ამბები

17:18 | 12.01.2015 | ნანახია 2222 - ჯერ

Pro D2 განახლდა

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონი Pro D2 20-დღიანი შესვენების შემდეგ მეორე წრის პირველი ტურის მატჩებით განახლდა და მასში ქართველი ლეგიონერები არასრული შემადგენლობით მონაწილეობდნენ.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” “ბიარიცი” 24:20 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ შარიქაძემ მიიღო და შუამარბად სრულად ითამაშა, ხატიაშვილი ტრავმირებულია, ხოლო დათუნაშვილს მე-14 ტურში მიღებული წითელი ბარათისთვის 4-კვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და სასჯელის ვადა 24 იანვარს გასდის. “ორიაკმა” ორი უპასუხო ლელო გაუშვა, მაგრამ მეტოქის უდისციპლინობით კარგად ისარგებლა, 8 ჯარიმა გაიტანა და 40 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აღზევდა.

53 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა გიორგი ნაცარაშვილის “პო”, რომელმაც “დაქსი” 20:8 დაამარცხა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 13:3 მოიგეს და 49-ე წუთზე მეორე ლელოც გაიტანეს (20:3), მაგრამ დარჩენილ ნახევარ საათში ქულის აღება ვეღარ მოახერხეს, თავად ლელო გაუშვეს და 4 ქულას დასჯერდნენ.

“კარკასონი” პრემიალური ქულით, 40:15 დაამარცხა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” და 46 ქულით მეორე ადგილზე აღზევდა. სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. სამაგიეროდ, “ალბის” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვახტანგ მაისურაძემ და ბექა შეყლაშვილმა. ქართველთა გუნდმა “ბურგონი” 16:9 დაამარცხა, მეორეხაზელმა მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბურჯმა შეყლაშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი 28-ე წუთზე შეცვალა. მასპინძლებმა შეხვედრის ერთადერთი ლელო 72-ე წუთზე გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და 44 ქულით მე-3 საფეხურზე დაწინაურდა.

პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი”, რომელმაც კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” 31:9 დაამარცხა, პრემიალური ქულაც მიითვალა და 39 ქულით მე-6 ადგილზეა. მჭედლიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, შუამარბად 40 წუთი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო თეთრაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი მირცხულავა და საათის თავზე იგი კობერიძემ შეცვალა. ამრიგად, დასკვნითი 26 წუთი შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ ორი ქართველი ბურჯი იდგა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში მაგრად იბრძოლეს და შესვენებაზე გასვლისას მხოლოდ ქულას აგებდნენ (9:10), მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა აიწყვიტეს, პირველ ტაიმში გატანილ ლელოს კიდევ 3 შეჰმატეს და დიდი უპირატესობით იმარჯვეს. “ტარბი” 31 ქულით მე-12 ადგილზეა და როგორც საპლეიოფო, ასევე გასავარდნ ზონას 9 ქულა აშორებს.

“აჟენის” მსგავსად 39 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი”, რომელსაც ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ” 39:32 მოუგო. რატიანიძის გარეშე მოთამაშე სტუმრებმა ჯამში მეტოქეზე ორით მეტი, 5 ლელო გაიტანეს, აქედან 2 საწყის 15 წუთში და 15:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა, რომელთა სასტარტო შემადგენლობაშიც სუთიაშვილი და აშვეთია იყვნენ, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ შესვენების წინ კიდევ ერთი ლელო გაუშვეს და ტაიმი 13:20 დათმეს. მეორე ტაიმის დაწყის 10 წუთში გუნდებმა ლელოები გაცვალეს, მაგრამ სტუმრებმა გარდასახვა ვერ გამოიყენეს - 20:25.

ამის შემდეგ 20-წუთიან ინტერვალში “მასიმ” 4 ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანა და 39:25 დაწინაურდა, ბოლო წუთზე გაშვებულმა ლელომ კი, მათ გამარჯვება ვერ წაართვა. სუთიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აშვეთია ყუფარაძემ შეცვალა. “მასი” 30 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 8 ქულით დაშორდა. 35 ქულით მე-9 პოზიციაზეა ლაშა ლომიძის “ბეზიე”, რომელმაც “კოლომიე” 22:6 დაამარცხა. ქართველ მესამეხაზელს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.

Pro D2-ის მომდევნო ტური 17-18 იანვარს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105223