“ქართულ რაგბში სრული სიღატაკეა. მოთამაშეებმა საკუთარი თავი და ოჯახი როგორმე ხომ უნდა გამოკვებონ. ამასთან, ფრანგი აგენტები ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებთან გაძლიერებულად მუშაობენ, მშობლები კი შვილებს საზღვარგარეთულ აკადემიებში, სადაც მათ აჭმევენ, ასმევენ, თამაშს ასწავლიან და მაღალ დონეზე გასვლაში ეხმარებიან, სიამოვნებით უშვებენ. საქართველოს რაგბის კავშირმა აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთა, რომ მორაგბეები უცხოეთში გაზარდოს და ნაკრები გააძლიეროს. პრინციპში, ეს ასეც ხდება”.
აღნიშნული სიტყვები რუსეთის სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული “კასტრის” წევრ კირილ კულემინს ეკუთვნის, რომელმაც გულშემატკივართა ინტერესი სააგენტო Sports.ru-ს ბლოგზე დააკმაყოფილა. კულემინი ამგვარად იმ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც რუსთა პასიურობის ფონზე, ქართველი მორაგბეების საფრანგეთში მასიურ გადინებას ეხებოდა.
კულემინმა ჩვენი გუნდი გაკვრით ერთხელაც ახსენა, როდესაც “ერთა თასზე” რუმინეთთანა და საქართველოსთან დაპირისპირებაზე კითხეს. მოულოდნელი არ ყოფილა, რომ რუსმა მორაგბემ უფრო ვრცლად კარპატელებთან მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა, “ბორჯღალოსნები” კი ზრდილობის გულისთვისღა მოიხსენია.
“ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, რომელთაც მოედანზე ასი პროცენტით დახარჯვა შეუძლიათ. რუმინეთთან მატჩი კარგად დავიწყეთ, ბევრს ვუტევით და პირველ ტაიმში სამი ლელო დავდეთ. შემდეგ, პრინციპში მატჩი მოგებულად ჩავთვალეთ და მე-2 ნახევარში ბევრი ქულა მივიღეთ. ვიფიქრეთ, დაცვიდან გვეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ბევრმა აღნიშნა, რომ რუმინელებს მაშინ საუკეთესო შემადგენლობა არ ჰყავდათ და იმიტომ წააგეს. შესაძლოა, ასეც იყო. მსოფლიოს თასზე თუ ღირსეულად ვითამაშებთ, შემდეგ, იქნებ საქართველოსაც გავუმკლავდეთ”.
და აქვე კულემინის რამდენიმე საინტერესო გამონათქვამიც:
“რუსეთში რაგბი ისეთ დონეზევეა განვითარებული, როგორც საფრანგეთში – ჰოკეი. ჩვენი ჩემპიონატი დაახლოებით საფრანგეთის მე-3 დივიზიონის თანსწორია, თუმცა, დონე თანდათან იწევს და მსოფლიოს თასზე გასვლაც ამის შედეგი იყო.
თუკი ყველაფერი ცუდად წარიმართა, გამორიცხული არაა, ახალ ზელანდიაში რომელიმე მატჩი 100-ქულიანი სხვაობითაც კი წავაგოთ. თუმცა, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, პორტუგალიელებს დავემსგავსოთ, რომელთაც გასულ მსოფლიოს თასზე ლამის ყველა მატჩი 80 ქულით დათმეს.
რაგბი ფეხბურთი არაა, სადაც თამაშის დაცვიდან აწყობა შეიძლება. აქ ბურთს თავად უნდა ფლობდე. მსოფლიო თასზე სწორედ იმიტომ მივდივართ, რომ ძლიერი მეტოქეებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა ვისწავლოთ.
მომავალ ტურნირზე მთავარ ფავორიტად ახალი ზელანდიის ნაკრები მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ “ოლ ბლექსი” ბოლო პერიოდში არცთუ წარმატებულად ასპარეზობს. კარგი შანსი აქვს სამხრეთ აფრიკასაც, რომელმაც გასულ მსოფლიოს თასზე იმარჯვა, თანაც ზე-14-ის მატჩებში წამყვან როლებს სწორედ აფრიკელი მორაგბეები ასრულებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია