ამბები

19:34 | 12.06.2010 | ნანახია 1801 - ჯერ

ევროპა სამხრეთს ისევ ვერ მიუახლოვდა

ივნისის ტესტების პირველ სათამაშო დღეს, სამხრეთ ნახევარსფეროს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ევროპული გუნდები და რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში პოზიციები გაიმყარეს.
ვერავინ იტყოდა, ირლანდია ახალ ზელანდიას მოუგებსო, მაგრამ ასეთი ანგარიში - 28:66, მაინც დიდი მოულოდნელობა იყო. დიდი სხვაობა ჰისლოპის ნაადრევმა წითელმა და ოგარას ყვითელმა ბარათმა განაპირობა. მე-16 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პირველმა მოწინააღმდეგეს მუხლი თავში განზრახ უთავაზა და წითელი ბარათი დაიმსახურა, ოგარამ კი ყვითელი ბარათი 25-ე წუთზე იხილა და ირლანდიელები 10 წუთით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ.
ზელენდიელები ჯარიმით დაწინაიურდნენ, მე-13 წუთზე კი ლელო-გარდასახვა გაიტანეს და ანგარიში 10:0 გახდა. 22-ე წუთზე “ოლ ბლექსმა” მეორე ლელო დადო, რასაც კარტერმა ზუსტი გარდასახვა დაურთო და სანაკრებო კარიერაში 1000 ქულა მოინაგრა. ამას ოგარას ყვითელი მოყვა და სანამ ევროპელები ორკაცნაკლულები იბრძოდნენ, ზელანდიელებმა სამი ლელო გაიტანეს - 38:0 დაწინაურდნენ. მატის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ოგარას მოედანზე დაბრუნების შემდეგ ლაღი რაგბი გაჩაღდა. დარჩენილ დროში ორივე გუნდმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანა და სწორედ კაცნაკლული ირლანდიელების ასეთი თავდადება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თანატოლ პირობებში სხვაობა ასეთი დიდი არ იქნებოდა. “შავებმა” სულ ცხრა ლელო გაიტანეს - ორ-ორი სმიტმა, კოუენმა და უაიტლოკმა, ხოლო რიდმა, ბენ ფრანკსმა და ტიალატამ თითო-თითო. აქედან, კარტერმა რვა გარდასახვა გამოიყენა და ერთხელაც ჯარიმიდან იხეირა, მეცხრე გარდასახვა კი ზუსტად ვეეპუმ შეასრულა. ირლანდიელთა ლელოები ტუოჰიმ, ოდრისკოლმა, ბოუემ და დარსიმ მიითვალეს, რომელთაგან სამო ოგარამ, ერთი კი სექტონმა გარდასახეს.
ზემოთ კარტერი ვახსენეთ, რომელიც მეოთხე მორაგბე გახდა, ვინაც სანაკრებო შეხვედრებში 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. კარტერის ანგარიშზე ახლა 1011 ქულაა და მან ერთი ქულით გადაასწრო არგენტინელ დიეგო დომინგესს. პირველ ადგილს 1175 ქულით ინგლისელი ჯონ უილკინსონი იკავებს, მეორე კი ნილ ჯენკინსია (1049 ქულა).
ევროპელთათვის ნამუსის შენახვის ყველაზე კარგი შანსი ინგლისის ნაკრებს ჰქონდა, რომელიც ავსტრალიასთან 17:27 დამარცხდა. ავსტრალიელები შერკინების ხაზის მოთამაშეების ძიებაში არიან და ჯერ ვერ დალაგდნენ, მაგრამ მათი გარჯა ინგლისის ძლევისათვის მაინც საკმარისი აღმოჩნდა. სამივე ლელო ავსტრალიელთა კარგ შეტევებს მოყვა. ისინი კარგად იყენებდნენ ფლანგებს, საჭირო დროს, მორაგბეები აჩქარებას არ აგვიანებდნენ და შედეგიც სახეზეა. ინგლისელები უპირატესობას ფეხით თამაშს ანიჭებდნენ, მაგრამ ამან შედეგი ვერ მოიტანა.
ავსტრალიელებმა პირველ ნახევარში ორი ლელო გაიტანეს და ნახევარი 14:0 მოიგეს, მეორე ტაიმში მონაგარს კიდევ ერთი ლელო შემატეს, ბოლოს კი, როდესაც ყვითელის გამო კაცნაკლულნი იყვნენ, ორი ჯარიმა გამოიყენეს და ინგლისელებს მატჩის გადარჩენის იმედი მოუსპეს. ავსტრალიელთაგან ლელოები კუპერმა (2) და ელსომმა გაიტანეს, ოკონერიმ სამივე გარდასხვა გამოიყენა, ერთიც ჯარიმა გაიტანა, მეორე ჯარიმა კი კუპერმა მიითვალა. ზემოთ ავსტრალიის სუსტი შერკინება ვახსენეთ, ჰოდა მათ ინგლისელებს რომ ვერ გაუძლეს, ორი საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, ფლუდმა კი ორივე გარდასახვა გამოიყენა და ერთი ჯარიმა გაიტანა.
სანამ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები საფრანგეთისას შეხვდება, მანამდე ამ ქვეყნების მორაგბეთა ნაკრებების ჯახი გაიმართა და აფრიკელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ხუთი წელი ელოდა სამხრეთ აფრიკა ფრანგთა ძლევას. ბოლო ცხრა შეხვედრაში, მათ ფრანგებს მხოლოდ ორჯერ მოუგეს და ერთხელაც ფრედ ეთამაშნენ, მაგრამ ახლა, მეტოქის 42:17 დამარცხებით, მთელი წყენა ერთიანად ამოიღეს.
თამაში აფრიკელთა უპირატესობით დაიწყო და ორი ლელოც სწრაფადვე გაიტანეს, რასაც რეალიზაციასთან ერთად, ორი ჯარიმაც დაურთეს. ფრანგებმა საპასუხო ლელო მიითვალეს და იმედი გაუჩნდათ, მაგრამ მალევე, მსოფლიოს ჩემპიონმა ევროპელებს მესამე ლელო უძღვნა. მეორე ნახევარში აფრიკის ჯარიმას და ორ ლელოს, ფრანგებმა მხოლოდ ერთი, მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი უპასუხეს და ანგარიში ოდნავ შეალამაზეს. აფრიკელთა ლელოები ეპლონმა (2), ლოუმ, სპეისმა და სტინკემპმა მიითვალეს. სამი გარდასახვა და სამი ჯარიმა მორნი სტეინმა გამოიყენა, ერთი გარდასახვა კი პიენაარის ანგარიშზეა. ფრანგთა ლელოები ანდრო და როჯერმა ჩაიწერა, გარდასახვები მორგან პარამ და სკრელამ, კიდევ ერთი ჯარიმა კი პარას ანგარიშზეა. ქართული წარმოშობის ფრანგმა დიმიტრი იაშვილმა, მოედანზე სულ რვა წუთი გაატარა. ის შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შეხვედრის დასრულებამდე სინბინში იჯდა.
ერთი მატჩი გაიმართა წყნარი ოკეანის ქვეყნების თასის გათამაშებაში. ფიჯიმ იაპონიას უმასპინძლა და 22:8 დაამარცხა. მეორე შეხვედრა ხვალ გამთენიისას შედგება და მასში სამოა ტონგას დაუხვდება. ეს თამაში ქართველთათვის იმითაა საინტერესო, რომ მისი შედეგი რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგზე აისახება, სადაც მე-15 ადგილზე მყოფი ტონგა, საქართველოს ნაკრებს 0,02 ქულით უსწრებს და მარცხის შემთხვევაში “ბორჯღალოსნებს” რეიტინგში ადგილს გაუცვლის.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.157704