდი 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება და ბუქარესტის ტურნირიც მისი შემადგენელი ნაწილია. მისი ასისტენტები თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ შერკინების, დაცვის და ფიტნესის სპეციალისტებთან, რომლებიც მთავარ მწვრთნელს გუნდის მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაეხმარებიან. სამედიცინო შტაბისთვის ფიზიოთერაპევტის აყვანაც გვსურს. ეს ყველაფერი ნაკრების მოსამზადებელ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ახალ ზელანდიაში დიდ მიზნებს ვისახავთ და იქ მხოლოდ ერთი თამაშის მოგებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ნაკრებს მოსამზადებლად ყველა პირობა ექნება. მზადება სამ ეტაპად შედგება - შეკრება ივნისის ბოლოს თბილისში დაიწყება, მეორე ეტაპი საფრანგეთში სამკვირიან შეკრებას ითვალისწინებს, დასკვნით მზადებას კი ორი კვირით ავსტრალიაში გავივლით. "ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიაში 5 სექტემბერს ჩავლენ".
ტიმ ლეინი: "გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ყველა შეხვედრისთვის უძლიერესი მორაგბეების გამოძახებას რომ ვახერხებდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს
სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად ამისა, აქაც უნდა დავინახოთ პოზიტიური მომენტი. ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი ეძლევათ. ვინც თავს გამოიჩენს, მას მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი ექნება, რაც უდიდესი მოტივაციის საფუძველი უნდა გახდეს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ბიჭებს ერთად არასდროს უთამაშიათ და სრული სინთეზისთვის დროც ძალიან ცოტა გვაქვს.
ვიმედოვნებ, რომ ასისტენტებთან დაკავშირებით მოლაპარაკება ამ თვის ბოლომდე დასრულდება. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი საქმეს ნოემბრის ტესტებიდან შეუდგებიან და მსოფლიო თასის ბოლომდე ჩვენთან იქნებიან. შეიძლება ასე არც მოხდეს, რადგანაც ზოგიერთი კანდიდატი სამხრეთელია და შესაძლოა, მათ ნოემბერში კლუბებთან ჰქონდეთ სამუშაო.
საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე ნიჭიერი მორაგბე გამოჩნდა, რომლებმაც თავი A ნაკრებშიც გამოიჩინეს და ახლა შანსი უფრო მაღალ დონეზე ეძლევათ. ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს გადასარევს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ დაძაბულობა შეიმჩნევა. ხანდახან, გამარჯვების ჟინი მორაგბეებს აგრესიაში გადასდით და ეს უნდა ამოიძირკვოს, ისე კი, ჩემი ჩამოსვლიდან დღემდე, ჩემპიონატის დონემ აშკარად მოიმატა".
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბუქარესტოდ:
პირველი ხაზი: დავით დადუნაშვილი ("პერიგო", საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე ("ვისოლი-ყოჩები", თბილისი), ირაკლი ნატრიაშვილი ("ფარული", რუმინეთი), ვასილ კაკოვინი ("ბრივი", საფრანგეთი), ბექა შეყლაშვილი ("აჟენი", საფრანგეთი);
მეორე ხაზი: შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), კახა უჩავა ("ფარული", რუმინეთი), კოტე მიქაუტაძე ("აჟენი", საფრანგეთი);
მესამე ხაზი: სიმონ მაისურაძე ("ვილერბანი", საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი ("ლელო", თბილისი), ლაშა თავართქილაძე ("ფარული", რუმინეთი), შოთა საყვარელიძე ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია ("ლე ბუგი", საფრანგეთი);
№ 9: ბიძინა სამხარაძე ("ფარული", რუმინეთი), გიორგი როხვაძე ("აია", ქუთაისი);
№ 10: ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი);
ცენტრი (№ 12-13): რევაზ გიგაური ("სენიაკი", საფრანგეთი), გიგა კორკელია ("ლელო", თბილისი), მამუკა ნინიძე ("ბათუმი XV", ბათუმი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი);
ფრთები (№ 11-14): ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), სანდრო თოდუა ("ლელო", თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი);
ფულბეკები (№ 15): მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
2010 წლის IRB-ს ერთა თასი. 11-20 ივნისი
რუმინეთი. ბუქარესტი. "ტრიუმფალური არკა"
პირველი რაუნდი. 11 ივნისი. პარასკევი
რუმინეთი - ნამიბია (17:00 საათი. თბილისის დრო)
იტალია A - არგენტინა A (19:00 საათი)
საქართველო - შოტლანდია A (21:00 საათი)
მეორე რაუნდი. 15 ივნისი. სამშაბათი
საქართველო - იტალია A (17:00 საათი)
შოტლანდია A - ნამიბია (19:00 საათი)
რუმინეთი - არგენტინა A (21:00 საათი)
მესამე რაუნდი. 20 ივნისი. კვირა
საქართველო - ნამიბია (17:00 საათი)
რუმინეთი - იტალია A (19:00 საათი)
შოტლანდია A - არგენტინა A (21:00 საათი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია