ამბები

15:51 | 14.06.2010 | ნანახია 1595 - ჯერ

ევროპის სახელს ინგლისელი ახალგაზრდები დაიცავენ

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასისათვის, სამ სამხრეთულ გუნდთან ერთად, ერთი ევროპული - ინგლისის ნაკრები იბრძოლებს.
A ჯგუფში, 20-წლამდელების გასული პირველობის გამარჯვებულმა ახალმა ზელანდიამ, ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა. დასკვნით შეხვედრაში, ზელანდიელებმა უელსი 43:10 დაამარცხეს და პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელო პირველსავე ტაიმში გაიტანეს. სულ ახალმა ზელანდიამ 6 ლელო მიითვალა, უელსმა კი - ერთი. ამავე ჯგუფში, სამოამ ფიჯის ოთხი ჯარიმა გაუტანა, მაგრამ, ფიჯელებმა პირველ ტაიმში გატანილ ჯარიმას, მეორე ნახევარში ორი ლელო მიამატეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და 15:12 მოიგეს.
B ჯგუფში ინგლისმა და საფრანგეთმა ნამდვილი ბრძოლა მეორე ნახევარში გამართეს. პირველი ტაიმი ფრანგებმა 6:3 მოიგეს, მათ ორ ჯარიმას ინგლისელებმა ერთით უპასუხეს. მეორე ნახევრის შუაწელს, ინგლისმა ჯერ ჯარიმა, მერე კი ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა, შემდეგ კი ორი ჯარიმა გაუფუჭდა. იქვე, ფრანგებმაც ჯარიმა ააცილეს და ინგლისმა 73-ე წუთზე უპირატესობა არეკნით გაზარდა. საფრანგეთმა ჯარიმით, ჩამორჩენა ხუთ ქულამდე ორ წუთში დაიყვანა, მაგრამ ინგლისმა მიწურულს ერთი ჯარიმით კიდევ იხეირა და 17:9 იმარჯვა. მასპინძელმა არგენტინამ, ტრადიციულად, ახლაც მაგრად იომა და ირლანდიას ერთით მეტი ჯარიმა გაუტანა, მეტოქეს 24:21 აჯობა და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო. გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, თითო-თითო გარდასახვა გამოიყენეს, სამ-სამჯერ ჯარიმიდან ზუსტად დაარტყეს, მაგრამ, პირველი ტაიმის მიწურულს, არგენტინელებმა არეკნიც შეაგდეს და გულშემატკივარი გაახარეს.
C  ჯგუფის მთავარი ჯახი, სამხრეთულ გიგანტებს შორის, საინტერესო სანახავი გამოდგა. სამხრეთ აფრიკამ და ავსტრალიამ ერთურთს ხუთ-ხუთი ლელო გაუტანეს, მაგრამ ავსტრალიამ მხოლოდ ორი რეალიზაცია გამოიყენა, საბოლოოდ ავსტრალიამ 42:35 მოიგო. მარცხის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკამ ორი პრემიალური ქულა მიიღო, ერთი, ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ერთიც 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის და თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. შოტლანდიამ ტონგა 27:3 კი დაამარცხა, მაგრამ მაინც უარეს მესამეადგილოსნებს შორის დარჩა და ახლა, იმავე ტონგასთან, IX ადგილის ნახევარფინალში, ანუ, უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.
მაშ ასე, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასისთვის ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ინგლისი იბრძოლებენ. უელსი, არგენტინა, საფრანგეთი და ფიჯი ერთურთს მეხუთე ადგილს შეეცილებიან, ირლანდია, სამოა, შოტლანდია და ტონგა კი, ეცდებიან, რომ საგაისოდ კვლავ უძლიერესთა შორის იბურთავონ.

A ჯგუფი
ახალი ზელანდია - უელსი 43:10
სამოა - ფიჯი 12:15

1  ახალი ზელანდია 3 3 0 0 164-28 15
2  უელსი 3 2 0 1 63-59 8
3 ფიჯი  3 1 0 2 29-87 4
4 სამოა  3 0 0 3 32-114 1

B ჯგუფი
ინგლისი - საფრანგეთი 17:9
არგენტინა - ირლანდია 24:21

1  ინგლისი 3 3 0 0 101-52 13
2  საფრანგეთი 3 2 0 1 65-32 9
3 არგენტინა 3 1 0 2 69-100 4
4 ირლანდია 3 0 0 3 64-85 2

C  ჯგუფი
შოტლანდია - ტონგა 27:3
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 35:42

1  ავსტრალია 3 3 0 0 167-53 15
2 სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 148-56 12
3 შოტლანდია 3 1 0 2 40-134 4
4 ტონგა 3 0 0 3 22-134 0


ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
ირლანდია - სამოა
შოტლანდია - ტონგა
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
უელსი - არგენტინა
საფრანგეთი - ფიჯი
თასის ნახევარფინალები
ავსტრალია - ინგლისი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083833