რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე IRB-ს ერთა თასზე, მართალია ფავორიტებად შოტლანდიისა და არგენტინის A ნაკრებები ითვლებოდნენ, მაგრამ ისინი ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილის ფსკერზე არიან, ლიდერებად კი იტალიის A და ნამიბიის ეროვნული გუნდები მოგვევლინენ. მოცემული მომენტისთვის, იტალიელები აფრიკელებს ქულათა უკეთესი სხვაობით უსწრებენ - ევროპელთა ბალანსი მოწინააღმდეგესთან შედარებით +13-ია. ამის გათვალისწინებით, ნამიბიელთა მთავარი მწვრთნელი იოჰან დიერგარტი, მესამე ტურში საქართველოს ნაკრების დიდი სხვაობით დამარცხებას გეგმავს, რათა სამშობლოში ტიტულით ხელდამშვენებული დაბრუნდეს.
საგულისხმოა, რომ IRB-ს ერთა თასზე, აქამდე ნამიბიელებს ქულაც არ ჰქონდათ აღებული, ახლა კი, ჯერ რუმინეთის ეროვნულ გუნდს სძლიეს, მერე შოტლანდიის A ნაკრებს. რაც მთავარია, მათ ორივე თამაში დამსახურებულად მოიგეს. აფრიკელები ძლიერნი არიან შერკინებაში, დერეფანში, კარგი ჰყავთ ნახევარდაცვის და უკანა ხაზი, ასე რომ, ტიმ ლეინსა და მის შეგირდებს, 20 ივნისს, 16:00 საათზე, “ტრიუმფალურ არკაზე” მძიმე ბრძოლა ელით.
“დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ამ ტურნირზე, ბუქარესტში, მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად კი არა, გამარჯვების მისაღწევად ჩამოვედით. მიმაჩნია, რომ გამარჯვება შეგვიძლია და ამაში მთელი ნამიბია მეთანხმება. ის, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით გვყავს დასამარცხებელი, გარკვეული ზეწოლის ქვეშ გვამყოფებს. მიუხედავად ამისა, წინა ორი მატჩის მსგავსად, მხოლოდ მოგებისთვის ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრები ხისტი გუნდია და თავდაუზოგავად იბრძოლებს, მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლებნი” - თქვა დიერგარტმა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია