ამბები

10:07 | 11.06.2010 | ნანახია 4686 - ჯერ

შოტლანდიასთან “რეზერვისტებით”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გასამართ IRB-ს ერთა თასის პირველ შეხვედრაში, ამ ტურნირის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებულ შოტლანდიის A ნაკრებს, მეორე ეშელონის მორაგბეებით დაუპირისპირდება.
იმ მორაგბეთაგან, რომლებიც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა საბუქარესტოდ შეარჩია, ერთბაშად სამი გამოცდილი მორაგბე - მალხაზ ურჯუკაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ნატრიაშვილი მოისაკლისა. მათი არყოფნა, ისედაც შესუსტებული შემადგენლობისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება. საგულისხმოა, რომ შოტლანდიის ეროვნული ნაკრები, ქართველთა მეტოქე, 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზეც იქნება და ამრიგად, ძირითადი გუნდის “დამალვა”, შესაძლოა, სამომავლოდ, გარკვეულწილად, მომგებიანიც იყოს.
საქართველოსა და შოტლანდიის A ნაკრებების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე იწყება და მის პირდაპირ ტრანსლიაციას “ევროსპორტ 2” გეგმავს. პრინციპში, შემადგენლობას თუ გადავხედავთ, “ბორჯღალოსანთა” კრებულიც A ნაკრების ტოლფასია, მაგრამ ეროვნული გუნდის სახელის დაცვა მოუწევს და მეტოქეს, შეძლებისდაგვარად, მედგრად უნდა დაუდგნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლის ნოემბერში, შოტლანდიის A ნაკრებმა საქართველოს ლამის ძირითადი შემადგენლობა 69:3 გაანადგურა, ამის გაკეთება რთული უნდა იყოს. მეორეს მხრივ, ამ ბიჭებს, ძლიერ მეტოქესთან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინების შანსი ეძლევათ, რაც მათ, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების და მსოფლიო თასზე გამგზავრების უფლებას მოუტანს.

“ბორჯღალოსნები” შოტლანდია A ნაკრების წინააღმდეგ:
15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. სანდრო თოდუა, 13. რეზო გიგაური, 12. თედო ზიბზიბაძე (კაპიტანი), 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე; 1. დავით დადუნაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ბექა შეყლაშვილი, 4. კახა უჩავა, 5. შალვა სუთიაშვილი, 6. სიმონ მაისურაძე, 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ვიქტორ კოლელიშვილი.
მარქაფა: 22. მამუკა ნინიძე, 21. გიგა კორკელია, 20. გიორგი როხვაძე; 16. კახა ასეიშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. კოტე მიქაუტაძე, 19. შოთა საყვარელიძე.
ისვენებენ: მალხაზ ურჯუკაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ბოლღაშვილი.
მთავარი მწვთნელი: თიმ ლინი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმი: კოტე კილაძე
მასაჟისტი: ბესო აბრამიშვილი
ფიზიოთერაპევტი: ბენჟანებ მოადაბი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102788