საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუაქრესტში მიმდინარე IRB-ს ერთა თასზე შესუსტებული შემადგენლობით გამოდის, იტალიის A ნაკრებს უფრო ცნობილი მორაგბეებით დაუპირისპირდა, ვიდრე პირველ ტურში შოტლანდიის A გუნდს, მაგრამ მეტოქის წინააღმდეგობა ამჯერად ვერ დაძლია და 3:21 დამარცხდა.
პირველი მატჩის მსგავსად, ქართველებმა ახლაც 21 ქულა მიიღეს, მაგრამ საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახეს და მხოლოდ ჯარიმები გაუშვეს. მერაბ კვირიკაშვილმა “ბორჯღალოსნებს” 3 ქულა ჯარიმიდან შესძინა, მაგრამ მანმადე ორი გასატანი ჯარიმა გაუცუდდა. მატჩის მიწურულს ქართველებმა ლელოს გატანაც მოახერხეს, თუმცა, რეფერი მის სამართლიანობაში ვერ დარწმუნდა და რადგან ვიდეორეფერი არ იყო, ის არ ჩათვალა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც პირველ მატჩში შოტლანდიას 22:21 მოუგო, გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა. დასკვნით ტურში, ქართველები ნამიბიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. ეს მატჩი ტესტედ განიხილება, მისი შედეგი მსოფლიო რეიტინგზე აისახება და “ბორჯღალოსნებს” მასში უცილობლად გამარჯვება მართებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია