როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე იუწყებოდა, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა წინსვლა განიცადა და პლანეტის მე-15 გუნდის სტატუსი მოიპოვა. აღნიშნული ოფიციალურად დღეს გაცხადდა, როდესაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.
“ბორჯღალოსანთა” დაწინაურება ტონგას ნაკრების წაფორხილებამ განაპირობა. წყნარი ოკეანის ქვეყნების თასზე მოთამაშე ტონგელებმა სამოასთან დრამატულ მატჩში 23:24 წააგეს და მეთხუთმეტედან მეჩვიდმეტე პოზიციამდე დაქვეითდნენ, წინ კი საქართველოსა და აშშ-ს გუნდები გაუშვეს.
ჩვენი ნაკრების აქტივში 68.09 ქულა რჩება, თუმცა, ცვლილებებს მიმდინარე კვირასვე უნდა ველოდეთ. IღB-ს მიერ ორგანიზებულ “ერთა თასზე” “ბორჯღალოსნები” ხვალ იტალიის A გუნდს ეთამაშებიან და ამ მატჩის შედეგი რეიტინგში არ აისახება, 20 ივნისს ნამიბიასთან დაგეგმილ თამაშს კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
პირველ რიგში ის აღვნიშნოთ, რომ აპენინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველ მორაგბეებს ნამიბიელთა დამარცხება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურინირის ჩემპიონის წოდებას მოუტანს და მეორეც, კავკასიურ-აფრიკული დაპირისპირების შედეგი კლასიფიკაციაზეც იქონიებს გავლენას.
თუკი საქართველოს ნაკრები მცირე სხვაობით გაიმარჯვებს, ჩვენი გუნდი 0.289 ქულას შეიმატებს, 15 ქულაზე მეტით მოგება კი “ბორჯღალოსნებს” 0.433 ქულას მოუტანს. ვერცერთ ამ შემთხვევაში, ქართველები მე-14 ადგილზე მყოფ კანადას (69.43) ვერ გადაასწრებენ, თუმცა, უმთავრეს სამიზნედ ქცეულ მეტოქესთან ჩამორჩენას კი შეამცირებენ.
ღმერთმა არ ქნას და თუკი, ტიმ ლეინის შეგირდებმა ნამიბიასთან მარცხი განიცადეს, ერთბაშად 1.711 ქულას (15 ქულაზე მეტით წაგების შემთხვევაში – 2.567 ქულას) დაემშვიდობებიან და მე-17 პოზიციამდე დაქვეითდებიან.
სწორედ ნამიბიასთან სენსაციურმა მარცხმა (17:21) ძალიან აზარალა “ერთა თასის” მასპინძელი რუმინეთი, რომელმაც მე-18 ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, ერთბაშად 2.00 ქულა მოაკლდა და მე-17 საფეხურამდე დაქვეითებულ ტონგასთანაც კი საგრძნობი სხვაობა აშორებს.
განახლებულ რეიტინგში, მიუხედავად მარცხისა, წინსვლა განიცადა ინგლისის ნაკრებმა. “ვარდები” ავსტრალიურ “სუბიაკო ოვალზე” მასპინძლებთან 17:27 დამარცხდნენ, თუმცა, ვინაიდან არგენტინამ მშობლიურ “ესტადიო ხოსე ფიეროზე” შოტლანდიასთან 16:24 წააგო, “პუმებს” მე-6 პოზიცია აართვეს.
1 (1). ახალი ზელანდია 91.68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89.46
3 (3). ავსტრალია 85.71
4 (4). საფრანგეთი 84.91
5 (5). ირლანდია 82.61
6 (7). ინგლისი 79.95
7 (6). არგენტინა 78.89
8 (8). უელსი 78.58
9 (9). შოტლანდია 78.47
10 (10). ფიჯი 76.07
11 (11). იტალია 72.97
12 (12). სამოა 72.39
13 (13). იაპონია 70.42
14 (14). კანადა 69.43
15 (16). საქართველო 68.09
16 (17). აშშ 67.86
17 (15). ტონგა 67.81
18 (18). რუმინეთი 65.10
19 (19). რუსეთი 64.64
20 (20). ურუგვაი 62.37
21 (21). პორტუგალია 61.27
22 (22). ნამიბია 60.98
23 (23). ესპანეთი 57.70
24 (24). ჩილე 56.97
25 (25). ყაზახეთი 55.38
26 (26). ბელგია 55.36
27 (27). ბრაზილია 54.56
28 (28). უკრაინა 54.35
29 (29). ტუნისი 54.20
30 (30). გერმანია 53.22
19 ივნისი
ახალი ზელანდია – უელსი
ავსტრალია – ინგლისი
სამხრეთ აფრიკა – იტალია
არგენტინა – შოტლანდია
სამოა – იაპონია
ფიჯი – ტონგა
საქართველო – ნამიბია
ახალი ზელანდია – უელსი
ავსტრალია – ირლანდია
სამხრეთ აფრიკა – იტალია
არგენტინა – საფრანგეთი
სამოა – ფიჯი
იაპონია – ტონგა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია