ამბები

15:32 | 20.06.2010 | ნანახია 1714 - ჯერ

შოტლანდიამ არგენტინა მეორედაც წამოაქცია

წარმატებით განაგრძობს შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთულ ტურნერს. სქოთებმა არგენტინაში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან მეორე შეხვედრა გამართეს და კვლავ გაიმარჯვეს.
ერთი კვირის წინათ, ევროპელებმა “პუმებს” 24:16 აჯობეს, ახლა კი, დელ პლატაში 13:9 იმარჯვეს. შეხვედრა, რომელიც წვიმიან ამინდში გაიმართა, შოტლანდიელთა ელვისებური შეტევით დაიწყო. პირველსავე წუთებზე მათ რამდენიმე ფაზა მიაბეს ერთმანეთს და მეტოქე აიძულეს დაჯარიმებულიყო. დენ პარკსმა ბურთი აუტში კარგად გადაიტანა, ევროპელებმა საკუთარი დერეფანი მოიგეს, ჯიმ ჰემილტონმა მაქსიმალურ სიჩქარეზე მიიღო პასი და მე-3 წუთზე ლელო გაიტანა, პარქსმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
ამას “პუმების” გააქტიურება მოყვა და ფელიპე კონტეპომიმ 2 ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ხუთ წუთში პარქსმა საპასუხო ჯარიმით ანგარიში 10:6 გახადა. არგენტინა ხშირად ჯარიმდებოდა და ტაიმის მიწურულს რეფერიმ 10 წუთით კაცნაკლული დატოვა, თუმცა, ამან ევროპელებს ხეირი ვერ მოუტანა.
მე-2 ნახევარი კი, მასპინძელთა აქტიური თამაშით დაიწყო. შოტლანდია საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში თავს კარგად იცავდა და “პუმებმა” მხოლოდ ის შეძლეს, რომ შეხვედრის დასრულებმადე 20 წუთით ადრე, მარტინ როდრიგესმა ჯარიმით სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა. მაგრამ პარკმა 74-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა და თანაგუნდელები დაამშვიდა. არგენტინას ახლა მხოლოდ ლელო თუ უშველიდა, თუმცა, შოტლანდიელებმა მათ ბურთი აართვეს, კარგადაც შეინარჩუნეს და 13:9 იმარჯვეს. ეს მოგება შოტლანდიელებს ყოველკვირეულ მსოფლიო რეიტინგში 2 საფეხურით დააწინაურებს. ისინი ახალ ზელანდიასთან დამარცხებულ უელსსა და არგენტინას უკან მოიტოვებენ და მე-7 ადგილამდე აღზევდებიან.
ამრიგად, 1982 წლიდან მოყოლებული, პირველად, შოტლანდიამ ზედიზედ 3 თამაში მოიგო. არგენტინაში მოპოვებულ ორ გამარჯვებამდე, მათ ევროპის ექვს ერზე ირლანდია სტუმრად 23:20 დაამარცხეს, მანამდე კი, ინგლისს შინ 15:15 ეთამაშნენ.
ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის იმითაა საინტერესო, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებები B ჯგუფში, “ბორჯღალოსნებთან” ერთად ითამაშებენ. ზელანდიამდე ერთი წლით ადრე გამართული რეპეტიცია, შოტლანდიელთა გამარჯვებით კი დასრულდა, მაგრამ რა იქნება 2011 წელს, ძნელი სათქმელია. ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 2011 წლის 14 სექტემბერს შოტლანდიასთან გამართავს, არგენტინას კი, ორ ოქტომბერს დაუპირისპირდება. რაც შეეხება არგენტინისა და შოტლანდიის დაპირისპირებას, ის 25 სექტემბერს შედგება.
წყნარი ოკეანის თასზე, ზედიზედ მეორედ, მცირე სხვაობით დამარცხდა ტონგას ეროვნული ნაკრები და რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითება ემუქრება. ერთი კვირის წინათ, ტონგელებს სამოამ მხოლოდ ერთი ქულით - 24:23 აჯობა, ახლა კი, ისინი ფიჯისთან 38:41 დამარცხდნენ. არადა, პირველი ტაიმი ტონგას ცუდს არაფერს უქადდა. 25 წუთში მათ 4 ლელო გაიტანეს და ამ კომპონენტისთვის გათვალისწინებული ერთი პრემიალური ქულა ადრიანად ჩაიწერეს. ამასთან, ტონგამ ოთხივე რეალიზაცია გამოიყენა და 28:0 დაწინაურდა.
თითქოს ტონგელთა გამარჯვებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა - მერე რა, რომ 28-ე წუთზე ფიჯიმ ჯარიმა გაიტანა, ორ წუთში კი ჩამორჩენა ლელოთი და გარდასახვით კიდევ უფრო შეამცირა. ტონგამ შესვენებამდე თავისი წილი ჯარიმა მიითვალა და შესვენებაზე გასვლისას 31:10-ს იგებდა. მე-2 ნახევრის საწყის წუთებში ფიჯიმ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ სამ წუთში ტონგამ სტატუს-ქვო აღადგინა. შეხვედრის დასრულებმდე 25 წუთი რჩებოდა, ტონგელებმა იფიქრეს, გამარჯვება ჯიბეში გვაქვსო, ფიჯიმ კი აიწყვიტა, ჯერ ჯარიმა მიითვალა, მერე კი, 10 წუთის ინტერვალით 3 ლელო გაიტანა, ზედ 3 გარდასახვა დაურთო და გამორჩეულად სანახაობრივ შეხვედრაში 41:38 იმარჯვა.
იაპონიამ სამოა 31:23 დასცა. ერთმა გუნდმა აქაც მე-2 ტაიმში გაიბრძოლა, მაგრამ მისი გარჯა დაგვიანებული აღმოჩნდა. სამოელთა ორ ჯარიმას, იაპონიამ შესვენებამდე 3 ლელოთი და ორ-ორი გარდასახვა-ჯარიმით უპასუხა. ამრიგად, აზიელებმა საწყისი 40 წუთი 25:6 მოიგეს.
მე-2 ტაიმი იაპონელთა ჯარიმით დაიწყო და უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. სამოამ 53-ე წუთზე ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენა. 71-ე წუთზე, სტუმართა ჩათვლის მოედანში ერთხელაც შეაღწია, თუმცა, რეალიზაცია ახლაც არაზუსტი აღმოჩნდა, არადა, ეს 4 ქულა, შესაძლოა, გადამწყვეტი გამხდარიყო - 16:28. იაპონელებმა დროის ამუწურვამდე 3 წუთით ადრე არეკნით იხეირეს, რაზეც სამოამ მყის ლელოთი უპასუხა და ამჯერად, რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა, მაგრამ ეს გარჯა დაგვიანებული აღმოჩნდა და იაპონიამ წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.  
ამრიგად, 2 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 2 მოგებით ფიჯი ლიდერობს, რომელმაც გამარჯვების 4-4 ქულასთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც აიღო და ჯამში 9 დააგროვა. ორ მატჩში თითო-თითო მოგება და 4-4 ქულა აქვთ იაპონიასა და სამოას. მართალია, ტონგამ ორივე შეხვედრა დათმო, მაგრამ ორივეში მცირე სხვაობით დამარცხდა, ერთში ოთხზე მეტი ლელოც გაიტანა და 3 პრემიალური ქულა დაუგროვდა.
წყნარი ოკეანის თასის ბოლო ტურის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება. იაპონია ტონგას ეთამაშება, ფიჯი კი სამოას შეხვდება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072919