შოტლანდიის მორაგბეთა A ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სეან ლინენმა, IRB-ს ერთა თასზე საქართველოს ნაკრებთან მისი გუნდის მარცხი, თავის შეგირდთა გამოუცდელობას და ქართველთა მხრიდან ანტირაგბის თამაშს დააბრალა.
“ჩვენი გუნდი გამოუცდელი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და ამიტომ, მათ უამრავი შეცდომა დაუშვეს. ეს შეხვედრა ქართველებმა კი არ მოიგეს, ჩვენ წავაგეთ. პირველ ტაიმში ოთხი-ხუთი ლელო უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. საქართველოს ნაკრებს დიდი რაგბი არ უთამაშია, ისინი მხოლოდ ფეხით ბურთის მოშორებას ცდილობდნენ” - დაასკვნა ლინენმა.
რაგბი მარტო ჯანის თამაში რომ არაა, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი. ფეხით ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა კი, ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. პირველი ტაიმის მიწურულს, ქართველებმა 22-მეტრა ხაზიდან ჯარიმა კარში არ დაარტყეს და ის აუტში გაიტანეს, რათა ხელით შეეტიათ. მეორე ნახევრის დასაწისში, “ბორჯღალოსანთა” ლელო სწორედ ხელით შეტევის შედეგად გავიდა. დასარტყმელი ჯარიმები, შოტლანდიელებმა კარში ურტყეს, ქართველი მორაგბეები კი, ფეხით გადაკიდებულ ბურთს კარგად მიყვებოდნენ, მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ლინენის სიტყვების მიუხედავად, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ტაქტიკაშიც დაჯაბნეს, თამაშშიც, ჯანშიც და გამარჯვების წყურვილშიც.
ლინენს შეუძლია თავი იმართლოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ეროვნულმა ნაკრებმა, შოტლანდიის A ნაკრები 22:21 დაამარცხა და გასულ წელს მოპოვებული თასის შენარჩუნების შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირა. ახლა, 15 ივნისს, მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში, თასის მოგების მთავარი პრეტენდენტები, იტალიის A ნაკრები და საქართველოს ნაკრები ერთმანეთს შეხვდებიან. ეს მატჩი დღის პირველი დაპირისპირება იქნება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
დღეისათვის, IRB-ს ერთა თასის არცერთი გუნდი უქულოდ არაა. ნამიბიის ეროვნულმა, იტალიის A და საქართველოს ნაკრებებმა, გამარჯვებისთვის ოთხ-ოთხი ქულა მიიღეს. ოთხი ლელოს გატანა ვერცერთმა მათგანმა მოახერხა და შესაბამისად ამ კომპონენტისთვის განკუთვნილი პრემიალური ქულა არცერთს მიუღია. სამაგიეროდ, პრემიალური ქულები ჩაიწერეს სამივე დამარცხებულმა - რუმინეთის ეროვნულმა და არგენტინისა და შოტლანდიის A ნაკრებებმა, რადგანაც ყველა მათგანი 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით დამარცხდა.
ინდივიდუალურ მაჩვენებლებში ლიდერობს ირაკლი ყიასაშვილი, რომელმაც გუნდს 17 ქულა მოუტანა. საუკეთესო ბომბარდირთა დავაში, ის პირველ-მეორე ადგილს იტალიელ ლუჩანო ორკუერასთან იყოფს. სწორედ ეს მორაგბეები ლიდერობენ გატანილი ჯარიმების მაჩვენებლითაც - ორივე მათგანმა 5-5 ჯარიმა გაიტანა. ამრიგად, საქართველოსა და იტალიის A ნაკრებების შეხვედრა, ერთგვარად ყიასაშვილი-ორკუერას დაპირისპირებაც იქნება. პირველ ტურში, ერთ ლელოზე მეტი არცერთ მორაგბეს არ გაუტანია და შალვა სუთიაშვილი ლელოს გამტანი დანარჩენი ათი მორაგბის გვერდითაა.
IRB-ს ერთა თასი. პირველი ტური
ნამიბია - რუმინეთი 21:17
არგენტინა A - იტალია A 20:22
შოტლანდია A - საქართველო 21:22
1. ნამიბია | 1 | 1 | 0 | 0 | 21-17 | 4 |
2. იტალია A | 1 | 1 | 0 | 0 | 22-20 | 4 |
3. საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 22-21 | 4 |
4. შოტლანდია A | 1 | 0 | 0 | 1 | 21-22 | 1 |
5. არგენტინა A | 1 | 0 | 0 | 1 | 20-22 | 1 |
6. რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 17-21 | 1 |
მეორე ტური. 15 ივნისი
იტალია A - საქართველო (16:00. თბილისის დრო)
შოტლანდია A - ნამიბია (18:00)
რუმინეთი - არგენტინა A (20:00)
მესამე ტური. 20 ივნისი
საქართველო - ნამიბია (16:00)
იტალია A - რუმინეთი (18:00)
არგენტინა A - შოტლანდია A (20:00)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია