ამბები

16:35 | 27.06.2010 | ნანახია 1770 - ჯერ

სამოა წყნარ ოკეანეში გამეფდა

სამოას მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2010 წლის წყნარი ოკეანის თასის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში, დრამატულ ფინალში, ფიჯი 31:9 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.
7-კაცა რაგბიში IRB-ს სერიის გამარჯვებულ სამოელებს, რომლებიც წყნარი ოკეანის თასის მასპინძლები იყვნენ და გასულ ტურში იაპონიასთან 23:31 დამარცხდნენ, ფიჯისთან უცილობლად გამარჯვება, პრემიის მომტანი 4 ლელოს გატანა და მეტოქის 13-ზე მეტი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდათ. საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერით წახალისებულმა სამოელებმა, პირველი ლელო მე-16 წუთზე გაიტანეს, მეორე 23-ეზე, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს და რადგან საპასუხოდ მხოლოდ ერთი ჯარიმა მიიღეს, ტაიმი 14:3 მოიგეს. ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად, ფიჯიმ 65-ე წუთამდე 2 ჯარიმით სხვაობა ხუთ ქულამდე დაიყვანა - 9:14. სამოამ გაიბრძოლა და 70-ე წუთზე თავისი მე-3 ლელო გაიტანა (თავი ფეოსილივამ გამოიჩინა). რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა, სამ წუთში იმავე ფეოსილივამ თავისი მე-2, ხოლო გუნდის მე-4 ლელო გაიტანა და გუნდს პრემიალურ ქულასთან ერთად, მისაღები სხვაობა დაუბევა. ამჯერად, რეალიზაციაც ზუსტი იყო, მაგრამ მასპინძლები მიღწეულზე არ შეჩერდნენ და ბოლო წუთზე მე-5 ლელო გაიტანეს, რითიც საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
დრამატული გამოდგა მეორე შეხვედრაც, სადაც იაპონიამ ტონგას 26:23 აჯობა და მე-3 ადგილი გაინაღდა. ტონგელები ლელოთი მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, რეალიზაცია გამოიყენეს, მე-11 წუთზე, ზედ ჯარიმა დაურთეს და 10:0 დაწინაურდნენ. შესვენებამდე, იაპონელებმა 2 ჯარიმით იხეირეს, მე-2 ტაიმის დასაწყისში კი, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს - 13:9 ტონგას სასარგებლოდ. 51-ე წუთზე, იაპოინელებმა ლელო გაიტანეს და დაწინაურდნენ, გარდასახვით კი, უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდეს. 67-ე წუთზე ტონგამ საპასუხო ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და კვლავ წინ გაიჭრა. ძირითადი დროის დასრულებამდე, ჯერ იაპონელებმა, ხოლო შემდეგ ტონგელებმა ჯარიმა გამოიყენეს და ისე ჩანდა, ტონგა წლევანდელ გათამაშებაში პირველ გამარჯვებას იზეიმებდა, მაგრამ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, ისინი კაცნაკლულნი დარჩნენ, იაპონელთა მიძალების ჯარიმებით შეჩერებას არ მოეშვნენ და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, ზუსტმა გარდასახვამ კი, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ეს შეხვედრა ტურნირის დასკვნით დღეს პირველი იყო და იაპონიას დიდი სხვაობით რომ ემარჯვა, ეგებ, დასკვნით მატჩში სამოას უფრო რთული ამოცანა ჰქონოდა გადასჭრელი, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც განგებამ ისურვა და თასი სამოამ ჩაიბარა; ფიჯი მეორეზე დარჩა; 2 მოგების მქონე, მომავალი ჩემპიონის დამმარცხებელი იაპონია მე-3 ადგილს დასჯერდა; ტონგამ კი ტურნირი 3 წაგებითა და 4 პრემიალური ქულით დაასრულა.

1 სამოა 3 2 0 1 78-63 9
2 ფიჯი 3 2 0 1 72-77 9
3 იაპონია 3 2 0 1 65-68 8
4  ტონგა 3 0 0 3 84-91 4



შენიშვნა – მოგებაზე 4 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 0; 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის, ან 4 და მეტი ლელოს გატანისათვის, ერთი პრემიალური ქულა.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099704