საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გია რაფავა, უკვე დიდი ხანია მოედანზე არ გასულა, მაგრამ, სპორტის ამ სახეობას ოფიციალურად 13 ივნისს, 17:30 საათზე, “მიხეილ მესხის” მოედანზე ემშვიდობება. გამოსათხოვარ მატჩში, მისი ყოფილი კლუბის, თბილისის “ლოკომოტივის” ვეტერანი მორაგბეები, ქუთაისის “აია”-ს ვეტერანებს შეხვდებიან. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, პირველად გათამაშდება “გია რაფავას თასი”, რომლისთვისაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 19-წლამდე მორაგბეები იპაექრებენ. თასის სახელი სიმბოლურად ბ5-ია. ბ იმიტომ, რომ ის გია რაფავას ინიციალების სახელით მიიღეს, 5 კი ამ მორაგბის სათამაშო ნომერია.
რაფავა რაგბიში 20 წლის ასაკში, კალათბურთიდან, მამის მეგობარ გურამ მოდებაძის (“ბურძგლა”) თხოვნით მივიდა. ახალბედა მორაგბის კარიერა “ლოკომოტივში”, თემურ ბენდიაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. ის შერკინების მეორე ხაზში თამაშობდა და ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.
“მისი მთავარი თვისება მებრძოლი სული გახლდათ, რაც ზოგადად სპორტში და განსაკუთრებით რაგბში, ძალიან მნიშვნელოვანია. იგი თამაშში ყველაფერს დებდა და გუნდის ლიდერობა შეეძლო. 1994 წელს, რუსეთის ნაკრების პირველად დამარცხებაში, მან უდიდესი წვლილი შეიტანა” - ასე ახასიათებს ვეტერან მორაგბეს თემურ ბენდიაშვილი.
საგულისხმოა, რომ რაგბის თამაშის დაწყებიდან ექვს თვეში, ის საბჭოთა კავშირის ნაკრებში აიყვანეს, მისი დაშლის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და იქ 1999 წლამდე ითამაშა. 1990 წელს, ის გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც კარიერა უცხოურ კლუბში, პარიზის “აესპეტეტე”-ში გააგრძელა, მერე კი “შატო რენარისა” და “ტულუზას” ღირსებას იცავდა. მოგვიანებით, იგი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა და თამაში უმაღლესი ლიგის “ბედფორდში” განაგრძო, სპორტული კარიერა კი “ლონდონუელში” მძიმე ტრავმის შემდეგ დაასრულა.
“პროფესიული თვალსაზრისით, ჯობდა რაგბის თამაში ახლა დამეწყო, რადგანაც სპორტის ამ სახეობის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, აქ მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე ჩემი აქტიური სპორტსმენობის დროს იყო შესაძლებელი. ტრავმა საკლუბო ჩემპიონატის მატჩისას მივიღე. ბურთი დავამიწე და ამ დროს მოწინააღმდეგე დამახტა ხელზე. მკლავი დამემტვრა და მას შემდეგ ვეღარ ვითამაშე” - ამბობს რაფავა.
ვეტერანი მორაგბე საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, რაგბის კავშირში საინტერესო იდეებით მივიდა. “რაფავას თასი” ყოველწლიურად გათამაშდება და ის როგორც ასაკობრივ, ასევე ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს, რეგიონებიდან კანდიდატების შერჩევის საშუალებას მისცემს. ამჟამად, 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა იმადაა საინტერესო, რომ ამ ასაკობრივ გუნდს ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატი ელის და მწვრთნელებს სასურველი მოთამაშეების ხილვის საშუალება ექნებათ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია