საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სახელით რუმინეთში მობურთალმა მისმა უახლოესმა რეზერვმა, ქვეყნის უპირველესი გუნდის სახელი ღირსეულად დაიცვა, IRB-ს ერთა თასის მფლობელი შოტლანდიის A ნაკრები 22:21 დაამარცხა და 2008 წლის ნოემბერში “ბორჯღალოსანთა” 69:3 შერცხვენა, მთელი მსოფლიოს დასანახად ცხვირიდან ადინა.
უნდათ თუ არა, ახლა მაინც მოუწევთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავკაცებს იმაზე დაფიქრება, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერ გუნდებთან თამაში შეუძლია და დროა, მას უფრო ფართო ასპარეზი მისცეს. ამასთან, უნდა დაფიქრდეს შოტლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცობა, რადგანაც, ბუქარესტში საქართველოს ნაკრებს 20-მდე ძირითადი შემადგენლობის მორაგბე აკლია და ისიც პრაქტიკულად A ნაკრებია, ეს გუნდები კი 2011 წლის მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში არიან. და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ტიმ ლეინი იმ მორაგბეების შერჩევისას, ვისაც მსოფლიო თასზე წაიყვანს. იმათ სიას, რომლებიც ამჟამად რუმინეთში არ არიან, ახლა ეს 22 გმირი დაემატა, რომელთაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს არაფერი დაუთმეს და ტიტულის შესანარჩუნებლად ბუქარესტში ჩასულ სქოთებს, დიდი ალიყური აჭამეს.
ამ გამარჯვებამ ლეინის გეგმებიც უნდა შეცვალოს. ახლა საქართველოს ნაკრებს იტალიის A და ნამიბიის ნაკრებებთან ელის შეხვედრა, რომლებიც ადრეც დაგვიმარცხებია და იგივეს გამეორება ახლაც სრულიად შესაძლებელია, ეს კი, IRB-ს ერთა თასის მოგების ტოლფასი იქნება!
სანამ მომავალზე ვისაუბრებთ, შოტლანდიელთა ისტორიულ დამარცხებას დავუბრუნდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა და თუ საწყისი 40 წუთის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს დიდი ანგარიშით მარცხისა ეშონოდა, მეორეში ისე იბურთავა, რომ მეტოქე დამსახურებულად დაამარცხა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. რუმინეთისათვის უჩვეულო სიცხეში დაწყებული მატჩის პირველსავე წუთებზე, სწრაფმა სქოთებმა ქართველთა დაცვის ხაზი არიეს და ალამთან ლელო გაიტანეს, ზუსტი რეალიზაციით კი ანგარიში 7:0 გახადეს.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს დაახლოებით ორი წლის წინანდელი მწარე გაკვეთილი ახსოვდათ, ზედმეტად ნერვიულობდნენ და მეტოქეს ზეაღმატებული პატივისცემით თუ შიშით შესცქეროდნენ. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის, რომ ბევრი იყო ტექნიკური წუნი, ხეირიანი შეტევის განხორციელბა ჭირდა და თამაშით უმეტესწილად ქართველთა ნახევარზე მიდიოდა. მაგრამ, მოხერხდა შოტლანდიელთა რამდენიმე მიძალების შეჩერება და დაფიქრდა მოწინააღმდეგე, ამათთან ხუმრობა არ ღირსო და ორი ჯარიმა კარში დაარტყეს, რითაც ანგარიში 13:0 გახადეს.
ნელ-ნელა ქართველები აბურთავდნენ, თოდუამ მეტოქე იმათსავე 22-ის ხაზთან ისე შებოჭა, რომ ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ გაათავისუფლა და დაჯარიმდა. მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” დასარტყმელი ჯარიმა აუტში გაგზავნეს და ლელოს გატანაზე ითამაშეს, რაც ძლიერ დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იყო და არა ვინმე სხვა, აქაქმდე ათასჯერ ჩვენს მიერ ძლეული მეტოქე. შესვენებამდე სიტუაცია ოდნავ გამოკეთდა, ახლა მეტოქის ნახევარზე გადასვლა ხერხდებოდა, მაგრამ ტექნიკური წუნის და უაზრო შეცდომების გამო, ქართველთა შეტევები ლოგიკურ დასასრულთან ახლოსაც ვერ მიდიოდა. სხარტი შოტლანდიელები ხშირად იწყებდნენ სახიფათო გარღვევებს, მათ შეჩერებას რამდენიმე ქართველი მორაგბის საქმეში ჩართვა ჭირდებოდა, მაგრამ თავდადებაში საქართველოს ნაკრების წევრებს ბადალი არ ჰყავდათ. მათი გარჯა პირველად მსაჯის მიერ პირველ ნახევარზე დამატებულ წუთებზე დაფასდა, როდესაც ყიასაშვილმა ცენტრში დანიშნული ჯარიმა კარში დაარტყა, სხვა გზა არც რჩებოდა, მაგრამ მას მიზანმა არ უმტყუნა და ტაიმი 13:3 დასრულდა.
მეორე ტაიმი მართლაც საოცრება იყო. ის ქართველებმა სულ სხვა განწყობით და ტაქტიკით დაიწყეს და ამან შედეგი მოიტანა. ამჯერად, “ბორჯღალოსნები” უფრო მეტს თამაშობდნენ ხელით, ფეხით მოკლე და გრძელ გადაკიდებებსაც აქტიურად იყენებდნენ, რის შემდეგაც მეტოქეს იქვე ავიწროვებდნენ. ქართულმა შერკინებამ მეტოქისა დაიბრიყვა და შოტლანდიელები ისე ანერვიულდნენ, რომ წესივრად საკუთარ აუტებსაც ვეღარ აწვდიდნენ.
სწორედ ქართველთა ხელდახელ თამაშს მოჰყვა მეტოქის დაჯარიმება მეორე ნახევრის დებიუტში და “ასპროცენტიანმა” ყიასაშვილმა დაახლოებით 43 მეტრიდან გაიტანა. ორ წუთში საქართველოს შერკინებას მეტოქისა ვერ დაუდგა, ორივეჯერ კოლელიშვილმა სწრაფად გაითამაშა ბურთი და წინ წაიწია, მეორე ჯერზე, რაქიდან სამხარაძემ სწრაფად გაათავისუფლა ბურთი, სიჩქარეაკრეფილ სუთიაშვილს გადაცემა არ დაუგვიანა, მან ხაზი გაჭრა, ორ მცველს გასცდა და მართალია შებოჭეს, მაგრამ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გადააწვდინა, ყიასაშვილმა კი ზუსტი რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა.
მალე სამხარაძემ მეტოქის შეტევისას მათი გადაცემა ჩაჭრა და ყიასაშვილმა არეკნი სცადა, არაზუსტად. შოტლანდიელებმა საკუთარი 22-დან ხელით სცადს ბურთის ატანა, მაგრამ ის ქართველებმა წაართვეს, რასაც მეტოქის დაჯარიმება და ყიასაშვილის ზუსტი ჯარიმა მოჰყვა, რითაც საქართველოს ნაკრები 16:13 დაწინაურდა. თითქმის 20 წუთის სქოთთა ნახევარზე გატარებული დრო, მალე კვლავ მათი დაჯარიმებით დასრულდა და ყიასაშვილმა გასატანი ჯარიმა არც ახლა გააცუდა.
64-ე წუთზე შოტლანდიელებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაში კვლავ მათ ნახევარზე გაგრძელდა, ქართველები ბურთს კარგად ინარჩუნებდნენ და დრო გადიდა, ამას კი ისევ დაჯარიმება და ყიასაშვილის 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმა მოჰყვა - 22:16. ბოლო წუთებმა საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გაიარა. შოტლანდიელები შეტევის მიმართულებას ცვლიდნენ და საბოლოოდ, ალამთან ლელო გაიტანეს კიდეც, რითაც სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ გარდასახვა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. რეფერიმ დამატებული წუთები ძლიერ გაჭიმა, შოტლანდიამ თამაშის გადარჩენა არეკნით სცადა, არაზუსტად, მერე როხვაძემ ბურთი აუტში აღარ გაიტანა, მეტოქეს ზურგში გადაუკიდა, ხაზმა კარგად აიწია, შოტლანდიელებმა იქიდან გამოსვლა ვერ შეძლეს, ბურთი წინ დაუვარდათ და რეფერიმაც დასრულებისა ჩასტვინა.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა იტალიასთან მატჩისთვის ემზადება. “იმდენად ბედნიერი ვარ, რომ აღფრთოვანების გამოსახატად სიტყვებიც არ მყოფნის. ეს უდიდესი გამარჯვება საქართველოსთვის, ქართული რაგბისთვის და ჩვენი გუნდისთვის, რომელმაც წარმატების მიღწევის სურვილით, ასე რთულ სამუშაოს თავი კარგად გაართვა. შემადგენლობა უამრავი ახალგაზრდა მორაგბეა, რომლებიც საქართველოში, ქართულ კლუბებში თამაშობენ და მათი ასეთი თამაში, საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია” - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თედო ზიბზიბაძემ.
“საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა. გულდაწყვეტილი ვარ, რადგანაც მარცხი განვიცადეთ, თუმცა, იმდენი შეცდომა დავუშვით, ასეც უნდა მომხდარიყო. საწყისმა 20-მა წუთმა მშვენივრად ჩაიარა, მაგრამ როცა ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, ავნერვიულდით და შეცდომებმაც იმატა, როგორც ტექნიკური, ასევე გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრით. საკუთარი თავი დავამარცხეთ, მაგრამ ვეცდებით მომდევნო შეხვედრაში მსგავსი რამ აღარ გავიმეოროთ” - განაცხადა შოტლანდიელთა კაპიტანმა ალისტერ ჰოგმა.
“ვფიქრობ, პირველი ლელო საკმაოდ იოლად გავუშვით, რადგანაც ბავშვური შეცდომა დავუშვით, თუმცა, ბიჭებმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოავლინეს, გულიანად იბრძოლეს და საქმეს სრული სერიოზულობით მოეკიდნენ. ბუქარესტში სულ ახალგაზრდა ბიჭებით ვართ ჩამოსული, რადგანაც გუნდის ძირითადი ბირთვი ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები არიან და ისინი მოვისაკლისეთ. შოტლანდიის A ნაკრებთან 3:69 მარცხის შემდეგ, ეს იყო უდიდესი წარმატება. დღეს აქცენტი დაცვით თამაშზე გავაკეთეთ და არც შევმცდარვართ, შემდეგ ორ მატჩში კი, შესაძლოა ბურთი მეტ ხანს ჩვენ ვაკონტროლოთ. კარგად ითამაშა, შერკინებამ, ხაზმა და ამ გამარჯვებით ძლიერ ბედნიერი ბედნიერი ვარ” - სიხარული არ დამალა საქართველოს ნაკრების ავსტრალიელმა დამრიგებელმა ტიმ ლეინმა.
ბოღმიანები
საშინლად განიცადეს რუსმა კომენტატორებმა (და ალბათ არა მარტო მათ) საქართველოს ნაკრების წარმატება. მართალია ისინი აღიარებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთში ყველასათვის უცნობი მორაგბეებით იყო წარდგენილი, მაგრამ შანსს არ უშვებდნენ ქართული რაგბის დასაკნინებლად. თურმე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, როდესაც ქართველი მორაგბეები იგებდნენ, ტრავმებს იმიზეზებდნენ, მოედანზე დიდხანს იწვნენ და ამით შეხვედრის ტემპის დაგდებასთან ერთად დრო გაჰყავდათ. ამ დროს რუს კომენტატორებს დაავიწყდათ, რომ რაგბი კონტაქტური სპორტია და იქ ტრავმიანობა ხშირია, რომ ტრავმის დროს რეფერი დროს აჩერებს და ამ კუთხით დროის გაყვანა შეუძლებელია, რომ ქართველთა მიერ მიბეგვილი რუსები უფრო მეტი გვინახავს, ვიდრე ქართველთა ტრავმის გამო მოედანზე უაზრო გორაობა და რომ საფრანგეთში ქართველი ლეგიონერების სიმრავლე, მათ მაღალ სათამაშო კლასზე მეტყველებს და რუსებს იქ იმიტომ არ იწვევენ, რომ მათი თამაშით მაღალი კლასის გუნდები ნაკლებად იხიბლებიან.
ძალიან, ძალიან გაუხარდათ შოტლანდიელთა მიერ გატანილი მეორე ლელო რუსებს, იმდენად ძლიერ, რომ ლელო ექვს ქულად ჩათვალეს და მაშინ, როდესაც ანგარიში 21:22 გახდა, მოახერხეს შოტლანდიელებმა ანგარიშის გათანაბრებაო - წინასწარ იზეიმეს. მაგრამ ასცდა გარდასახვა, ტაბლოზე ნამდვილი შედეგი დაფიქსირდა და მათი იმედიც იმედად დარჩა. მერე შემოსძახეს, ათამაშდნენ შოტლანდიელები და აბა მიაწექითო, ნახეთ ქართველმა რა ქნა, უნდა დაისაჯოსო, მაგრამ გამარჯვება მაინც საქართველოს დარჩა და რუსიც ზუსტად ისე გაჩუმდა, როგორც “ბორჯღალოსანთა” მხრიდან რუსთა მუდმივი გვემის დროს ხდება!
