ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული “ჩერჩილის თასის” ტრადიციული ტურნირის პირველ დღეს განსაკუთრებულ ინტერესს აშშ-სა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება იწვევდა. რუსებმა, რომლებიც 2011 წელს მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებენ და ერთ-ერთ კონკურენტად ამერიკელთა გუნდი ეყოლებათ, იმდენი მოახრეხეს, რომ საწყისი 55 წუთი მეტოქეს თანაბრად ეთამაშნენ. საწყის წუთებში ვასილი არტიომოვმა ამერიკელთა ჩათვლის მოედანში შეაღწია და რუსები 5:0 დააწინაურა. მასპინძლებმა საპასუხო ლელო გაიტანეს და ზედ გარდასახვაც დაურთეს, მაგრამ ალექსანდრ იანუშკინის ჯარიმამ, ისევ რუსები გაიყვანა წინ - 8:7.
მალე ამერიკელებმა მეორე ლელო-გარდასხვა მიითვალეს, თუმცა, ტაიმის მიწურულს რუსეთმა ვიქტორ გრესევის გარღვევით მეორე ლელო გაიტანა და იანუშკინის ზუსტი გარდასახვით, ტაიმი 15:14 მოიგო. მეორე ტაიმი მასპინძელთა გატანილი ჯარიმით კი დაიწყო, მაგრამ მალევე რუსთა შერკინების მიძალება ევგენი მატვეევის ლელოთი დაგვირგვინდა და ისინი ზუსტი რეალიზაციის შემდეგ ბოლოჯერ დაწინაურდნენ - 22:17. ამის შემდეგ ამერიკელები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და 55-ედან 65-ე წუთამდე სამი ლელო გაიტანეს, რითაც საბოლოო ანგარიში, 39:22 დააფიქსირეს.
“ჩერჩილის თასის” მეორე შეხვედრაში, კანადამ ურუგვაი 48:6 გაანადგურა. ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრები 9 ივნისს გაიმართება - ინგლისის A ნაკრები, იგივე “საქსონები”, რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, საფრანგეთის A ნაკრები კი, ურუგვაის წინააღმდეგ წარსდგება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია