არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასი, ორგანიზატორთა მიერ წინასწარ გათვლილი სცენარით მიმდინარეობს. ფავორიტებმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გამარჯვებები მოიპოვეს და მესამე ტურის სამმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს ის ოთხეული, რომლებიც მთავარი პრიზისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის, ჯგუფის სამ გამარჯვებულთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი იბრძოლებს. დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი, ტურნირის V-VIII ადგილებს გაითამაშებენ, უარესი მესამედგილოსანი და ჯგუფის ნაბოლარები კი, დარჩენილი პოზიციებისთვის და შესაბამისად, საგაისოდ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის იბრძოლებენ. ტურნირის ფორმატით, გამარჯვებული გუნდი 4 ქულას იღებს, დამარცხებული ნულს, ფრეზე 2-2 ქულა იწერება, ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის, გუნდს ერთი პრემიალური ქულა ერიცხება.
A ჯგუფში მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ. “ოლ ბლექსმა” სამოელებთან პრემიალური ქულა პირველსავე ნახევარში აიღო, რადგანაც შესვენებამდე უკვე 5 ლელო ჰქონდა გატანილი, ჯამში კი კუნძულელთა ჩათვლის მოედანში 11-ჯერ შეაღწია და მეტოქე 77:7 გაანადგურა. კვლავ პრემიალური ქულის გარეშე დარჩა უელსი, რომელმაც ფიჯის 31:3 მოუგო. შესვენებამდე ევროპელებმა ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ მერე ფიჯელები გაჯიუტდნენ და მესამე ლელო მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეღა გაუშვეს.
B ჯგუფში, სადაც სამ ევროპულ გუნდს კომპანიონობას მასპინძელი არგენტინა უწევს, ყველა შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობს. ირლანდიამ მედგარი ბრძოლა ამჯერად ინგლისს გაუმართა და პირველ ტურში ფრანგთა მსგავსად, ისინიც პრემიალური ქულის გარეშე დატოვა, მაგრამ წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად პრემილურ ქულას თავადაც ვერ შეწვდა. ინგლისელებმა სამი ლელო გაიტანეს და 36:21 მოიგეს. საფრანგეთმა არგენტინას ოთხი ლელო 27 წუთში გაუტანა, ჯამში 28 ქულა მოაგროვა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მასპინძლებმა გაიბრძოლეს, სამი საპასუხო ლელო მიითვალეს, მეორე ნახევრის შუაწელს ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს - 23:28, მაგრამ ძალა აღარ ეყოთ, ევროპელებმა კი ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 31:23.
C ჯგუფის ლიდერებმა - ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ, იოლი გამარჯვებები მიითვალეს. ავსტრალიელებმა ტონგას 11 ლელო გაუტანეს და 67:5 მოიგეს. მხოლოდ ლელოებზე ითამაშა სამხრეთ აფრიკამაც, მეტოქის ჩათვლის მოედანში მათაც 11-ჯერ შეაღწიეს, ოღონდ აფრიკელებმა გარდასახვებიც უკეთ შეასრულეს და შოტლანდია 73:0 გაანადგურეს.
A ჯგუფი
უელსი - ფიჯი 31:3
ახალი ზელანდია - სამოა 77:7
1 | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 121-18 | 10 |
2 | უელსი | 2 | 2 | 0 | 0 | 53-16 | 8 |
3 | ფიჯი | 2 | 0 | 0 | 2 | 14-75 | 0 |
4 | სამოა | 2 | 0 | 0 | 2 | 20-99 | 0 |
13 ივნისი. მესამე ტური
ახალი ზელანდია - უელსი
სამოა - ფიჯი
B ჯგუფი
ინგლისი - ირლანდია 36:21
არგენტინა - საფრანგეთი 23:31
1 | ინგლისი | 2 | 2 | 0 | 0 | 84-43 | 9 |
2 | საფრანგეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 56-45 | 9 |
3 | ირლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 43-61 | 1 |
4 | არგენტინა | 2 | 0 | 0 | 2 | 45-79 | 0 |
13 ივნისი. მესამე ტური
ინგლისი - საფრანგეთი
არგენტინა - ირლანდია
C ჯგუფი
ავსტრალია - ტონგა 67:5
სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 73:0
1 | ავსტრალია | 2 | 2 | 0 | 0 | 125-18 | 10 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 2 | 2 | 0 | 0 | 113-14 | 10 |
3 | ტონგა | 2 | 0 | 0 | 2 | 19-107 | 0 |
4 | შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 13-131 | 0 |
13 ივნისი. მესამე ტური
შოტლანდია - ტონგა
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია