დისციპლინა უპირველეს ყოვლისა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე IRB-ს ერთა თასზე თამაშობს, მეორე მატჩი პირველისგან განსხვავებით ძალზედ ცუდად ჩაატარა და იტალიის A ნაკრებთან 3:21 დამარცხდა. როგორც ჩანს, პირველ შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებთან ჩატარებულმა კარგმა მეორე ტაიმმა, ქართველთა ენერგია შთანთქა და იტალიელებმაც “ბორჯღალოსანთა” დამარცხება პრაქტიკულად უპრობლემოდ მოახერხეს.
შვიდი გაშვებული ჯარიმა და 20 წუთით კაცნაკლული თამაში. ეს იმ უდისციპლინობის შედეგია, რომელიც ტიმ ლეინის შეგირდებმა აჩვენეს და რეფერიმ ქართველთა კაპიტანი გააფრთხილა კიდეც, რომ განზრახ დაჯარიმების შემთხვევაში, ქართველთა კაცნაკლულად დატოვებას არ მოერიდებოდა. მეტი მორაგბის გაძევება საჭირო აღარ გახდა, მაგრამ იტალიელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე და ტურნირის ერთ-ერთ ლიდერებად იქცნენ.
არადა, შოტლანდიის A ნაკრებთან 22:21 მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ოთხი გამოცდილი მორაგბე დაემატა და იყო მოლოდინი, რომ იტალიელთა დამარცხება, რომლებიც ამავე ტურნირზე აქამდე ორჯერ გვყავს დამარცხებული, მოულოდნელობა არ იქნებოდა. თუმცა, ლეინს ცვლილებებმა არ გაუმართლა. საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ნელი, ძალიან ცუდი რაგბი. არ ვარგოდა შერკინება, დერეფანი, უკანა ხაზი და ფეხით თამაშა. ამას ზემოთნახსენები უდისციპლინობა დაემატა და შედეგიც სრულიად ლოგიკური გამოდგა.
შეხვედრის დებიუტი მერაბ კვირიკაშვილი ვალდებული იყო ანგარიში გაეხსნა, მაგრამ დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმა არაზუსტად შეასრულა. მე-7 წუთზე იტალიელებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღეს და სალელოვე შეტევა წამოიწყეს, ირაკლი ჩხიკვაძემ ის აკრძალული ხერხით შეაჩერა, თავად ყვითელი ბარათი მიიღო, არგენტინული წარმოშობის ლუჩიანო ორკერამ კი ჯარიმა გაიტანა. სამ წუთში ქართველები თამაშგარედან თამაშისთვის კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და ორკერამ საკუთარი გუნდის უპირატესობა ექვსამდე გაზარდა.
პირველივე წუთებზე გამოიკვეთა, რომ ქართველთა დერეფანი არადამაჯერებლად თამაშობდა. თუ “ბორჯღალოსნები” მის მოგებას ახერხებდნენ, შეტევის განვითარებას იტალიელები უშლიდნენ ხელს, თუ არა და ბურთი მეტოქეს რჩებოდა. “სკუადრა აძურა” ქართველთა ერთ-ერთ მთავარ კოზირ მოლს, თავად კარგად იყენებდა, სწორედ მოლში არასწორი თამაშისას, ლეინის შეგირდები ტაიმის შუაში დაჯარიმდნენ და ორკერას დარტყმული ამჯერად ძელმა აისხლიტა. ერთ წუთში ურჯუკაშვილმა ბედი არეკნიდან სცადა, მაგრამ მიზანს ვერ უწია.
რადგან ბუქარესტში ძლიერ ცხელოდა, რეფერიმ დასარწყულებელი შესვენება ორივე ტაიმში ორ-ორჯერ დანიშნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ამანაც ვერ უშველა. ნელი, ჯანზე აწყობილი თამაშის 30-ე წუთზე, ქართველებმა დასარტყმელი ჯარიმა აუტში გაიტანეს და ლელოზე ითამაშეს, იტალიელთა ჩათვლის მოედანი ახლოს იყო, მაგრამ ნატრიაშვილი მეტოქის ბლოკირებისთვის დაჯარიმდა და შეტევა ჩაიშალა, მერე კი, ცენტრში ჩვენივე შერკინებისას დავჯარიმდით და ორკერამ 50 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. შესვენებამდე მან ერთხელაც არ დაგვინდო, ამჯერად ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან გაიტანა და იტალიამ ტაიმი 12:0 მოიგო.
მეორე ტაიმი “ბორჯღალოსანთა” აქტიურობით დაიწყო. მათ ხელით ცადეს თამაში, იტალია დაჯარიმდა, მაგრამ კვირიკავილის დარტყმამ კარამდე ვერ მიაღწია, ოთხ წუთში კი, უკვე იტალიამ დაიმსახურა ჯარიმა და ორკერას მისი გატანა არ გაჭირვებია. ორ წუთში მალხაზ ურჯუკაშვილმა დაარღვია წესი, მან სინბინი დაიმსახურა, ორკერა კი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა - 18:0. კაცნაკლულმა ქართველებმა არეკნი სცადეს, კვირიკაშვილს მიზანმა უმტყუნა, მსაჯმა უპირატესობა დაგვიბრუნა და როგორც იქნა, კვირიკაშვილის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. მეორე ნახევრის შუაწელს ორკერამ ჯარიმიდან ერთხელაც იხეირა და ანგარიში 21:3 გახდა.
დარჩენილმა 20-მა წუთმა ქართველთა იერიშებში გაიარა. დასარტყმელი ჯარიმა მათ აუტში გაიტანეს, მაგრამ რა ხეირი, როდესაც ჩვენი აუტების მოგებაც კი ჭირდა. მეტოქე კარგად იდგა დაცვაში და ჩათვლის მოედანთან 5 მეტრამდე მისულ ჩვენებურებს, უკან ახევინებდა. 74-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ლელო მაინც უნდა გაეტანა. იტალიელებმა საკუთარი 22-დან ბურთის ფეხით გატანა განიზრახეს, მაგრამ დაუფარეს, ხმალაძემ ის აიტაცა და გიგაურს გააყოლა, თუმცა, ამ უკანასკნელს კი ბურთი წინ დაუვარდა, არადა ჩათვლის მოედანში მას ხელით თავისუფლად გადადებდა. ლელო მაინც გავიდა. მარცხენა, მოკლე ფრთაზე ჩხიკვაძე გაიჭრა, შებოჭეს, ბურთი როხვაძემ აიტაცა და ლელოში შევიდა, მაგრამ ვიდეორეფერის არასებობის გამო, მსაჯმა ის არ ჩათვალა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მეორე შეხვედრაში პირველი მარცხი განიცადა და თასის მოპოვების შანსს დაემშვიდობა. ბოლო ტურში “ბორჯღალოსნებს” უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით. მათი მეტოქე ნამიბიის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელმაც ჯერ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს, მერე კი შოტლანდიის A გუნდს სძლია და იტალიასთან ერთად გალიდერდა. ეს შეხვედრა რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგშიც აისახება, ამიტომ, ტიმ ლეინს სწრაფად მართებს შეცდომების გამოსწორება.
“მას შემდეგ, რაც პირველ მატჩში შოტლანდიელთა წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, ეს შეხვედრა აშკარად ჩავაგდეთ. ყველა კომპონენტში დავმარცხდით. ვეცადეთ მარტივად გვეთამაშა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ხშირად ვჯარიმდებოდით და უამრავი შეცდომა დავუშვით. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, კონცენტრაცია არ გვეყო. წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა” - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა.
“არც ჩვენ და არც იტალიელებს, კარგი თამაში არ გვიჩვენებია. მოწინააღმდეგემ ყველა შეცდომისთვის დაგვსაჯა და მოგებას არ ვიმსახურებდით. შევეცდებით, რომ დასკვნით მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ” - განაცხადა გუნდის კაპიტანმა თედო ზიბზიბაძემ.
ვუფრთხილდეთ ნამიბიას
ძალიან კარგი გუნდია ნამიბიის ეროვნული ნაკრები და ძალიან გაუჭირდებათ “ბორჯღალოსნებს” მათი დამარცხება. 2007 წლის შემდეგ, სადაც ქართველებმა აფრიკელები დიდი სხვაობით დაამარცხეს, ნამიბიელები საგრძნობლად გაძლიერებულან. აფრიკელებს ჰყავთ ძლიერი შერკინების ხაზი, კარგად აყენებენ მოლს, მობილური და მოძრავია ნამიბიელთა უკანა ხაზი, კარგია ნახევარდაცვა. შოტლანდიელებთან მატჩში კარგად ითამაშეს მათმა 6-მა ნომერმა, გუნდის კაპიტანმა ჟაკ ბურგერმა და 9 ნომერმა ეუგენ ჯენტისმა. კარგი დამრტყმელია ჩრისანდერ ბოთა. ნამიბიამ შოტლანდიას სამი ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ორი გაუშვა და 23:20 დამსახურებულად გაიმარჯვა.
აფრიკელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ისინი ხელით ცდილობდნენ თამაშს, მათ ევროპელებიც აყვნენ და კარგი საყურებელი, სწრაფი რაგბი გაჩაღდა. მე-14 წუთამდე შოტლანდიამ ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანა. ქართველებთან მატჩის მსგავსად, “სქოთები” საწყისი წუთების შემდეგ ახლაც მოდუნდნენ და ბოთამ 45 მეტრიდან ჯარიმით უპასუხა, 25-ე წუთზე კი, ჯენტისმა ბურთი ფეხით გადაკიდა, იღბლიანი რიკოშეტის შემდეგ, ის ცალი ხელით თავადვე აიღო და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა.
შესვენებამდე შოტლანდიამ მონაგარს ჯარიმა შემატა და ტაიმი 13:8 დასრულდა, მეორე ნახევარში კი ნამიბიამ მოუმატა და სიტუაცია რადიკალურად შეაბრუნა. მათი კარგი შეტევა შოტლანდიელებმა ჯარიმით შეაჩერეს და ბოთამ სხვაობა შეამცირა, ხოლო 49-ე წუთზე, ნამიბიელთა შერკინების პირველხაზელი ესტერიუზენი ორ მცველს დაუსხლტა და ლელოთი აფრიკელები დააწინაურა, ბოთამ კი რეალიზაცია გამოიყენა - 18:13. ამის შემდეგ კვლავ აფრიკელები უტევდნენ, მაგრამ ბოლო პასი დააგვიანეს და სალელოვე შეტევა გაანიავეს, 58-ე წუთზე კი, ბურგერმა გადაცემა ჩაჭრა და შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანში დუ პლესს შეატანა. ამჯერად რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა. ბოლოს სქოთებმა გაიბრძოლეს, 73-ე წუთზე მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა - 23:20. ბევრს ეცადა შოტლანდია, საკუთარი 22-დან ხელით შეუტია, ნამიბიის ჩათვლის მოედანს 10 მეტრამდე მიუახლოვდა, მაგრამ წინ ვეღარ წაიწია და მარცხი განიცადა.
დღის დასკვნითი მატჩი წვიმასა და ქარში გაიმართა. არგენტინის A ნაკრებმა პირველ ტაიმში ჯარიმა და ლელო გაიტანა, რუმინეთმა ხუთი ჯარიმა და ერთი არეკნი, მეორე ნახევარში მონაგარს კიდევ ორი ჯარიმა შემატა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
15 ივნისი. სამშაბათი
IRB-ს ერთა თასი. რუმინეთი. ბუქარესტი. “ტრიუმფალური არკა”
იტალია A - საქართველო 21:3 (12:0)
საქართველო: 1. დადუნაშვილი დავითი (16. ასეიშვილი კარლენი 54), 2. ნატრიაშვილი ირაკლი (1. დადუნაშვილი დავითი 59), 3. კაკოვინი ვასილი (17. შეყლაშვილი ბექა 58), 4. სუთიაშვილი შალვა, 5. მიქაუტაძე კონსტანტინე (18. უჩავა კახა 58), 6. საყვარელიძე შოთა (19. კოლელიშვილი ვიტო 47), 7. თავართქილაძე ლაშა, 8. ბოლღაშვილი დავითი; 9. სამხარაძე ბიძინა (20. როხვაძე გიორგი 61), 10. კვირიკაშვილი მერაბი (21. გიგაური რეზო 61), 11. ჩხიკვაძე ირაკლი, 12. კორკელია გიგა (22. ხმალაძე ლაშა 54), 13. ზიბზიბაძე თედო (კაპიტანი), 14. თოდუა ალექსანდრე, 15. ურჯუკაშვილი მალხაზი.
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შოტლანდია A - ნამიბია 20:23 (13:8)
რუმინეთი - არგენტინა A 24:8 (18:8)
1. იტალია A 2 2 0 0 43-23 8
2. ნამიბია 2 2 0 0 44-37 8
3. რუმინეთი 2 1 0 1 41-29 5
4. საქართველო 2 1 0 1 25-42 4
5. შოტლანდია A 2 0 0 2 41-45 2
6. არგენტინა A 2 0 0 2 28-46 1
ბოლო ტური. 20 ივნისი
საქართველო - ნამიბია
იტალია A - რუმინეთი
არგენტინა A - შოტლანდია A
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია