ამბები

22:57 | 12.06.2010 | ნანახია 2103 - ჯერ

7-კაცა მოსკოვში მიდის

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, კვიპროსის ქალაქ პაპოსში მიმდინარე ევროპის სერიის დასკვნითი ეტაპის ჯგუფური ტურნირის 4 შეხვედრიდან 3 მოიგო, პირველ-მეორეობა გაინაღდა და ხვალ თასის ნახევარფინალში ითამაშებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივლისში მოსკოვში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე უცილობლად მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ეტაპი ექვს სერიად იმართება და თითოეული ევროპული გუნდი ორ მათგანში მონაწილეობს. თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდები ჩასათვლელ ქულებს იღებენ, რომელთა ჯამით დგინდება ის 12 საუკეთესო ნაკრები, რომლებიც ევროპირველობაზე ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებმა ოდესის ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა. კუნძულ კვიპროსზე კი, ჯგუფურ ეტაპზე, ხორვატიის ნაკრები 38:0 დაამარცხა, მალტა 56:0, ხოლო სერბეთი 64:0 გაანადგურა. პორტუგალიის ძლიერ გუნდს, რომელიც ევროპის 7-გზის ჩემპიონია, ქართველებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს და 26:35 დამარცხდნენ.
ახლა კახა ალანიას შეგირდები 10 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. ხვალ პორტუგალიის ნაკრები ხორვატებს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილს დაიკავებს, ხოლო თუ ხორვატებმა მოიგეს, პირველი ადგილი საქართველოს დარჩება.
ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე საფრანგეთის, ან გერმანიის ნაკრები იქნება. მეორე ჯგუფში, გერმანელებმა 4 მატჩიდან 2 მოიგეს, ორში დამარცხდნენ და ახლა მე-2 ადგილზე არიან. პირველზე საფრანგეთია, რომელმაც სამიდან 3 შეხვედრა მოიგო და ხვალ კვიპროსს ეთამაშება. თუ მასპინძლებმა გაიმარჯვეს, მაშინ საქართველოს მეტოქე საფრანგეთი იქნება, თუ არა და გერმანელებთან მოგვიწევს ფინალის საგზურისთვის ბრძოლა.
ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077587