ამბები

23:57 | 13.06.2010 | ნანახია 3016 - ჯერ

ტონგას მარცხმა “ბორჯღალოსნები” მე-15 ადგილზე “გადაისროლა”

წყნარი ოკეანის ქვეყნების თასის გათამაშების პირველ ტურში, ტონგას სარაგბო ნაკრებმა სამოას დედაქალაქ აპიაში მასპინძელთა გუნდთან 23:24 წააგო, რაც იმის მომასწავებელია, რომ დღეს გამოსაქვეყნებელ რაგბის საერთაშირისო საბჭოს (IRB) რეიტინგში მე-15 ადგილს დაემშვიდობება, ოკეანელთა კუთვნილ პოზიციას კი საქართველოს ეროვნული გუნდი დაიკავებს.
მეზობელთა შერკინება ძალიან დაძაბული გამოდგა. ტონგელებს წყნარი ოკეანის თასზე სამოელთათვის არასოდეს მოეგოთ და ამჯერადაც დამარცხდნენ, თუმცა, “ოლ ბლექსის” ყოფილი მოთამაშის, აწ კი გამწვრთნელებული ისიტოლო მაკას ხელმძღვანელობით, მასპინძელთათვის ნერვიულობა არ დაუკლიათ.
ტონგელთა რიგებში საუკეთესო კურტ მორატი (13 ქულა) გახლდათ, რომელმაც ბოლო წუთებისკენ ალასკა ტაუფას ლელო გარდასახა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა, სტუმრებს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.
სამოას გამარჯვებაში ლომის წვლილი IRB-ს მიერ წლის საუკეთესო მოშვიდკაცედ აღიარებულმა მიკაელე პესამინომ დაიდო, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ლელო დადო, შემდეგ კი ირლანდიელმა რეფერიმ მასპინძლებს საჯარიმო ლელოც ჩაუთვალა.
პირველი ტურის საწყის მატჩში ფიჯიმ იაპონიას 22:8 სძლია. 19 ივნისს ტონგელები სწორედ ფიჯის გაეჯიბრებიან, სამოა კი აპიაშივე იაპონიას უმასპინძლებს.
როგორც თავში აღვნიშნეთ, ტონგელთა მარცხი ფრიად მომგებიანი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის. სამოასთან მარცხის გამო, ტონგელებს 67.80 ქულა გაუხლდათ და “ბორჯღალოსანთა” უკან აღმოჩნდნენ, რომელთა აქტივშიც 68.09 ქულაა. ქართველი მორაგბეების მორიგი სამიზნე კანადის ნაკრებია, რომელიც 69.43 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
რეიტინგში საკმაო ქულები შეიმატა შოტლანდიის სარაგბო ნაკრებმაც, რომელმაც არგენტინის ქალაქ ტუკუმანში კლასიფიკაციაში მე-6 საფეხურზე მყოფ მასპინძლებს 24:16 მოუგო. ცნობისთვის, ამ დროისთვის სქოთთა გუნდი რეიტინგში მეცხრეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085621