საქართველოს მხოლოდ გამარჯვებულები ერგო
მანამდე, საქართველოს მომავალმა მეტოქეებმა - ნამიბიის ეროვნულმა გუნდმა და იტალიის A ნაკრებმა, შესაბამისად, მასპინძელ რუმინეთთან და არგენტინის A გუნდთან, მძიმე ბრძოლებში გამარჯვებები ბოლო წუთზე მოიპოვეს. მასპინძლები აფრიკელებთან ლელოთი დაწინაურდნენ, მერე ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი 7:3 მოიგესა. განახლდა შეხვედრა და ნამიბიამ ლელო ცენტრში გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, თუმცა, რუმინელებმა ჯარიმით წონასწორობა მალე აღადგინეს. ამას ნამიბიის ორი ჯარიმა მოჰყვა და ისინი 16:10 დაწინაურდნენ.
მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე თავიანთი მეორე ლელო გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოიყვანეს, რადგანაც ისინი 17:16 დაწინაურდნენ და მატჩი მოგებულად მიიჩნიეს. რუმინელთა სიხარული 30 წამს გაგრძელდა. განახლდა შეხვედრა და ვინკლერმა ლელო გაიტანა. მერე რა, რომ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, გამარჯვება მაინც აფრიკელებს დარჩათ - 21:17 და ამან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუმინული რაგბი კრიზისშია, ქართველებს კი ერთა თასის ბოლო ტურში ძლიერი მეტოქე ელოდებათ.
მანამდე ქართველებს იტალიის A ნაკრები ელით, რომელიც არგენტინის A ნაკრებმა ძლიერ აწვალა. შეხვედრის დებიუტში უპირატესობა იტალიელების მხარეს იყო, რომელთაც 20 წუთში მეტოქის ოთხი აუტი მოიგეს და ფეხითაც საოცრად თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, მათ არგენტინელთა სწრაფი უკანახაზელების შეჩერება უჭირდათ და პირველ ტაიმში ორი ლელო მიიღეს, რასაც არგენტინელებმა ორი რეალიზაცია და ერთი ჯარიმა დაურთეს, იტალიელებმა კი სამი ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი 9:17 დათმეს. მეორე ნახევარში იტალიამ ორი, არგენტინამ კი ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ევროპელებმა იმძლავრეს. მათ 5 წუთი მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გაატარეს, ჯარიმების ნაცვლად შერკინებები ირჩიეს და მიზანსაც მიაღწიეს, ზუსტმა გარდასახვამ კი მათ გამარჯვება მოუტანა - 22:20.
IRB-ს ერთა თასი. რუმინეთი. ბუქარესტი.
11 ივნისი. პარასკევი. პირველი დღე. 1000 მაყურებელი
საქართველო - შოტლანდია A 22:21 (3:13)
საქართველოს ნაკრები: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. სანდრო თოდუა, 13. რეზო გიგაური (21. გიგა კორკელია 60), 12. თედო ზიბზიბაძე (კაპიტანი), 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა ხმალაძე (22. მამუკა ნინიძე 60), 9. ბიძინა სამხარაძე (20. გიორგი როხვაძე 56); 1. დავით დადუნაშვილი (16. კახა ასეიშვილი 51), 2. ჯაბა ბრეგვაძე (დავით დადუნაშვილი 73), 3. ბექა შეყლაშვილი (17. ვასილ კაკოვინი 39), 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კახა უჩავა (18. კოტე მიქაუტაძე 33), 6. სიმონ მაისურაძე (19. შოთა საყვარელიძე 60), 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ვიქტორ კოლელიშვილი.
1 ლელო: შალვა სუთიაშვილი
1 გარდასახვა: ირაკლი ყიასაშვილი
5 ჯარიმა: ირაკლი ყიასაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
რეფერი: მორის იონკერი (სამხრეთ აფრიკა)
ასისტენტები: გაბრიელ შეიტანი (რუმინეთი), ჯეიმს ჯოუნსი (უელსი)
მიმდინარეობა: 0:7 (4), 0:10 (16), 0:13 (22), 3:13 (40+3)/ 6:13 (42), 13:13 (44), 16:13 (49), 19:13 (61), 19:16 (64), 22:16 (71), 22:21 (80)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია