საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის სერიის დასკვნით მეექვსე ეტაპს, რომელიც 12-13 ივნისს კვიპროსის ქალაქ პაპოსში ჩატარდება, ხორვატებთან მატჩით დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სერია ექვს ეტაპად ტარდება. თითოეული ევროპული გუნდი ორ ეტაპზე იღებს მონაწილეობას და დაკავებული ადგილის მიხედვით ქულები ერიცხება, მათი შეჯამების შედეგად კი, 11 საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე (მოსკოვში) ითამაშებს, სადაც მათ, წლევანდელი ტურნირის მასპინძელი რუსეთის ნაკრები დაემატება.
ქართველმა მორაგბეებმა ერთი ეტაპი უკრაინაში, ოდესაში ითამაშეს და რუსეთის, უკრაინისა და მოლდოვას ნაკრებების შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავეს. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, კახა ალანიას შეგირდებს კვიპროსული ეტაპის ნახევარფინალში გასვლაც ყოფნით, რაც, წესითა და რიგით, ძნელად მისაღწევი არ უნდა იყოს.
კვიპროსში საქართველოს ნაკრები B ჯგუფში პორტუგალიის, ხორვატიის, სერბეთისა და მალტის გუნდებთან ითამაშებს, A ჯგუფში კი საფრანგეთის, გერმანიის, კვიპროსის, საბერძნეთისა და ისრაელის გუნდები მოხვდნენ. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას ტურნირის პირველ დღეს, 12 ივნისს გამართავს. როგორც ავღნიშნეთ, კახა ალანიას შეგირდთა პირველი მეტოქე ხორვატია იქნება, მერე მალტელებს ეთამაშებიან, მესამე შეხვედრას პორტუგალიელთა წინააღმდეგ გამართავენ, დღე კი, საქართველოსა და სერბეთის გუნდების დაპირისპირებით დასრულდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია