საქართველოს მორაგბეთა თასის გათამაშების 1/4-ფინალში, მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდები მოხვდნენ, მაგრამ მათში, განსაკუთრებულ ინტერესს ერთი დაპირისპირება იწვევდა, რომელშიც რეგულარული პირველობის ლიდერი ქუთაისის “აია”, ვანში, ჩემპიონობის უმთავრეს მოცილე თბილისის “ვისოლი-ყოჩებს” მასპინძლობდა.
ჩამპიონატის ეგიდით, ეს გუნდები პირველ ტურში, თბილისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება ქუთაისელებმა მოიპოვეს - 22:15. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში, თბილისელები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შესვენებაზე გასვლისას ანგარიში 3:3 იყო, მე-2 ნახევარში კი ქუთაისელებმა იმძლავრეს, საკუთარი ძალების ირწმუნეს და გამარჯვებას მიაღწიეს, რის შემდეგაც დარჩენილი შეხვედრებიც წარმატებით ჩაატარეს და ერთპიროვნულ ლიდერად იქცნენ. მაშინ ითქვა, “ვისოლი-ყოჩებმა” იმის გამო ვერ იმძლავრა, რომ მათი მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძე, 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ახლდა და კლუბი ხეირიანად ვერ მოამზადაო. ახლა ეს ეჭვი გაქარწყლდა, რადგანაც “აია”-მ “ვისოლი-ყოჩები” დაძაბულ ბრძოლაში 17:13 დაამარცხა, თასისთვის ბრძოლას გამოთიშა, თავად კი, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდნენ ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისის “ლელო” და “ლოკომოტივი”. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა “ლელომ”, თბილისურ დერბში “არმაზი” 30:12 დაამარცხა, ხოლო “ლოკომოტივმა” “აკადემია” 23:3 დასცა. ნახევარფინალის საგზური ორი კვირით ადრე დაიბევა ბათუმის “ბათუმი XV”-მა, რომელმაც საკუთარ მოედანზე რუსთავის “ხარებს” 20:18 სძლია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია