ევროპის მორაგბეთა წამყვანი ეროვნული ნაკრებები, სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნებში ტურნეებს განაგძობენ. თუ პირველ სათამაშო დღეს ბებერი კონტინენტის ღირსება მხოლოდ შოტლანდიამ დაიცვა, რომელმაც არგენტინელებს სძლია, ამჯერად, გამარჯვება ინგლისმა და საფრანგეთმა მოიპოვეს (ოღ¬ონდ, ფრანგებს წინაზე ბევრად სუსტი მეტოქე ჰყავდათ), შოტლანდიამ და არგენტინამ კი, თავის მეორე მატჩი გვიან ღამით ჩაატარეს.
ინგლისი ავსტრალიას ერთი კვირის თავზე მეორედ ეთამაშა და 17:27 მარცხისათვის, სიდნეიში რევანში აიღო - 21:20. ამით `ვარდებმა~ `კენგურუებთან~ სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს, მწვანე კონტინენტზე კი, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ იმარჯვეს. გემახსოვრებათ, 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალში, ევროპელებმა მასპინძლებს სწორედ სიდნეიში მოუგეს. მაშინ მატჩის გმირი ჯონ უილკინსონი გახდა, რომელმაც მატჩისშემდგომ არეკნებში ივაჟკაცა. საგულისხმოა, რომ ევროპელებს გამარჯვება ამჯერადაც უილკინსონმა მოუტანა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა და გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა.
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ავსტრალიელთა მარცხი მეტ ჟიტოს ორმა აცილებულმა ჯარიმამ განაპირობა, რომელთა გატანაც კარგ დამრტყმელს წესით არ უნდა გასჭირვებოდა. ეს ფაქტი პარადოქსულად იმიტომ ჟღერს, რომ ავსტრალიელთა 20-ივე ქულა სწორედ ჟიტოს ანგარიშზე მოდის, რომელმაც ორი ლელო გაიტანა, ორივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და ზედაც ორი ჯარიმა დაამატა, მაგრამ ორჯერ არაზუსტად დაარტყა და ინგლისს ისტორიული გამარჯვება მიუძღვნა.
ერთი კვრის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, ინგლისმა თავდაჯერებულად და მეტი იმპროვიზაციით ითამაშა. მათ აქცენტი შერკინებაზე აღარ გააკეთეს და შედეგიც სახეზეა. ევროპელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, კარის გასწვრივ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ტობი ფლუდმა მესამე წუთზე ანგარიში გახსნა, ჟიტომ ჯარიმითვე წონასწორობა ხუთ წუთში აღადგინა, მე-15 წუთზე კი 45 მეტრიდან კვლავ ზუსტად დაჰკრა და ავსტრალია 6:3 დააწინაურა. ორ წუთში იანგმა ლამაზი ინდივიდუალური გარღვევით ლელო გაიტანა, ფლუდმა კი რეალიზაცია გამოიყენა და წინ კვლავ ინგლისი გაიჭრა. ავსტრალიამ მყის უპასუხა, დიგბი იოანეს გარღვევა ლელოთი ჟიტომ დაასრულა და გარდასახვაც გამოიყენა. ტაიმი მაინც ინგლისმა მოიგო, ეშტონმა ლელო გაიტანა, რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და ტაბლოზე 15:13 დარჩა.
მე-2 ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ჟიტომ ოკონერის გარღვევით ისარგებლა და დუბლი შეასრულა, მერე კი რეალიზაციაც ზუსტად დაარტყა. ფლუდმა ჯარიმით ჩამორჩენა ორ წუთში ორ ქულამდე დაიყვანა. 51-ე წუთზე ფლუიდ ულკინსონმა შეცვალა და ერთ წუთში ჯარიმით ინგლისი წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში, ჟიტოს ჯარიმით საკუთარი გუნდის დაწინაურება სამჯერ შეეძლო, აქედან ორჯერ, ის ვალდებული იყო გაეტანა, მაგრამ კარის პირდაპირ დანიშნული ჯარიმები ვერ გამოიყენა. ერთი ჯარიმა უილკინსონსაც გაურთულდა, მაგრამ ინგლისმა ბოლო წუთებში ბურთის შენარჩუნება მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
აგერ უკვე 53 წელია უელსს ახალი ზელანდიისათვის არ მოუგია და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. არადა, უელსს ამის შანსი ჰქონდა. პირველ ტაიმში, განსაკუთრებით კი საწყის 20 წუთში, ისინი უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ბურთი თითქმის სულ მათ ჰქონდათ და მე-4 წუთზე 40 მეტრიდან სტეფან ჯონსის მიერ გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, მე-14 წუთზე კი მანვე ცენტრიდან ჯარიმა გაიტანა. მაგრამ უელსმა საკუთარ შეტევებს გაგრძელება ვერ უპოვა, ბურთი ხშირად დაკარგა... და მაინც, ახალი ზელანდიის გამარჯვება დენ კარტერის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა, რომელმაც ორი დიდებული გარღვევა, ამდენივე ლელოთი დააგვირგვინა და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, როდესაც ის მწვრთნელმა შეცვალა, დამსახურებული აპლოდისმენტებით დატკბა.
ზოგადად, ზელანდიელთა სწრაფმა უკანა ხაზმა, უელსის იმედები იმედებად დატოვა. მე-19 წუთზე “ოლ ბლექსმა” პირველი ლელო გაიტანა - მეალამუმ მცველებთან ჭიდილში ბურთი ძელებსშუა გადადო, კარტერმა კი რეალიზაციით მასპინძლები დააწინაურა. ხუთ წუთში მანვე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, 32-ე წუთზე კი, უელსმა შეტევისას უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რაქიდან ბურთი უმისამართოდ გადმოვარდა, ის კორი ჯეინმა აიტაცა, 70 მეტრი ირბინა, ბოლო 10 მეტრში სამი მცველი ჩამოიცილა და ლელო მიითვალა. კარტერს გარდასახვა გაუფუჭდა, ხოლო ორ წუთში უელსმა მესამე ჯარიმა მიითვალა და ტაიმი ზელანდიამ 15:9 მოიგო.
მე-2 ტაიმი კარტერის ბენეფისად იქცა. 50-ე წუთზე მან ჯარიმა გაიტანა, ორ წუთში მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 22 მეტრში, მან ბურთი სისწრაფეში მიიღო, ხაზი გაჭრა და თავისი პირველი, გუნდის კი მესამე ლელო მიითვალა, ხოლო 67-ე წუთზე მან გარღვევა თავისსავე ნახევრიდან დაიწყო, მცველები ცრუმოძრაობით ერთიმეორეს მიყოლებით ჩამოიშორა და დუბლი შეასრულა. სულ ბოლოს შეცვლაზე შესული კაჰუი ჯიქურ დაიძრა, უელსელთა დაცვის ხაზი გაჭრა და ზელანდიელთა მეხუთე ლელოს ავტორი გახდა, რის შედეგადაც “შავებმა” 42:9 იმარჯვეს.
სამხრეთ აფრიკამ იტალია 29:13 კი დაამარცხა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის თამაში მის სტანდარტებს სუალაც არ შეესაბამებოდა. გუნდი არ იყო ისეთი შეკრული, როგორიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მოგებულ მატჩისას. შედეგად, იტალიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ “ქურციკებთან” დაპირისპირების ისტორიაში, ყველაზე მცირე სხვაობით დამარცხდნენ. მართალია აფრიკელებმა თამაში ვერ დააწყეს და მეტოქეს საკუთარი რიტმი ვერ მოახვიეს, რის შედეგადაც პირველ ტაიმში იტალიელთა ჩათვლის მოედანში სულ სამჯერ შეაღწიეს, მაგრამ სამივე შემთხვევაში ლელო გაიტანეს. იტალიელები საკუთარი უპირატესობის - ძლიერი შერკინების გამოყენებას ეცადნენ, მაგრამ ამ კომპონენტში აფრიკამ მეტოქეს არაფერი დაუთმო.
მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიისა და ბურთის ფლობაში იტალიამ მეტოქეს აჯობა, გვიანმა ლელომ მათ ვერ უშველა. გაცვლილი ჯარიმების შემდეგ, ჰაბანამ, ლოუმ და შტეინმა ლელოები გაიტანეს და აფრიკამ ტაიმი 22:3 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში აფრიკამ ფაზები დაალაგა და კირხნერმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ კაცნაკლული რომ დარჩა, იტალიამ ზედმეტი მორაგბე გაითამაშა დაპ არისეს ლელოთი უპასუხა, მერე კი ჯარიმიდანაც იხეირა. ბოლოში იტალია ერთხელაც იმძლავრე, მასპინძლებს სალელოვედ მიაწვა, მაგრამ ჩათვლის მოედანში ვერ შეაღწია და ანგარიში კიდევ უფრო საპატიო ვერ გახადა.
ახალი ზელანდიის ნაკრებთან შერცხვენილი ირლანდია, ამჯერად ახალზელანდიელ “მაორებს” დაუპირისპირდა და მხოლოდ სამი ქულით, 28:31 დამარცხდა. ბოლოსკენ ირლანდიამ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 73-ე წუთზე “მაორებმაც” ჯარიმითვე იხეირეს და ირლანდიას გამარჯვება და ფრე არ დაანებეს. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ლა პლატაში არგენტინის A ნაკრებს 37:14 სძლია. ოღონდ, ეს ის არგენტინის A ნაკრები არა, რომელიც საქარ¬თველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ბუქარესტში IRB-ს ერთა თასისთვის იბრძვის. საფრანგეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები ერთურთს 26 ივნისს ეთამაშებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია