ამბები

13:52 | 18.06.2010 | ნანახია 1999 - ჯერ

ზელანდიას ავსტრალია ეცილება

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ფინალში, მთავარი პრიზს ზელანდიელებს ამჯერად ავსტრალიელები შეეცილებიან. გასულ წელს, ახალმა ზელანდიამ ფინალში ინგლისი დაამარცხა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიას აჯობა. ახლა გარკვეული გადანაცვლებები მოხდა, თასისთვის ახალი ზელანდია და ავსტრალია იბრძოლებენ, მესამე ადგილისთვის კი, ინგლისს სამხრეთ აფრიკასთან მოუწევს დაპირისპირება.
თასის ნახევარფინალში ჩემპიონი "ოლ ბლექსი" სამხრეთ აფრიკას შეხვდა და მეტოქე  36:7 დაამარცხა. ზელანდიელებმა პრაქტიკულად უპრობლემოდ მოიგეს. შესვენებამდე მათ მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და ერთხელ ჯარიმიდან იხეირეს, რის შედეგადაც 22:0 დაწინაურდნენ. აფრიკელებმა ზედ შესვენების წინ ლელო-გარდასახვით უპასუხეს, მაგრამ მეორე ნახევარში ქულები მხოლოდ ზელანდიამ აგროვა - სამი ჯარიმა და ერთი ლელო გაიტანა და თასის შენარჩუნებისთვის ბრძოლას  განაგრძობს.
შედარებით საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალი. ავსტრალიის ადრეულ ჯარიმას ინგლისმა ლელოთი უპასუხა, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენა. მე-15 წუთზე  თავისი ლელო ავსტრალიამაც გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, ტაიმის შუაწელს კი ინგლისმა ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა - 10:8. შესვენებამდე ავსტრალიელებმა ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით, მონაგარს კიდევ 10 ქულა შემატეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა და ლელო გაცვალეს და საბოლოო ანგარიში - 28:16 დააფიქსირეს.  
ყველაზე დაძაბული V ადგილისთვის გამართული ნახევარფინალი გამოდგა, რომელშიც  მასპინძელი არგენტინა უელსს დაუპირისპირდა. საინტერესო შეხვედრის ძირითადი დრო 19:19 დასრულდა, მაგრამ მასპინძლებმა მატჩისშემდგომი არეკნები უკეთ შეასრულეს და V საპატიო ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდებიან, ვინაც თავის მხრივ ფიჯი 44:9 გაანადგურა. IX ადგილის ნახევარფინალებში, ირლანდიამ სამოას 37:10, ხოლო  შოტლანდიამ ტონგას 28:8 აჯობა. ამრიგად, სამოა და ტონგა მომავალ გათამაშებას ქვედა დივიზიონში შეხვდებიან, მათ ადგილს კი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფის გამარჯვებული იტალია და ფინალისტი იაპონია დაიკავებენ.
წლევანდელი მსოფლიო თასის გადამწყვეტი შეხვედრები 21 ივნისს შედგება.

ნახევარფინალები IX ადგილისთვის

ირლანდია - სამოა 37:10
შოტლანდია - ტონგა 28:8
ნახევარფინალები V ადგილისთვის
უელსი - არგენტინა 19:19
საფრანგეთი - ფიჯი 44:9
თასის ნახევარფინალები
ავსტრალია - ინგლისი 28:16
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 36:7
21 ივნისი
XI ადგილისთვის

სამოა - ტონგა
IX ადგილისთვის
ირლანდია - შოტლანდია
VII ადგილისთვის
უელსი - ფიჯი
V ადგილისთვის
არგენტინა - საფრანგეთი
III ადგილისთვის
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა
ფინალი
ავსტრალია - ახალი ზელანდია

ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083088