ის, რაც IRB-ს ერთა თასის პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიის A ნაკრებს დამართა, ბოლო ტურში ნამიბიამ აქეთ დაგვმართა. პირველი ნახევრის 13:0 მოგების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” მე-2 ტაიმი აშკარად ჩააგდეს, სამის სანაცვლოდ 21 ქულა მიიღეს და 16:21 დამარცხდნენ, რაც იმის მაუწყებელია, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში, მათ მნიშვნელოვანი უკუსვლა ექნებათ.
მარცხის მიზეზებზე საუბარი, უპირველესად საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაშით უნდა დავიწყოთ. თუნდაც პირველ ტაიმში, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” 13:0 მოიგეს, უამრავი ტექნიკური წუნი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღიდან თავისი დანიშვნისა საქართველოს ნაკრების ავსტრალიელი დამრიგებელი ტიმ ლეინი ხელით თამაშის გაუმჯობესებაზე საუბრობს, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ტექნიკური თვალსაზრით, ქართველი მორაგბეები მნიშვნელოვნად მოიკოჭლებენ და ნამიბიასთან 3-4 ხეირიანი გადაცემის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ.
სწორე ამან გამოიწვია ფეხით ბურთის გადაკიდების უამრავი მცდელობა, რათა თამაში მეტოქის ნახევარზე გადასულიყო, რადგან იქ ბურთის დაკარგვა და მეტოქის შერკინება ნაკლებ საშიშია, ვიდრე საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს უპატიებელი შეცდომის დაშვება. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ქართველი მორაგბეებისგან, ნამიბიამ გამარჯვების მეტი ჟინი გამოავლინა და საწადელსაც მიაღწია, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოედანზე რომელიმე ქართველმა თავი დაზოგა. უბრალოდ, აფრიკელებმა უკეთ იცოდნენ მიზნისთვის როგორ უნდა მიეღწიათ და ეს ცოდნა, ტექნიკური თვალსაზრისითაც უკეთ გამოიყენეს.
თითქოს ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფოდა და საქართველოს ნაკრების ნამიბიასთან მარცხი, მნიშვნელოვნად განაპირობა უელსელი რეფერის, ჯეიმს ჯოუნზის მოქმედებამაც. გადამწყვეტ მომენტში, 7 წუთის ინტერვალში, მან ქართველთა 3 მორაგბე გაასინბინა და მოედანზე ერთი ხანობა 12 კაცის ამარა დაგვტოვა, თამაში კი, 13-მა “ბორჯღალოსანმა” დაასრულა. სწორედ ამ მონაკვეთში მოინაგრა ნამიბიამ 10 ქულა და ქართველთა მარცხი განაპირობა. შესაძლოა, ქართველი მორაგბეები სინბინს იმსახურებდნენ, მაგრამ როდესაც 3 წუთის წინ ნამიბიელს მსგავსი დანაშაულისთვის არ აძევებ და მერე იგივე დარღვევას ქართველთათვის ყვითელი ბარათით აფასებ, ეჭვის საფუძველი ჩნდება. თუნდაც ის, რომ შერკინებაში შესვლისას მორაგბე რეფერის გაწელილ ბრძანებას (გამოთქმის ფორმა იგულისხმება) არ ემორჩილება, ამ დროს, 2 მორაგბე უკვე გაგდებული გყავს და ზედ მესამესაც აყოლებ, მთლად სამართლიანად არ ჩანს. და ერთიც – მე-2 ნახევარში ტრავმების გამო დრო იმდენჯერ გაჩერდა, რომ ტელეეკრანზე გამოსახული დროის ამოწურვის შემდეგ, თამაში, ყველაზე ცოტა, 5 წუთით მაინც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ უელსელმა დასრულებისა მაშინ ჩასტვინა, როდესაც ქართველებმა მეტოქეს ბურთი აართვეს, საკუთარი შეტევის წამოწყებას გეგმავდნენ და ტელეეკრანის ტაიმერზეც ჯერ მხოლოდ 79-ე წუთი ციმციმებდა...
სწორედ აქ ჩნდება ეჭვი, რომ პირველ ტურში შოტლანდიელთა ძლევის შემდეგ, ემანდ ქართველებს ექვს ერში შესვლის პრეტენზია არ გაუჩნდეთო და ბრიტანელმაც იმდენი მოახერხა, რომ ნამიბიამ საქართველოს აჯობა. ახლა IRB- იქით გვეტყვის, იტალიის A ნაკრებს და ნამიბიას ვერ ჯობნიხართ, ჯერ თამაში დახვეწეთ, აბა ჩვენთან რა გესაქმებათო. ისე, ჩვენში დარჩეს და საქართველოს ნაკრებს დისციპლინის მხრივ რომ პრობლემა აქვს, ეს ფაქტია. იტალიასთან და ნამიბიასთან შეხვედრებში, “ბორჯღალოსნებმა” იმდენი ჯარიმა “აიკიდეს”, მათ შორის უმრავლესობა უაზრო, რომ გუნდს მთელი წელი ეყოფა. მაგრამ ერთიცაა, რეფერიმ იტალიასთან სუფთა ლელო არ ჩაგვითვალა, თუმცა, ის შეხვედრის საბოლოო შედეგზე გავლენას ნამდვილად ვეღარ იქონიებდა.
სანამ უშუალოდ აფრიკელებთან გამართულ თამაშზე ვიტყვით, ბარემ ისიც ვთქვათ რა მოგვიტანა ამ ტურნირმა. პირველი ისაა, რომ ახალგაზრდა მორაგბეებმა, რომლებმაც ხვალ-ზეგ ძირითადი ნაკრების წევრები უნდა ჩაანაცვლონ, უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. მართალია, ბუქარესტში საქართველოს ნაკრებს ეროვნული ერქვა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს უფრო A ნაკრების ფორმაცია იყო და მათაც 3 მაღალი დონის გუნდთან თამაშით, მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბიჭებმა დაინახეს, შოტლანდიელი და მისი მსგავსი ბობოლა სარაგბო ქვეყნების წევრები, კაციჭამიები სულაც არ არიან და მათი დამარცხება ნებისმიერ დონეზე შეიძლება, გამოჩნდა ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც უახლოეს პერიოდში უნდა მოხერხდეს, რათა 2011 წელს მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ღირსეულად წარსდგეს.
რაც შეეხება ნამიბიასთან მატჩს, მისი ტაიმები ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებოდა. პირველ ნახევარში ქართველებმა თამაში ჯანზე ააგეს, მეტოქე შერკინებაში დაჯაბნეს, თამაშიც ძირითადად ნამიბიელთა ნახევარზე გადაიტანეს და ეს შედეგზეც აისახა. მაგრამ არ ვარგოდა დერეფანი. ჩვენი თუ მათი მოწოდება, უმეტეს შემთხვევაში ნამიბიელთა ნადავლი ხდებოდა. ანგარიშის გახსნის შანსი მე-3 წუთზე ნამიბიას მიეცა, მაგრამ ბოთამ ჯარიმიდან არაზუსტად დაარტყა, ორ წუთში კი, ურჯუკაშვილი არ შეცდა და ჯარიმით საქართველო დააწინაურა. მანვე, მე-14 წუთზე ლამის ცენტრიდან კვლავ ზუსტად დაარტყა - 6:0. 23-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოც გაიტანა, სამხარაძემ რაქიდან გამოიტანა ბურთი, ცრუმოძრაობა გააკეთა, ვითომ გადაცემას აკეთებდა და ხაზი გაჭრა, მას კარგად მიჰყვა კოლელიშვილი და პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა, ურჯუკაშვილს კი კარის წინიდან რეალიზაციის გატანა არ გაჭირვებია. შესვენებამდე ერთადერთი ეპიზოდი იყო, როდესაც ნამიბიამ დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანა, ლელოს გატანა სურდა, მაგრამ შეტევა ვერ განავითარა და ტაიმი “ბორჯღალოსნებმა” 13:0 მოიგეს. პირველ ტაიმში ერთი უსიამოვნო ფაქტიც მოხდა, ქართველთა კაპიტანმა თედო ზიბზიბაძემ, რომელიც დაცვაშიც შეუდარებელი იყო და შეტევებსაც აზრიანად უძღვებოდა, ხელის მძიმე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კატასტროფულად დაიწყო. 2 წუთის ინტერვალში, ბოთამ 2 ჯარიმა გაიტანა. მთლიანობაში, ამ 40 წუთის უმეტესმა ნაწილმა ქარ¬თველთა ნახევარზე ჩაიარა. 56-ე წუთზე ნამიბიელთა გარჯა ლელოთი დასრულდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი გამოდგა და ლიდერად კვლავ ქართველები დარჩნენ - 13:11. მერე აფრიკელებმა ჯარიმა გააფუჭეს, 64-ე წუთზე კი, ნამიბიელმა ქართველი ყელს ზევით შებოჭა, რეფერიმ ჯარიმა გვიბოძა და ის ურჯუკაშვილმა გამოიყენა, მაგრამ მეტოქესთვის ყვითელი ბარათის ჩვენება დაავიწყდა. მალე უელსელმა ქართველთაგან ერთ-ერთ გამორჩეულ კოლელიშვილს, რაქში გვერდიდან შესვლისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო კიდევ სამ წუთში ყელსზევით ბოჭვისთვის მის გზას ნინიძე გაუყენა. ნამიბიამ ეს ჯარიმა გამოიყენა და ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა. 73-ე წუთზე, მათ ქართველთა ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ 22-ში დაიჭირეს, დაიძრნენ, ხელით ბურთი ფლანგზე კარგად ჩაათამაშეს, ორკაციანი ზედმეტობა გამოიყენეს და ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაციაც მოყვა. რეფერიმ ქართველთა მდგომარეობა 74-ე წუთზე გაართულა, როდესაც კაკოვინს შერკინებაში ბრძანებამდე შესვლა არ აპატია და საქართველოს ნაკრები 12 კაცის ამარა დატოვა. ასეთი უპირატესობა ნამიბიელებმა ვეღარ გამოიყენეს, ბურთი დაკარგეს და უკვე 13 ქართველი, რადგანაც სინბინიდან ერთი მორაგბე დაბრუნდა, გადამწყვეტი შეტევის დაწყებას გეგმავდა, მაგრამ რეფერიმ თამაში ვადაზე ადრე დაასრულა და “ბორჯღალოსნებს” ბოლო შანსი აღარ მისცა...
“რა თქმა უნდა ძლიერ გულდაწყვეტილები ვართ. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეტოქე ზეწოლის ქვეშ გვყავდა, თავსაც კარგად ვიცავდით და შევასრულეთ ყველა ის დავალება, რაზეც თამაშამდე ვისაუბრეთ. როგორც ჩანს, თამაშის მოსაგებად საკმარისად ვერ გავისარჯეთ. დისციპლინა ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, რამდენიმე არასწორმა გადაწყვეტილებამ კი, ჩვენ თამაში დაგვაკარგინა. კაპიტნის დაკარგვამ ძლიერ გვაზარალა, რადგანაც ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ერთადერთი, რაც კმაყოფილებას მანიჭებს, ისაა, რომ ბიჭებმა მამაცად და სრული პასუხისმგებლობის შეგრძნებით ითამაშეს. ნოემბერში აშშ-სა და კანადის ნაკრებებს სრული შემადგენლობით დავუპირისპირდებით და ის მსოფლიო თასისათვის ერთგვარი, მინი-მზადება იქნება. ნოემბერში ორი კვირით ვიკრიბებით, მომავალ წელს ევროპის ერთა თასი გველის, ივნისიდან კი, ახალი ზელანდიის მსოფლიო თასისთვის მზადებას ვიწყებთ” - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა.
“შესვენებისას 13 ქულით ვაგებდით, რადგანაც ძალიან ნელა ვთამაშობდით და ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. ეს იმიტომ, რომ დაძაბულები ვიყავით, მეორე ნახევრიდან კი, ნამდვილი თამაში დავიწყეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ” - განაცხადა ნამიბიელთა 9 ნომერმა იუჯინ ჯენტისმა.
“შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ უაზრო შეცდომებს აღარ დაუშვებდნენ, გამარჯვება უცილობლად ჩვენი იქნებოდა და მათ ეს გაკეთეს. მათ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ გუნდს უდიდესი მომავალი აქვს და ის დიდ გუნდად აუცილებლად იქცევა” - დარწმუნებულია ნამიბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოან დიერთგარდტი.
“გამარჯვებით უზომოდ ბედნიერი ვარ, თუმცა, ჩვენ უკეთ თამაშს და 4 ლელოს გატანას ვგეგმავდით, რათა პრემიალური ქულა აგვეღო. მიუხედავად ამისა, დღეს ქართველები პირველად დავამარცხეთ და ამით ბედნიერი ვარ. გუნდურად ვმოქმედებდით და მეტოქეს დისციპლინაშიც ვაჯობეთ. თა¬ვიდანვე ვიცოდით, რომ ფიზიკურად ძლიერ გუნდს ვხვდებოდით, მე-2 ნახევარში კი, მეტოქის შეცდომები გამოვიყენეთ და შედეგმაც არ დააყოვნა. იმედია, ახლა რუმინეთი იტალიას დაამარცხებს და თასი ჩვენ დაგვრჩება” - იმედი გამოთქვა ნამიბიელთა კაპიტანმა ჟაკ ბურგერმა და შემდგომში, ეს იმედი რეალობად ექცა.
გადამწყვეტ თამაშამდე ერთმანეთის წინააღმდეგ აუტსაიდერები - არგენტინისა და შოტლანდიის A ნაკრებები წარსდგნენ. შოტლანდიელებმა პირველ ნახევარში ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს, არგენტინამ კი შესვენებამდე ერთ ლელოს 3 ჯარიმა შემატა და ტაიმი 14:10 მოიგო. მე-2 ტაიმში არგენტინელებმა პრაგმატულად ითამაშეს, შოტლანდიელებისგან ერთი ჯარიმა გაუშვეს, თავად ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და 4 ჯარიმა გაიტანეს და მეტოქე 33:13 დაამარცხეს. ამრიგად, გასული წლის IRB--ს ერთა თასის გამარჯვებულმა შოტლანდიის A ნაკრებმა, წელს სამივე შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა, არგენტინელები კი მე-4 საფეხურამდე აღზევდნენ.
გადამწყვეტ ჯახში მასპინძელმა რუმინეთმა, იტალიის A ნაკრები 27:22 დაამარცხა და ამით ნამიბიას თასი აფრიკაში გაატანა. შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ანგარიში იტალიელებმა ჯარიმით პირველსავე წუთზე გახსნეს. მეორე წუთზე, საპასუხო შეტევისას რუმინეთმა ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენა, თუმცა, მე-9 წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა - 8:3. იტალიამ ჩამორჩენა ჯარიმით სამ წუთში შეამცირა, ტაიმის შუაწელს კი ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 13:8 დაწინაურდა. რუმინელებმა ჯერ ჯარიმა გააფუჭეს, მერე არეკნი, ხოლო 30-ე წუთზე ჯარიმიდან ზუსტად დაჰკრეს და სხვაობა კვლავ ორ ქულამდე დავიდა, ზედ შესვენების წინ კი, მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 16:14 დასრულდა.
მე-2 ტაიმში, განსაკუთრებით კი მის დასკვნით 10 წუთში, რუმინეთმა ბრწყინვალედ ითამაშა. 42-ე წუთზე, ისინი ჯარიმით წინ გაიჭრნენ, იტალიამ ჯარიმითვე უპირატესობა 63-ე წუთზე დაიბრუნა, მაგრამ 71-ე წუთზე ასევე ჯარიმით კვლავ მასპინძლები დაწინაურდნენ. 73-ე წუთზე მათ გადამწყვეტი ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია დაურთეს. მიწურულს იტალიამ ჯარიმით სხვაობა ხუთ ქულამდე იმ იმედით დაიყვანა, რომ ბოლოსკენ ლელოს გატანას შეძლებდა, მაგრამ რუმინელებმა გაძლეს და მე-2 ადგილი დაიკავეს.
20 ივნისი. რუმინეთი. ბუქარესტი. `ტრიუმფალური არკა~.
IRB--ს ერთა თასი. III რაუნდი”
საქართველო - ნამიბია
16:21 (13:0)
საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (22. ირაკლი ყიასაშვილი 16-22), 14. სანდრო თოდუა, 13. თედო ზიბზიბაძე (21. მამუკა ნინიძე 27), 12. რევაზ გიგაური (22. ირაკლი ყიასაშვილი 67), 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი (20. ლაშა ხმალაძე 71), 9. ბიძინა სამხარაძე; 1. კარლენ ასეიშვილი (16. ირაკლი ნატრიაშვილი 53), 2. დავით დადუნაშვილი, 3. ბექა შეყლაშვილი (17. ვასილ კაკოვინი 53), 4. შალვა სუთიაშვილი 5. კახა უჩავა (18. კოტე მიქაუტაძე 61), 6. სიმონ მაისურაძე (19. ჯაბა ბრეგვაძე 59), 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ვიტო კოლელიშვილი (3. ბექა შეყლაშვილი 77).
1 ლელო: კოლელიშვილი
1 გარდასახვა: ურჯუკაშვილი
3 ჯარიმა: ურჯუკაშვილი
3 სინბინი: კოლელიშვილი (67), ნინიძე (70), კაკოვინი (74)
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
მწვრთნელი: ილია მაისურაძე
რეფერი: ჯეიმს ჯოუნზი (უელსი)
ასისტენტები: ენდი მაკფერსონი (შოტლანდია), ხორაციუ ბარგაუნაში (რუმინეთი)
ანგარიშის მიმდინარეობა: 3:0 (7), 6:0 (16), 13:0 (26), 13:3 (44), 13:6 (46), 13:11 (56), 16:11 (64), 16:14 (70), 16:21 (72)
არგენტინა A - შოტლანდია A 33:13 (14:10)
იტალია A - რუმინეთი 22:27 (16:14)
1. ნამიბია | 3 | 3 | 0 | 0 | 65-53 | 12 |
2. რუმინეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 68-57 | 9 |
3. იტალია A | 3 | 2 | 0 | 1 | 65-50 | 9 |
4. არგენტინა | 3 | 1 | 0 | 2 | 65-59 | 5 |
5. საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 41-63 | 5 |
6. შოტლანდია | 3 | 0 | 0 | 3 | 54-78 | 2 |
შენიშვნა: მოგება 4 ქულა, ფრე 2 ქულა, წაგება 0 ქულა, ოთხ და მეტ გატანილ ლელოზე, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის ერთი პრემიალური ქულა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია