ძალიან სურდა უელსის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს “მილენიუმის” გახსნის 10 წლისთავის გამარჯვებით აღნიშვნა, მით უმეტეს, რომ ამ გუნდების 104-წლიანი შეხვედრების ისტორიის განმავლობაში, მეტოქე მხოლოდ ერთხელ ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ნამატჩევს საზეიმოდ საქმე მხოლოდ აფრიკელებს ჰქონდათ.
არადა, მართლაც საოცარი შეხვედრის დებიუტი ევროპელებს ცუდს არაფერს უქადდა, მაგრამ “ქურციკებმა” უაზარმაზარი შრომა გაწიეს, გაფუჭებული საქმე დროულად გამოაკეთეს და მეტოქეს 34:31 სძლიეს.
თამაში მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და სტეფან ჯონსმა ჯარიმით ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. უელსმა მეტოქე საკუთარ 22-თან გამოკეტა და ორ წუთში ჯეიმს ჰუკმა არეკნით ევროპელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. პიენაარმა ერთი ჯარიმა მე-16 წუთზე გაქვითა, თუმცა, მასპინძელებმა ორ წუთში კვლავ ჯარიმიდან იხეირეს, 20 წუთის თავზე კი, ჰუკმა სტუმართა შეცდომით ისარგებლა, მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო ჯონსის ზუსტი რეალიზაციით ტაბლოზე 16:3 დაფიქსირდა.
აი აქ უელსელებს მოგების იმედი რეალურად გაუჩნდათ, მაგრამ ვინ იფიქრებდა, სამხრეთ აფრიკა მომდევნო ოც წუთში 11 უპასუხო ქულას რომ გააკეთებდა. 23-ე წუთზე, ჯარიმის დარტყმა სტეინმა ითავა და მიზანმა არ უმტყუნა, ხოლო 30-ე წუთზე, აფრიკელებმა დიდი უპირატესობა გამოიყენეს, უელსის დაცვა არიეს და ნდუგანმა ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 36-ე წუთზე პიენაარმა ჯარიმიდან ზუსტად დაარტყა და ტაიმი უელსმა 16:14 მოიგო.
სიტუაციის შემობრუნებამ “ქურციკებს” ფრთები შეასხა და მატჩის განახლებიდან სამ წუთში, პოტგიტერმა თავისი გუნდის მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა, პიენაარმა კი, იოლად გასატანი რეალიზაცია გამოიყენა და სამხრეთ აფრიკა 21:16 დაწინაურდა.
ორ წუთში ჯონსმა თანაგუნდელების გონზე მოყვანა სცადა და ჯარიმით მსოფლიოს ჩემპიონთან ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მე-2 ნახევრის პირველი 20 წუთი, მაინც აფრიკელებისა იყო. მათ ჯერ ჯარიმით გაზარდეს უპირატესობა, ხოლო მე-60 წუთზე, აფრიკელთა 22 წლის დებიუტანტმა დე იონგმა, სტივენ ჯონსის შეცდომის შემდეგ, გზად ბოლო მცველი ჯიქურ ჩამოიცილა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, პიენაარის გარდასახვამ კი, სამხრეთ აფრიკა 31:19 დააწინაურა.
აქ უკვე უელსი წამოენთო და ყველას აჩვენა, რომ უმაღლესი კლასის რაგბის თამაში შეუძლია. მათი თავდადება 72-ე წუთზე დაგვირგვინდა, როდესაც გაჭიანურებული შეტევა პრაიდის ლელოთი დაგვირგვინდა. მაგრამ პიენაარმა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამარჯვების ჯარიმა გაიტანა. მართალია, უელსმა ლელოების ანგარიში გაათანაბრა და გარდასახვით ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ რეფერის მიერ დამატებულ წუთებზე, ფილიპსის მიერ შორიდან შესრულებულმა ჯარიმამ კარამდე ვერ მიაღწია და აფრიკამ უელსი 24-ე შეხვედრიდან 22-ედ დაამარცხა (ერთი მატჩი ფრედ დასრულდა).
მეორე ტესტ-მატჩში არავინ ელოდა, რომ ფიჯი ავსტრალიას ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა და მატჩის შედეგიც, პრაქტიკულად, თავიდანვე ცნობილი იყო. ავსტრალიელებმა ბევრი ახალი მორაგბე გამოცადეს, მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს და 49:3 იმარჯვეს. მაგრამ, მთავარი ის შეუთანხმებელი მოქმედებები იყო, რომელიც “ვოლაბების” თამაშს თან ახლდა და რობი დინსს ეცოდინება, მსგავსი შეცდომებით კარს მომდგარ “სამ ერზე” შორს რომ ვერ წავა. პირველ ტაიმში ავსტრალიელებმა მხოლოდ 2 ლელო გაიტანეს და შესვენებაზე გასვლისას მხოლოდ 14:3 იგებდნენ, აი მე-2 ნახევარში კი, მონაგარს 5 ლელო შემატეს და ანგარიშს ლოგიკური სახე მისცეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია