საქართველოს ნაკრებმა რუსეთს სოჭში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, 24:7 აჯობა და სტუმრად გამართულ შეხვედრებში სარეკორდო სხვაობით დაამარცხა.
წინა რეკორდი ასევე სოჭში, წინა სტუმრობისას დაფიქსირდა და 2013 წელს „ბორჯღალოსნებმა“ „დათვებს“ 23:9 სძლიეს, ახლა კი, იმავე სოჭში ერთით მეტი ლელო გაუტანეს [სამი] და სარეკორდო მაჩვენებელი 17-მდე გაზარდეს - 24:7. ერთადერთი, რაზეც შეიძლება გული დაგვწყდეს ისაა, რომ რუსეთიდან პრემიალური ქულა ვერ წამოვიღეთ, მაგრამ საერთო ჯამში ეს არაფერს წყვეტს და ნებისმიერ შემთხვევაში 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპონატის არაოფიციალური ფინალური ჯახი 19 მარტს, თბილისში, „ბორის ბაიჭაძეზე“ გაიმართება.
რუსეთთან მე-20, საიუბილეო მატჩში ქართველებმა მე-18 გამარჯვება მოიპოვეს, მეტოქე ზედიზედ მე-15-ედ დაამარცხეს და რუსების აუსრულებელი ოცნება ოფიციალურად კიდევ ერთი წლით გადაანაცვლეს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სერია კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან ქართველებსა და რუსებს შორის კლასში სხვაობა წლიდან-წლამდე იზრდება, რაც შედეგებზეც აისახა და მთლიანობაში, მათთან თამაში უკვე უინტერესო ხდება.
კლასში სხვაობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ქართველებს არ უთამაშიათ საუკეთესო შემადგენლობით, მაგრამ ეს შედეგს არ დატყობია. დიახ შედეგს, თორემ თამაშის ხარისხი, შემადგენლობისა არ იყოს, ძალიან შორს იყო სასურველისაგან, მაგრამ რუსეთისთვის ასეთი საქართველოც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, როდესაც საქმე რაგბის ეხება, რუსებისთვის გადამწყვეტი არა მხოლოდ „გორგოძის სინდრომი“, არამედ „ქართული სინდრომია“. მათმა ლიდერებმა უმარტივეს სიტუაციებში შეცდომები მრავლად დაუშვეს, რითაც ქართველთა შეცდომები გააბათილეს. საბოლოოდ, გადამწყვეტი კლასში სხვაობასთან ერთად, ჩვენი შერკინების სიმძლავრე აღმოჩნდა, რომელმაც პირწმინდად წალეკა მეტოქის რვეული და თითქმის ყველა ჯერზე, ოღონდ საკუთარი შერკინებისას, „დათვებს“ დაჯარიმება აიძულა.
მატჩის დღეს მოლოდინი არ გამართლდა და წვიმის ნაცვლად მზიანი დარი გამოვიდა. სოჭის სტადიონზე ნაძალადევად მიყვანილმა გულშემატკივარმა ტრიბუნები თითქმის პირთამდე შეავსო, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა, იმედგაცრუებულმა და გაწბილებულმა, ტრიბუნები შესვენებისას, ან მეორე ნახევრის დასაწყისში დატოვა. რა თქმა უნდა ეს არ ეხება ქართველ გულშემატკივარს, რომელმაც ტრადიციულად, სოჭის სტადიონზე მრავლად მოიყარა თავი და ბოლო წუთამდე გულმხურვალედ უქომაგა „ბორჯღალოსნებს“.
მატჩის დებიუტი ქართველთა შეცდომებით აღინიშნა. ეს იყო დერეფანში ბურთის ცუდად აგდება, ოვალის ვერდამორჩილება და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, მაგრამ ბოჭვებში ჩვენებს არაფერი შეშლიათ და საკუთარი 22-იდან მშვიდად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. მერე რუსები რაქში დაჯარიმდნენ და მერაბ კვირიკაშვილს კარის წინ დაახლოებით 42 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. სამ წუთში მასპინძელთა შერკინებამ უკვე კარის წინ 25 მეტრში გამოიმუშავა ჯარიმა და კვირიკაშვილი ამჯერად ზუსტი იყო.
მიუხედავად შეცდომებისა, სტუმრები თავისუფლად თამაშობდნენ და მართალია გაშლილი ბურთაობა არ გამოვიდა, მაგრამ საქმეში მოლი ჩაერთო, რომელმაც 22-ში ჯარიმის უფლება მოიპოვა, უპირატესობაზე 22-ის წინახაზიდან ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით ზედ კარის წინ ცარიელ ზონაში ჩაკიდა, მას თამაზ მჭედლიძე დაეუფლა და ლამაზი იერიში ლელოთი დაასრულა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:0 მე-20 წუთზე.
ამაზე რუსებმა მწვავე შეტევით გვიპასუხეს. რადგან ბურთი მეტოქეს დავუთმეთ, ის ტერიტორიასაც ფლობდა და ჩვენს 22-ში დიდ დროს ატარებდა, მაგრამ უკვე წითელ ზოლში დაცვა კარგად ირჯებოდა. მერე მეტოქემ ფეხით მოგერიებული ბურთი ვერ აიღო და შესვენებამდე 10-მა წუთმა „ბორჯღალოსნების“ შეტევებში ჩაიარა. აქ ისევ ვერ ივარგა დერეფანმა, მერე მეტოქემ ჩხუბი აგვიტეხა, რეფერიმ გიორგი ნემსაძე და იური კუშნარიოვი გაასინბინა და მალე ტაიმიც დასრულდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ტაქტიკა შეცვალა. გიორგი ბეგაძე ბურთს ფეხით აღარ კიდებდა, რასაც სხვათა შორის შედეგი მოქონდა, აქცენტი იერიშის ხელდახელ გაშლაზე გაკეთდა, ბურთზე კონტროლიც დამყარდა და მცირედი ხარვეზების მიუხედევად, ქართველთა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ჩვენმა ჰავბექმა ბურთი რომ ააჩქარა მჭედლიძემ ხაზი გაჭრა და ის მხოლოდ ლელოდან 5 მეტრში შეაჩერეს და მერე დავჯარიმდით. შემდეგ ჯერზე დერეფნიდან შეტევას გიორგი ნემსაძის მიძალება მოყვა, ის დიდი გაჭირვებით ზედ ლელოსთან შეაჩერეს, სწრაფი ბურთი ანტონ ფეიქრიშვილს მიუვიდა და ქართველმა ბურჯმაც „ბეიონის“ შემდეგ, ლელო ნაკრების მაისურითაც დადო.
კვირკაშვილი გარდასახვიდან არ შეცდა და საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, „ბორჯღალოსნების“ მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში 700-ქულიანი ზღვარი გადალახა. ხარვეზები უპირატესობის ქულებში ასახვაში ხელს ისევ გვიშლიდა, ფლანგზე სანდრო თოდუა რომ გაიქცა არაზუსტი პასი გააკეთა, მაგრამ ნემსაძის წნეხის ქვეშ რუსიც შეცდა, კუშნარიოვი ცუდმა პასმა მასზე მეტად დააბნია და ფეხები აებლანდა, თავისუფალი ოვალი გიორგიმ აიტაცა, მბოჭავი ხელის კვრით ბავშვივით ჩამოიცილა და მატჩს მესამე ლელო გაიტანა. კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 24:0 63-ე წუთზე.
პრემიალური, მეოთხე ლელოს გასატანად საკმარისზე მეტი დრო რჩებოდა, მაგრამ რატომღაც, საკუთარი ნებით მეტოქეს ინიციატივა დავუთმეთ, ჯაბა ბრეგვაძე რაქში დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, რუსებმაც ჩვენს ლელოსთან 5-6 წუთიანი მიძალების შემდეგ ბურთი ფლანგზე გაშალეს და რამილ გაისინმა პრესტიჟის ლელო გაიტანა, ხოლო კუშნარიოვმა გარდასახა. „ბორჯღალოსნებმა“ გვიან მოინდომეს პრემიალური ლელოსთვის შეტევა, მერე ბურთი დაკარგეს და თამაშიც დასრულდა. პრემია არ შედგა, მაგრამ სტუმრად რუსეთის სარეკორდო დამარცხების შემდეგ, თუნდაც არცთუ კარგი თამაშის ფონზე, „ბორჯღალოსნების“ მიმართ საყვედური არავის ეთქმის.
პარალელურ მატჩში, საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე რუმინეთმა, გერმანელებს 8 ლელო გაუტანა, თავად ერთი გაუშვა და 61:7 დაამარცხა. მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა კინიკინილაუმ. ვლაიკუმ პირველ ტაიმში ორი ჯარიმა გაიტანა და მიუხედავად სხვაობისა, ჯარიმით 3 ქულა მეორე ტაიმშიც ჩაიწერა.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
12 მარტი. სოჭი
რუსეთი - საქართველო 7:24 [0:10]
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური [23. მურაზ გიორგაძე 76], 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე [22. ლაშა მალაღურაძე 65], 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე [21. ვასილ ლობჟანიძე 69]; 1. კარლენ ასიეშვილი [17. ზურაბ ჟვანია 55], 2. შალვა მამუკაშვილი [ჯაბა ბრეგვაძე 55], 3. ანტონ ფეიქრიშვილი [გიორგი მელიქიძე 62], 4. გიორგი ჩხაიძე [კოტე მიქაუტაძე 62], 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. საბა შუბითიძე [ბექა გორგაძე 56], 8. ლაშა ლომიძე [მამუკაშვილი 69-78].
3 ლელო: მჭედლიძე, ფეიქრიშვილი, ნემსაძე
3 გარდასახვა: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
2 სინბინი: ნემსაძე, ბრეგვაძე
რუმინეთი - გერმანია 61:7
ესპანეთი - პორტუგალია [19:00 საათი]
4’ რაუნდი * 11/15 თ | ქ | სხვ | ლ | გატ | მ-წ | $ |
საქართველო | 19 | +126 | 22 | 150 | 4-0 | 3 |
რუმინეთი | 19 | +112 | 19 | 151 | 4-0 | 3 |
რუსეთი | 9 | -19 | 11 | 75 | 2-2 | 1 |
გერმანია | 5 | -109 | 11 | 84 | 1-3 | 1 |
ესპანეთი | 2 | -36 | 5 | 45 | 0-3 | 2 |
პორტუგალია | 1 | -74 | 6 | 44 | 0-3 | 1 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად კარგი სათაურია, უშანსოდ იყვნენ.