ამბები

10:27 | 3.06.2010 | ნანახია 1971 - ჯერ

ჩემპიონატი შესვენებაზე ლიდერთა ჯახით გადის

საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნულ ჩემპიონატში ზაფხულის არდადეგების დრო დგება, მანამდე კი, “მიხეილ მესხის” ძირითად მოედანზე, ერთურთს გათამაშების ორი ლიდერი, ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისის “ვისოლი-ყოჩები” და “ლოკომოტივი” შეერკინებიან.
ეს მე-6 ტურის ბოლო გადადებული შეხვედრა და მისი შედეგი სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილებებს გამოიწვევს. “ლოკომოტივს” გამარჯვების შემთხვევაში 12 ქულა დაუგროვდება, “აია”-ს გაუთანაბრდება და ურთიერთშეხვედრებში გამარჯვების გამო, 25 მაისს დაკარგულ პირველ ადგილს დაიბრუნებს. თავის მხრივ, “ვისოლი-ყოჩებს” მოგება ორი საფეხურით დააწინაურებს და ის მეორე პოზიციამდე აღზევდება, რადგან ქულებით “ლელოს” და “ლოკომოტივს” გაუთანაბრდება, პირად შეხვედრებში კი ორივე მათგანი დამარცხებული ეყოლება. ფრე “ლოკომოტივს” მეორე ადგილზე აწევს, “ვოსლი-ყოჩები” კი კვლავ მეოთხეზე დარჩება.
“ვისოლი-ყოჩების” მთავარ კოზირად შემადგენლობასთან ერთად მათი მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძე უნდა მივიჩნიოთ. გასული ჩემპიონატის მცირე ფინალში, მისმა გაწვრთნილმა “ბათუმი XV”-მა მაშინდელ ჩემპიონ “ლოკომოტივს” სძლია, სენსაცია გამოაცხო და ეს გუნდი ტიტულის დასაცავად არ გაუშვა. წლეულს მგელაძემ შემადგენლობის მხრივ უკეთ დაკომპლექტებული “ვისოლი-ყოჩები” ჩაიბარა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა, “ლოკომოტივს” კი, რომელიც საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ის არც არასდროს დაუკარგავს.
თამაში ნებისმიერ შემთხვევაში კარგი საყურებელი უნდა გამოვიდეს, სიტუაციას კი ისიც ძაბავს, რომ წინა შეხვედრები ორივე გუნდმა დათმო. თუ ლოკომოტიველთა “ლელოსთან” მარცხი ასე თუ ისე პროგნოზირებადი იყო, “ვისოლი-ყოჩების” რუსთავში აუტსაიდერ “ხარებთან” დაცემას არავინ ელოდა და ახლა ამ გუნდს გულშემატკივართა იმედების გამართლება მართებს. გასული წლის გათამაშებაში, ამ გუნდების დაპირისპირება ორივეჯერ დაძაბულად წარიმართა და გამარჯვება ორივეჯერ “ლოკომოტივს” დარჩა. პირველ შეხვედრაში მათ 10:6 იმარჯვეს, მეორე შემთხვევაში კი უპირატესოპა 7 ქულამდე გაზარდეს - 18:11.
სავარაუდოდ, სხვაობა დიდი არც ამჯერად უნდა იყოს. განსაკუთრებულ მაღალ ტემპს ამ დაპირისპირებაში არავინ უნდა ელოდოს, რადგანაც “ვისოლი-ყოჩების” და “ლოკომოტივის”  მთავარი კოზირი შერკინების ძლიერი ხაზია და სავარაუდოდ, მატჩის ბედიც ამ კომპონენტში უკეთ მომზადებული გუნდის სასარგებლოდ გადაწყდება. შეხვედრა “მიხეილ მესხის” ძირითად მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის შემდეგ კი უმაღლესი ლიგაც სექტემბრამდე დაგვემშვიდობება.
 

3 ივნისი. ხუთშაბათი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 18:00 საათი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

 

1. აია    7 6 0 1 183-128 12
2. ლელო    7 5 0 2 175-72-5 10
3. ლოკომოტივი 6 5 0 1 122-58 10
4. ვისოლი-ყოჩები 6 4 0 2 133-86 8
5.  არმაზი 7 3 0 4 111-149 6
6. აკადემია 7 2 0 5 80-102 4
7. ბათუმი XV 7 1 0 6 112-203 2
8. ხარები 7 1 0 6 60-175 2

 

შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირველესად, ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088019