ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ჩერჩილის თასის” ფინალში, მთავარი პრიზისათვის კანადის მორაგბეთა ეროვნული და ინგლისის A ნაკრებები იბრძოლებენ.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში, რომლებსაც ფინალისტები უნდა გამოევლინა, ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმართა. მასპინძელთა გუნდმა ინგლისის A ნაკრებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 9:32 დამარცხდა, აი კანადასა და ფრანგ რეზერვისტებს შორის გამართულ მატჩს კი დაძაბულობა არ აკლდა - კანადელებმა ევროპელებს 33:27 აჯობეს.
ინგლისელებმა მოწინააღმდეგე პირველივე წუთებიდან შეავიწროვეს და მეშვიდე წუთისათვის ორი ჯარიმით 6:0 დაწინაურდნენ, წუთნახევარში კი, მათმა უკანა ხაზმა გაინავარდა და ხუთი იდეალური გადაცემის შემდეგ, ალამთან ლელო გავიდა. ამერიკელებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ინგლისმა აუტი სწრაფად გაითამაშა და სანამ მასპინძლები გონს მოეგებოდნენ, ინგლისმა მეორე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა - 18:3. შესვენებამდე აშშ-ს ნაკრებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, მეორე ტაიმი კი ჯარიმიდან კვლავ მათი ზუსტი დარტყმით დაიწყო და ჩამორჩენა 9 ქულამდე შემცირდა. მაგრამ ამერიკელებმა მეტი ვეღარ შეძლეს, ინგლისმა კი, მონაგარს კიდევ 14 ქულა შემატა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
“თამაშით კმაყოფილი ვარ. წინა შეხვედრასთან შედარებით, შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განვახორციელე და რამდენიმე ახალი კომბინაცია დავამუშავეთ. უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. ჩემმა შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ როდესაც შეცდომა მოგდის ისეთ პროფესიონალებთან, როგორებიც ინგლისელები არიან, წინასწარვე ცხადია, ის რითიც დასრულდება” - განაცხადა ნამატჩევს ამერიკელთა ირლანდიელმა დამრიგებელმა ედი ოსალივანმა.
მეორე მატჩში კანადელებმა საფრანგეთის A ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 33:27 აჯობეს და “ჩერჩილის თასის” ფინალში პირველად გავიდნენ. ფრანგები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, რაზეც კანადელებმა ლელოთი უპასუხეს და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ 7:6 დაწინაურდნენ. ამას ევროპელთა სწრაფი ლელო მოყვა, რასაც გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც დაერთო, ჩრდილოამერიკელებმა კი შესვენებამდე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი ფრანგებმა 16:10 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში, კანადელებმა 55 და 47 მეტრიდან, ორი საოცარი ჯარიმა გაიტანეს, რითიც წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ერთ წუთში ფრანგები გატანილი ჯარიმით კვლავ წინ გაიჭრნენ. მეორე ტაიმის შუაწელში მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. 52-ე წუთზე, კანადელები ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ზუსტი რეალიზაცია დაურთეს, მაგრამ ათ წუთში თავიანთი ლელო ფრანგებმაც გაიტანეს - 24:23. ერთ წუთში კანადელებმა ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნეს, 68-ე წუთზე კი, 50 მეტრიდან ჯარიმა უკვე ფრანგებმა გაიტანეს - 27:26. შეხვედრის ბედი 75-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც კანადამ თავისი მესამე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 33:27 დაწინაურდა. დარჩენილ დროში კანადელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ფრანგები 6 ქულას აგებდნენ და მხოლოდ ლელო თუ უშველიდათ, ამიტომ, კარში არ ურტყეს, მაგრამ ხელით შეტევაც უშედეგოდ დასრულდა და კანადა “ჩერჩილის თასის” ფინალში პირველად ითამაშებს, საფრანგეთის A ნაკრები კი, მესამე ადგილისთვის მასპინძელთა გუნდს შეხვდება. ჯგუფის ნაბოლარები - რუსეთი და ურუგვაი, ტურნირის დასკვნით დღეს ერთმანეთში ბოლოსწინა, მეხუთე ადგილს გაითამაშებენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია