საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ილია მაისურაძემ, საქართველოს რაგბის კავშირში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე მორაგბეთა ის ბირთვი გამოიცადა, რომელთაც 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” ღირსების დაცვა მოუწევთ.
რაგბის საერთაშორისო საბჭომ, ეს ტურნირი 2006 წელს იმ მიზნით შექმნა, რომ ეგრეთწოდებული მეორე ეშელონის ნაკრებებს (რუმინეთი, საქართველო, ნამიბია და ა.შ.), ელიტარული სარაგბო ქვეყნების (არგენტინა, შოტლანდია, იტალია და ა.შ.) სარეზერვო გუნდებთან ძალის მოსინჯვის და კლასის ამაღლების საშუალება მიეცეთ. ტურნირის ფორმატის თანახმად, მეორე დონის სარაგბო ქვეყნის თითოეული ეროვნული ნაკრები, პირველი ეშელონის ორ სარეზერვო გუნდს (A ნაკრებს) ეთამაშება, ერთ მატჩს კი თავისი დონის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.
“ბორჯღალოსნებმა” რუმინეთში მესამედ ითამაშეს და ძირითადი შემადგენლობის შეკრება ერთხელაც ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, 2007 წელს “ბორჯღალოსნებმა” ორი თამაში მოიგეს, ერთში დამარცხდნენ და მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო 2008 წელს, იგივე შედეგმა მათ მეორე ადგილის დაკავების საშუალება მისცა. წელს, ბუქარესტში, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო შესუსტებული შემადგენლობით, პრაქტიკულად A ნაკრებით წარსდგა. “ბორჯღალოსნებმა” პირველ ტურში შოტლანდიის A გუნდს 22:21 სძლიეს, მერე იტალიის A ნაკრებთან 3:21 დამარცხდნენ, დასკვნით ტურში კი, ნამიბიის ეროვნულ გუნდთან, პირველი ტაიმის 13:0 მოგების შემდეგ, შეხვედრა 16:21 წააგეს და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.
განვითარებისა და სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭუმბურიძემ, უწინარესად, ამ ტურნირის დაარსების მიზნებზე ისაუბრა და ბუქარესტში საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
გიორგი ჭუმბურიძე: “ეს ტურნირი ეგრეთწოდებული მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს აქტიური მოთხოვნით დაარსდა, რათა წლიდან-წლამდე ერთიდაიგივე ქვეყნებთან არ გვეთამაშა და განვითარების შანსი გვქონოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბუქარესტში უძლიერესი შემადგენლობით არასდროს გვითამაშია, სხვა ქვეყნების ეროვნული გუნდები კი, იქ მუდამ ძირითადი შემადგენლობით გამოდიან. ტურნირის მოგება თვითმიზანი არასდროს ყოფილა, თუმცა, წელს იქ ნამიბიელთა დამარცხებას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახალგაზრდა მორაგბეებმა უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს. გამოჩნდა, რომ სამუშაო ბევრია.
მიუხედავად ამისა, გამოჩნდა, რომ ეს ბიჭები კონკურენტუნარიანები არიან. ახლა ჩვენი მიზანი ამ მორაგბეების ოსტატობის ამაღლებაა. შოტლანდიის ნაკრებთან მოგებით, ბიჭებმა დაინახეს, რომ თანაბარი თამაში ყველასთან შესაძლებელია. იმავე ნამიბიასთან, 70 წუთი ვიგებდით და მაშინღა დავმარცხდით, როდესაც რეფერიმ 5 წუთში სამი ქართველი მორაგბე გაასინბინა და მოედანზე 12 კაცის ამარა დავრჩით. გასათვალისწინებელია ჩვენი ორი ლიდერის - რევაზ გიგაურის და გუნდის კაპიტან თედო ზიბზიბაძის ტრავმა. შემადგენლობაში ოთხი ისეთი მორაგბე გვყავდა, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვთ და ამ დროს ზიბზიბაძის დაკარგვა, რომელიც დაცვას ადუღაბებდა, ძალიან დიდი დანაკლისი აღმოჩნდა.
მნიშვნელოვანია დისციპლინის საკითხიც. არ მახსოვს საერთაშორისო შეხვედრა, დროის ასე მცირე მონაკვეთში სამი მორაგბე რომ გაეგდოთ. გარკვეულწილად, ეს წესებში განხორციელებულმა ცვლილებებმაც გამოიწვია. შერკინებაში შესვლისას, რეფერი კვლავ ოთხ ბრძანებას იძლევა, მაგრამ მესამე და მეოთხე ბრძანებებს შორის, პაუზა გაიზარდა. ქართველები ძველი წესით, ადრე შედიოდნენ შერკინებაში და კაკოვინის გაძევება ამან გამოიწვია. ამასთან, ბუქარესტის სტადიონი საკმარისი ტექნიკით არაა აღჭურვილი. ტაბლოზე დაფიქსირებული დრო რეფერისას არ ემთხვეოდა და შესაძლოა, ნამიბიასთან მატჩში დრო მართლაც ამოწურული იყო. არ იყო ვიდეორეფერიც, რის გამოც იტალიასთან ნაღდი ლელო არ ჩაგვითვალეს, მაგრამ მისი გატანა ჩვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათი იქნებოდა”.
ილია მაისურაძე: “სტრატეგიული გეგმის თანახმად, ამ ტურნირზე უნდა შევარჩიოთ ის მორაგბეები, რომლებიც 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეროვნული გუნდის ამჟამინდელ წევრებს ჩაანაცვლებენ. “ბორჯღალოსანთა” ბევრ მორაგბეს, ასაკის თვალსაზრისით პიკი უდგას და ახლავე უნდა შეირჩეს ის მორაგბეები, რომლებიც შემდგომ ციკლში მათ ადგილებს დაიკავებენ. კონკურენცია დიდია, განსაკუთრებით პირველ ხაზში. ცვლილებები იქნება მეორე და მესამე ხაზში, ნახევარდაცვაში. ახალი გუნდის შენებაზე აქედანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი და ახალი სახეებიც უკვე გამოჩნდნენ. მსაჯებთან შეხვედრა არ გვქონია და გარკვეული წესები სათანადოდ ვერ გავითავისეთ. ზიბზიბაძეს იდაყვი ამოუვარდა და მყესი გაიწყვიტა. მას დასვენება ორი თვე მოუწევს.”
მერაბ კვირიკაშვილი (საქართველოს ნაკრების მორაგბე): “მთავარი იყო, რომ ახალგაზრდა მორაგბეებს გამოცდილება შეეძინათ და მწვრთნელებისთვის ეჩვენებინათ ის, თუ რა შეუძლიათ მაღალი დონის მეტოქეებთან თამაშის დროს. აუცილებელია, რომ მომავალი თაობა აქედანვე შეეჩვიოს ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშს, რათა, როცა დრო მოვა, გუნდში ღირსეული მორაგბეები მოვიდნენ”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია