საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ირბ-ს მიერ ორგანიზებულ “ერთა თასის” ბოლო ტურში ნამიბიასთან 16:21 წააგო და ტურნირის მოგებაზე ოცნებას დაემშვიდობა, ამას გარდა კი, მსოფლიო რეიტინგში საგრძნობ ვარდნასაც გამორჩა.
“ბორჯღალოსნებმა” ვიქტორ კოლელიშვილის ლელოსა და მალხაზ ურჯუკაშვილის 8 ქულის (2 ჯარიმა, 1 გარდასახვა) წყალობით, პირველი ტაიმი 13:0 მოიგეს, მეორეში კი აფრიკელებთან ერთად, შეხვედრის მთავარი არბიტრის უელსელი ჯეიმს ჯოუნსის მიძალებას ვერ გაუძლეს და იმავე ურჯუკაშვილის მიერ გატანილი ჯარიმის სანაცვლოდ, 21 ქულა მიიღეს.
ბრიტანელი რეფერი შემთხვევით არ გვიხსენებია. ჯოუნსმა ხელი სწორედ მაშინ გამოიღო, როდესაც თამაშის გადამწყვეტი მომენტი დაიწყო. 67 წუთიდან მოყოლებული, მსაჯმა ვიქტორ კოლელიშვილი რაქში გვერდიდან შესვლისთვის, მამუკა ნინიძე კისერში ბოჭვისთვის, ხოლო ვასილ კაკოვინი შერკინებაში გვერდიდან შესვლისთვის დააჯარიმა, თუმცა, ამ მომენტამდე ბურგერის მიერ შალვა სუთიაშვილის ბოჭვა “გაატარა” და მხოლოდ ჯარიმა გვიბოძა, სინბინი კი “დაავიწყდა”.
რეფერიმ “ჯამბაზობა” არც ამ მომენტში დაასრულა და საფინალოდ სასტვენს მაშინ ჩაჰბერა, როდესაც ბურთი ჩვენსკენ გადმოვიდა, თამაშის დრო კი ოფიციალურ ტაბლოზეც არ იყო ამოწურული. არადა, მეორე ტაიმში ბარე ათი წუთი მორაგბეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, ექიმები აქეთ-იქით დარბოდნენ.
მსაჯმა თამაშის გაფუჭებაში უდიდესი როლი კი ითამაშა, თუმცა, ესეც ვთქვათ. საქართველოს ნაკრებმა აურაცხელი რაოდენობის შეცდომა დაუშვა და კიდევ ერთხელ დაგვაეჭვა, რომ ბოლო პერიოდში ავსტრალიელი ტიმ ლეინის ხელში პროგრესის ხანა ნამდვილად არ უდგას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია