საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა და თბილისის “ვისოლი-ყოჩების” ხელმძღვანელობამ, მისი შედეგები შეაჯამა – ჟურნალისტებს, ევროპულ ყაიდაზე, კლუბის ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.
“ვისოლი-ყოჩებმა” პირველი წრის შვიდი შეხვედრიდან, ხუთი მოიგო, ორში კი მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ მის მიერ დამარცხებულ გუნდებს შორის ქართული რაგბის ბოლო წლების ფლაგმანები - 2008 წლის ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი” და 2009 წლის ჩემპიონი თბილისის “ლელოც” არიან. აღსანიშნავია, რომ “ლელოს” 2008 წლის მიწურულიდან, 27 მატჩში მარცხი არ ენახა და მისი ეს სვლა სწორედ “ყოჩებმა” შეაჩერა.
“წარმატებული გუნდის შექმნა გრძელვადიანი პროცესია. “ყოჩები” ყოველთვის ფავორიტთა შორის იყო. რეფორმების საფუძველზე, რომელსაც გუნდისათვის ახალი მთავარი მწვრთნელის, ახალი წევრების შერჩევა და ახალი ტაქტიკით თამაში მოჰყვა, კლუბმა აღმასვლა განაგრძო და მწამს, წელს კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევთ” - აცხადებს “ვისოლი-ყოჩების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გეგენავა.
“ყოჩები” საქართველოში ერთ-ერთი უძველესი კლუბია. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა, სადაც, 1959 წელს, ლეგენდარულმა ჟაკ ასპეკიანმა ქართველები რაგბს პირველმა აზიარა. დამოუკიდებელი პირველობის გათამაშების დღიდან, ამ კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა, ერთხელ თასი მოიგო, 7-კაცა რაგბში კი ქვეყნის უძლიერესი გუნდის სახელს ხუთჯერ დაეუფლა. 2008 წელს “ყოჩები” კომპანია “ვისოლმა” შეისყიდა და მისი სახელი შეიცვალა. სამაგიეროდ, კლუბს გაუჩნდა საკუთარი ბაზა, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს და ამბიციებმაც იმატა.
გასული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, “ვისოლი-ყოჩებმა” მეოთხე ადგილი დაიკავა, ამან კლუბის ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა და მთავარ მწვრთნელად ლევან მგელაძე დანიშნა, რომელიც ერთ დროს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, გასულ წელს კი, უმაღლესი ლიგის დებიუტანტი “ბათუმი XV” ფინალში გაიყვანა. სხვათა შორის, მაშინ ფინალისკენ მიმავალ გზაზე მგელაძის “ბათუმი XV”-მა სწორედ “ვისოლი-ყოჩები” დასცა. ახალი მწვრთნელის გუნდში მისვლას, ცვლილებები შემადგენლობაშიც მოყვა. საქართველოში დაბრუნდა და თამაში “ვისოლი-ყოჩებში” გააგრძელა რუმინული “ფარულის” მორაგბე გიორგი ხოსიტაშვილმა, ასევე, კრასნოდარის “ენისეის” ყოფილმა სპორტსმენმა თემურ სოხაძემ. შემადგენლობაში გამოჩნდნენ ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეებიც.
კომპანია “ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა, ჟურნალისტთა წინაშე გუნდის მორაგბეებთან და მის ხელმძღვანელობასთან ერთად წარსდგა. “ვისოლი-ყოჩების” მორაგბეები სრულად ვერ გამოცხადდნენ, რადგანაც გუნდის ორი წევრი - კარლენ ასეიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე, ეროვნულ გუნდთან ერთად ბუქარესტში იმყოფებიან, სადაც IRB-ს ერთა თასზე უნდა ითამაშონ, 4 მორაგბე კი საქართველოს 7-კაცა ნაკრებს კუნძულ კვიპროსზე ახლავს, სადაც ევროპის სერიის დასკვნითი ეტაპი იმართება.
“კომპანია “ვისოლმა”, თავის დროზე, ამ კლუბის შეძენა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას საქართველოში დიდი ისტორია აქვს და ტიტულების ნაკლებობასაც არ უჩივის. პირველი წრე წარმატებულად გავიარეთ, მაგრამ ამას არ დავჯერდებით და მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ვეცდებით, ჩვენი თამაშით და შედეგებით გულშემატკივარი გავახაროთ” - განაცხადა ვასილ ხორავამ.
“მსოფლიო სპორტთან”, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, წაგებულ ორ შეხვედრაზეც ისაუბრა. “ვისოლი-ყოჩებმა” პირველი თამაში პირველ წრეში, ქუთაისის “აია”-სთან დათმო. მატჩის წინა პერიოდში, მგელაძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავებისთვის იბრძოდა და გუნდს ყურადღება ვერ მიაქცია. მეორე მარცხი სენსაციური აღმოჩნდა - ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს აუტსაიდერმა რუსთავის “ხარებმა” აჯობა.
“რამდენიმე ჩვენი მორაგბე საქართველოს 7-კაცა ნაკრებში იყო გამოძახებული. თამაშის დღეს და წინა პერიოდში, მათ საბუთების მოსაწესრიგებლად უწევდათ სირბილი და ამ მატჩზე კონცენტრაცია ვეღარ მოახერხეს. ორივე შეხვედრა უიღბლობის გამო დავთმეთ. სამაგიეროდ, დავამარცხეთ ძლიერი გუნდები - “ლელო” და “ლოკომოტივი”. “ლოკომოტივთან” სულაც 13 კაცით მოვიგეთ, თან ლელოც არ ჩაგვითვალეს” - გვითხრა მგელაძემ.
მან განაცხადა, რომ ამ კლუბის გაწვრთნა ყველა სპეციალისტისთვის პრესტიჟულია და მიზნად საქართველოს ჩემპიონობასა და თასის მოპოვებას ისახავს. გუნდი მომავალშიც იზრუნებს ახალი ტრანსფერების განხორციელებაზე და მეორე წრისთვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს, ჩემპიონობის შემდეგ კი, “ვისოლი-ყოჩების” ხელმძღვანელობას ევროტურნირებში ასპარეზობა სურს.
“მთავარია, ქვეყნის ჩემპიონობით, ევროტურნირებზე გასვლის უფლება მოვიპოვეთ. წელს პირველად იმართება “შავი ზღვის თასის” გათამაშება, სადაც აღმოსავლეთ ევროპის უძლიერესი კლუბის ვინაობა გაირკვევა. ის “ჩელენჯ ქაფ”-ის შესარჩევი ეტაპიცაა, მაგრამ წელს ჩვენ “შავი ზღვის თასზე” ვერ ვიასპარეზებთ. მართალია, “ჩელენჯ ქაფ”-ზე მონაწილეობა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას იქ გამოსვლის სურვილი აქვს, ჩვენ საკუთარი სიძლიერე უნდა დავამტკიცოთ და მერე, ალბათ თანხაც იქნება. ამასთან, ევროტურნირებზე ღირსეულად ასპარეზობისთვის, გუნდის გაძლიერებაზე აქედანვე უნდა ვიზრუნოთ” - განაცხადა “ვისოლი-ყოჩების” დამრიგებელმა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია