ამბები

15:49 | 20.06.2010 | ნანახია 1970 - ჯერ

“ჩერჩილის თასი” ინგლისში დაბრუნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულებული ტრადიციული ტურნირის - “ჩერჩილის თასის” ფინალურ შეხვედრაში, ინგლისის A ნაკრებმა კანადის ეროვნულ გუნდს 38:18 აჯობა და თასი დაისაკუთრა.
ეს ტურნირი 2003 წლიდან იმართება და ამ პერიოდში, ინგლისელები მისი გამარჯვებულები მეხუთედ გახდნენ. ინგლისელებს ტიტული ორჯერ ახალი ზელანდიის “მაორებმა” ჩამოართვეს (2004 და 2006 წელს), გასულ გათამაშებაში კი, მათი ბატონობა ირლანდიის A ნაკრებმა აღკვეთა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამერიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც თამაშობდა, მაგრამ იქ სამივე შეხვედრაში დამარცხდა.
წლევანდელი გათამაშების ფინალში ღია თამაში გაჩაღდა, კანადელებმა 3 ლელო გაიტანეს და ერთხელ ჯარიმით იხეირეს, მაგრამ ინგლისმა მათ 4 ლელო, 3 გარდასახვა და 5 ჯარიმა “უსახსოვრა”.
მე-3 ადგილი საფრანგეთის A ნაკრებს ერგო, რომელმაც აშშ-ს ეროვნული გუნდი 24:10 დასცა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ლელო და გარდასახვა გაიტანეს, რაზეც ფრანგებმა 2 ლელოთი და ამდენივე რეალიზაციით უპასუხეს. შესვენების შემდეგ, აშშ-მა ჯარიმა გაიტანა, თავად კი, ლელო და ჯარიმა გაუშვა.
შედეგიანი გამოდგა მატჩი მე-5 ადგილისთვის, სადაც რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდს 38:19 სძლია. რადგან ეს დაპირისპირება ეროვნული ნაკრებების დონეზე იმართებოდა, მისი შედეგი მსოფლიოს რეიტინგზეც აისახება. ქართველთათვის ეს იმითაა საინტერესო, რომ რუსეთი ევროპის “ერთა თასზე” “ბორჯღალოსანთა” მეტოქეა, ურუგვაი კი, 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის რეპეშაჟში იბრძვის, რომლის გამარჯვებულიც ახალ ზელანდიაში საქართველოს მეტოქე იქნება.
საწყის ოც წუთში რუსებმა 3 ლელო გაიტანეს - ჯერ ვასილი არტიომოვი გაიჭრა ფლანგზე, მერე კი, ვიქტორ გრესევმა ორჯერ გაარღვია სამხრეთამერიკელთა დაცვა. იური კუშნარიოვმა 2 რელიზაცია გამოიყენა - 19:0. ტაიმის ბოლოს ურუგვაიმ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ ზედ შესვენების წინ, ალექსეი მაკოვეცკიმ თავისი გუნდის მე-4 ლელო გაიტანა, კუშნარიოვმა კი, რეალიზაცია ახლაც ზუსტად შეასრულა (26:5).
მე-2 ნახევარი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესცა ალექსანდრ იანუშკინმა ურუგვაელთა ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ დალაშქრა და კუშნარიოვმა რეალიზაციით “დათვებს” კიდევ 2 ქულა შემატა. ოც წუთში გუნდებმა ლელოები გაცვალეს (რუსთაგან ვლადისლავ კორშუნოვმა იხეირა), მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, ურუგვაიმ თავისი მე-3 ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიშს ოდნავ მისაღები სახე მისცა.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073858