ამერიკის შეერთებული შტატებში, კოლორადოში მიმდინარე ტრადიციული ტურნირის, “ჩერჩილის თასის” გათამაშების მეორე ტურმა, უკვე გაარკვია იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც მეხუთე-მეექვსე ადგილისთვის იბრძოლებენ.
ინგლისისა და საფრანგეთის A ნაკრებები, ბევრად ძლიერნი აღმოჩნდნენ მეორე დონის სარაგბო ქვეყნის ნაკრებებისთვის - რუსეთისთვის და ურუგვაისთვის. ორივე გრანდმა, მებრძოლ გუნდებს შვიდ-შვიდი ლელო გაუტანა და ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებს ლიდერის რანგში ხვდებიან, რუსეთი და ურუგვაი კი, ტურნირის დასკვნით დღეს ერთმანეთს ბოლოსწინა ადგილს შეეცილებიან. აღსანიშნავია, რომ ეს ჯახი, რადგან ეროვნული ნაკრებების დონეზე გაიმართება, ტესტად განიხილება და მისი შედეგი მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგზეც აისახება.
რუსეთს პირველი შეხვედრა აშშ-ს ეროვნულ გუნდთან 22:39 ჰქონდა წაგებული და ინგლისთან სატურნირო თვალსაზრისით უცილობლად მოგება კი სწირდებოდა, მაგრამ “საქსონებმა” თავბრუდამხვევად დაიწყეს მატჩი და რამდენიმე წუთში სამი ლელო მიითვალეს. ამის შემდეგ ისინი მოეშვნენ და რუსებმა სხვაობის შემცირება შეძლეს - იური კუშნარიოვის სამ ჯარიმას, ვასილი არტიომოვმა ლელო შემატა და ტაიმი ინგლისელებმა 28:14 მოიგეს. მეორე ნახევარმა კვლავ ინგლისელთა კარნახით ჩაიარა და ჯამში მათ 49:17 მოიგეს. რუსეთის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა შერკინების პირველხაზელმა კარლო მაღლაკელიძემ. ამ ჯგუფის დასკვნით მატჩში, ინგლისის მეტოქე მასპინძელი აშშ-ს ეროვნული გუნდი იქნება და გამარჯვებული თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს, დამარცხებული კი მესამე პოზიციისთვის იბრძლებს.
დღის მეორე შეხვედრაში, ურუგვაიმ საფრანგეთის A ნაკრებს მოედნის ყველა მონაკვეთზე ბრძოლა გაუმართა, მაგრამ ფრანგთა კლასმა მაინც თავისი სიტყვა თქვა. მათ შვიდ ლელოს და ოთხ გარდასახვას, ურუგვაელებმა ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით უპასუხეს, პირველ ტურში კანადასთან 6:48 მარცხის შემდეგ, ამჯერად 10:43 წააგეს და მხოლოდ იმის იმედი თუ ექნებათ, რომ რუსთა ძლევით ბოლო საფეხურს “გაექცევიან”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია