ამბები

10:18 | 15.06.2010 | ნანახია 8320 - ჯერ

გადამწყვეტს გაძლიერებული ვხვდებით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე IRB-ს ერთა თასის მეორე რაუნდს, რომელიც შესაძლოა მთავარი პრიზის მოგების კუთხით გადამწყვეტი აღმოჩნდეს, პირველ მატჩთან შედარებით გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ამ ტურნირის გამარჯვებული შოტლანდიის A ნაკრები 22:21 დაამარცხა, ხოლო იტალიის A გუნდმა არგენტინის A ნაკრებს 22:20 სძლია, ეს გუნდები სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ და გამარჯვების მთავარი ფავორიტები გახდნენ. ეს ვერ გათვალეს ტურნირის ორგანიზატორებმა, რომლებმაც მე-3 ტურში გადამწვეტ ჯახად შოტლანდიელთა და არგენტინელთა დაპირისპირება დანიშნეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის და მისი გულშემატკივარისთვის ამით არაფერი იცვლება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მომავალი შეხვედრის წინ ერთგვარი შევსება მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმაც შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოახდინა. რატომღაც, განაცხადში ვერ მოხვდა 15 ნომერი ირაკლი ყიასაშვილი, რომელმაც შოტლანდიასთან მატჩში დარტყმა არ გააცუდა, 5 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გამოიყენა და “ბორჯღალოსნებს” 17 ქულით შეეწია. მის ადგილს გამოცდილი მალხაზ ურჯუკაშვილი დაიკავებს, რომელიც პირველი მატჩისას განაცხადშიც არ იყო. წინა ჯახისგან განსხვავებით, უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა - რევაზ გიგაური გიგა კორკელიამ ჩაანაცვლა, ვინაც შოტლანდიასთან შეცვლაზე ითამაშა.
10 ნომერზე ლაშა ხმალაძის ადგილს დაიკავებს მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე ხმალაძე, ვინაც შოტლანდიასთან ითამაშა, მაგრამ მაშინ “მეკო” ნაკრების განაცხადში საერთოდ არ ყოფილა. ამრიგად, აღდგა ის 10-15 ნომრის კავშირი, კვირიკაშვილი-ურჯუკაშვილი, რომელმაც ეს ფუნქცია ტრაბზონში, რუსებთან მოგებული მატჩისას ბრწყინვალედ შეასრულა.
ცვლილებებია ფორვადებშიც. ნაკრებს შეუერთდა და შერკინების პირველ ხაზში დადგება ირაკლი ნატრიაშვილი, ასევე, პირველსავე წუთებიდან საქმეში ჩაერთვება ვასილ კაკოვინი, რომელმაც შოტლანდიასთან შეცვლაზე ითამაშა. მეორე ხაზში ძირითად შემადგენლობაში იწყებს თამაშს კოტე მიქაუტაძე, მესამე ხაზში კი, გამოჩნდა დავით ბოლღაშვილი და ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს შოთა საყვარელიძე.
იტალიელებმა პირველ შეხვედრაში არგენტინის წინააღმდეგობა გაჭირვებით გატეხეს. საწყის ოც წუთში, მათ მეტოქის აუტი ოთხჯერ მოიგეს და სავარაუდოდ, ამ კომპონენტში მართლაც ძლიერები არიან. კარგად იდგა მათი შერკინებაც. იტალიელებს რაქიდან ბურთი სწრაფად გაქონდათ, მათი 15 ნომერი კი, ფეხით 60-70 მეტრის სიშორეზე კარგად ურტყამდა.
საქართველოს ეროვნული და იტალიის A ნაკრებები, ერთმანეთს აქამდე სამჯერ შეხვედრიან. სწორედ რუმინეთში გამართულ ტურნირზე, 2007 წელს საქართველოს ნაკრებმა იტალიის მეორე გუნდს 22:20 აჯობა, მომდევნო გათამაშებაში კი სულაც 25:3 დაიბრიყვა. გასული წლის ნოემბერში, ქართველები იტალიელებს მათსავე მოედანზე ეთამაშნენ და 7:8 დამარცხდნენ.
თუ დღევანდელი დაპირისპირება საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, მაშინ, ბოლო ტურში ნამიბიის ეროვნული ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” IRB-ს ერთა თასს პირველად მოიპოვებენ. აქამდე, მათ რუმინეთში ჯერ მე-3, მერე კი მე-2 ადგილი დაიკავეს.

 

15 ივნისი. სამშაბათი
IRB-ს ერთა თასი. რუმინეთი. ბუქარესტი.
“ტრიუმფალური არკა”
იტალია A - საქართველო (16:00 საათი)
საქართველო:
1. დადუნაშვილი დავითი, 2. ნატრიაშვილი ირაკლი, 3. კაკოვინი ვასილი, 4. სუთიაშვილი შალვა, 5. მიქაუტაძე კონსტანტინე, 6. საყვარელიძე შოთა, 7. თავართქილაძე ლაშა, 8. ბოლღაშვილი დავითი; 9. სამხარაძე ბიძინა, 10. კვირიკაშვილი მერაბი, 11. ჩხიკვაძე ირაკლი, 12. კორკელია გიგა, 13. ზიბზიბაძე თედო (კაპიტანი), 14. თოდუა ალექსანდრე, 15. ურჯუკაშვილი მალხაზი.
სათადარიგოები: 16. ასეიშვილი კარლენი, 17. შეყლაშვილი ბექა, 18. უჩავა კახა, 19. კოლელიშვილი ვიტო, 20. როხვაძე გიორგი, 21. გიგაური რეზო, 22. ხმალაძე ლაშა.
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შოტლანდია A - ნამიბია (18:00)
რუმინეთი - არგენტინა A (20:00)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082511