საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, კვიპროსის ქალაქ პაპოსში 12-13 ივნისს გასამართ ევროპის სერიის დასკვნით VI ეტაპზე, ქართულ კლუბებში მობურთალი სპორტსმენებით მიდის.
ნაკრებში 4 წარმომადგენელი თბილისის “ვისოლი-ყოჩებს” ჰყავს, 3 მორაგბე თბილისის “ლოკომოტივიდანაა”, თითო-თითო მოთამაშითაა წარმოდგენილი თბილისის “ლელო”, ქუთაისის “აია” და პირველი ლიგის “ხულიგანა”.
ოდესის ეტაპზე მე-4 ადგილზე გასული საქართველოს ნაკრების შემაგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ეროვნულ გუნდთან ერთად ბუაქრესტში იმყოფებიან ფრანგულ კლუბებში მოასპარეზე ლეგიონერები თედო ზიბზიბაძე და მერაბ კვირიკაშვილი. კვიპროსზე არ იქნებიან გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ვანო გაბროშვილი (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ვისოლი-ყოჩები), მამუკა ნინიძე (ბათუმი XV) და ივა დავითაშვილი (აკადემია). ნინიძე ეროვნულ გუნდს ბუქარესტში გაჰყვა, დანარჩენები კი, გუნდის თავკაცმა კახა ალანიამ სხვა მორაგბეებით ჩაანაცვლა. სამაგიეროდ, ნაკრებს დაემატნენ ცნობილი მოშვიდკაცები გიორგი შკინინი და ბესიკ ხამაშურიძე. მთლიანობაში, გუნდი საგრძნობლად გადახალისდა და იმედია, კუნძულზე ქართველები ოდესაზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ.
საქართველოს ნაკრებმა ივლისში მოსკოვში გასამართ მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება რომ მოიპოვოს, კვიპროსის ეტაპზე ნახევარფინალში გასვლაც ჰყოფნის. ჯგუფურ ეტაპზე ქართველთა მეტოქეები პორტუგალიის, ხორვატიის, სერბეთისა და მალტის ნაკრებები იქნებიან, ხოლო A ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიის, კვიპროსის, საბერძნეთისა და ისრაელის გუნდები ითამაშებენ.
საქართველოს შვიდკაცას შემადგენლობა ევროპის შვიდკაცა სერიის დასკნით VI ეტაპზე: გიორგი კალმახელიძე (ვისოლი-ყოჩები), ლექსო გუგავა (ლელო), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ბესარიონ ხამაშურიძე (აია), ირაკლი გეგენავა (ვისოლი-ყოჩები), დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), ვახტანგ კავთიძე (ლოკომოტივი), რატი ხუციშვილი (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი (ვისოლი-ყოჩები), სანდრო ნიჟარაძე (ვისოლი-ყოჩები).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გოგა ასათიანი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია