საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მთელი წელი ნაგროვები სარეიტინგო ქულები, IRB-ს ერთა თასზე ნამიბიასთან წაგებული შეხვედრის შემდეგ ერთბაშად დაკარგა და რეიტინგშიც ორი საფეხურით უკან დაიწია.
ამ შეხვედრამდე, “ბორჯღალოსნებს” XV ადგილი ეჭირათ, რადგანაც გასულ კვირაში ტონგამ წყნარი ოკეანის თასზე მარცხი განიცადა და ადგილი ქართველებს დაუთმო, ახლა, ნამიბიელთა დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პოზიციებს გაიმყარებდა, რადგანაც, შეხვედრის დაწყებამდე ნამიბია XXII ადგილს იკავებდა და მისი ძლევა ქართველებს მნიშვნელოვან ქულებს ვერ მოუტანდა. პირველი ტაიმის 13:0 მოგების შემდეგ, მეორე ნახევარი “ბორჯღალოსნებმა” ძალიან ცუდად ჩაატარეს, საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 16:21 დამარცხდა, 1,71 სარეიტინგო ქულა დაკარგა და 66,38 ქულით, XVII საფეხურამდე დაეცა. ამით აშშ-სა და ტონგას ნაკრებებმა იხეირეს და თითო პოზიციით წინ წაიწიეს. ქართველებთან მოგებამ ნამიბიელებსაც 1,71 ქულა მოუტანა, მათ პორტუგალია და ურუგვაი ჩამოიტოვეს და XX ადგილამდე აღზევდნენ.
მთლიანობაში, გასული უქმეების ტესტებმა, მსოფლიოს რეიტინგში 39 ცვლილება გამოიწვია - 20-მა გუნდმა უკან დაიხია, 19-მა კი წინ წაიწია. პირველ ადგილს ინარჩუნებს ახალი ზელანდია, რომელმაც უელსი დაამარცხა. კვლავ მეორეზეა იტალიის მძლეველი სამხრეთ აფრიკა, აი ავსტრალიამ კი, ინგლისთან 20:21 მარცხის გამო, 1,88 სარეიტინგო ქულა დაკარგა და 2008 წლის ივნისიდან პირველად, სამეულს მიღმა აღმოჩნდა. ავსტრალიის მეოთხე საფეხურზე დაწევით საფრანგეთმა ისარგებლა, რომელიც 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ, მესამე ადგილზე, მისთვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დაბრუნდა.
ინგლისს ავსტრალიელთა ძლევამ ადგილი ვერ მოაგებინა, მაგრამ ირლანდიას, რომელიც ავსტრალიას მომავალ შაბათს ეთამაშება, მნიშვნელოვნად მიუახლოვდა. პირველ 15 გუნდში, ყველაზე დიდი წინსვლა შოტლანდიის ნაკრებს ჰქონდა, რომელმაც არგენტინა ზედიზედ მეორედ, ამჯერად 13:9 დაამარცხა. სქოთებმა 1,34 სარეიტინგო ქულა მიიღეს და მე-9-დან მე-7 პოზიციამდე აღზევდნენ. მათ უელსს და არგენტინას გადაასწრეს, რომელმაც ორი პოზიცია დაკარგა. ახლა არგენტინელებს ფრანგთა ძლევის იმედი უნდა ჰქონდეთ, რათა დაკარგული პოზიციის დაბრუნება მოახერხონ.
წყნარი ოკეანის თასის მეორე ტურში გამარჯვებამ, იაპონიას ერთი ადგილით წინ წაწევის საშუალება მისცა. იაპონელებმა ადგილი მათივე ძლეულ სამოას გაუცვალეს. ფიჯის მხრიდან ტონგას ძლევამ, გამარჯვებულის წინსვლა ვერა, მაგრამ დამარცხებულის წინსვლა კი განაპირობა. ეს იმიტომ, რომ საქართველო ნამიბიასთან დამარცხდა და მისმა დაკარგულმა ქულებმა, ტონგასა და აშშ-ს წინსვლის საშუალება მისცა. ურუგვაის 38:19 დამარცხების შემდეგ, საკუთარ აქტივს 1,16 ქულა შემატა რუსეთმა, რამაც მას მე-18 ადგილზე აღზევების საშუალება მისცა, ურუგვაი კი ორი პოზიციით ქვევით დაეშვა.
რადგან ივნისის ტესტები გრძელდება და 26 ივნისს ბობოლა სარაგბო ქვეყნების ნაკრებების შეხვედრა კვლა გაიმართება, ერთ კვირაში რეიტინგს ისევ ახალი სახე ექნება, მაგრამ ის საქართველოს ნაკრებზე არ აისახება.
1. (1) ახალი ზელანდია | 91,68 |
2. (2) სამხრეთ აფრიკა | 89,46 |
3. (4) საფრანგეთი | 84,91 |
4. (3) ავსტრალია | 83,83 |
5. (5) ირლანდია | 82,61 |
6. (6) ინგლისი | 81,82 |
7. (9) შოტლანდია | 79,81 |
8. (8) უელსი | 78,58 |
9. (7) არგენტინა | 77,54 |
10. (10) ფიჯი | 76,25 |
11. (11) იტალია | 72,97 |
12. (13) იაპონია | 71,92 |
13. (12) სამოა | 70,89 |
14. (14) კანადა | 69,43 |
15. (16) აშშ | 67,86 |
16. (17) ტონგა | 67,63 |
17. (15) საქართველო | 66,38 |
18. (19) რუსეთი | 65,80 |
19. (18) რუმინეთი | 65,10 |
20. (22) ნამიბია | 62,69 |
21. (21) პორტუგალია | 61,27 |
22. (20) ურუგვაი | 61,21 |
23. (23) ესპანეთი | 57,70 |
24. (24) ჩილე | 56,97 |
25. (31) მაროკო | 56,11 |
26. (25) ყაზახეთი | 55,38 |
27. (26) ბელგია | 55,36 |
28. (27) ბრაზილია | 54,56 |
29. (28) უკრაინა | 54,35 |
30. (30) გერმანია | 53,22 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია