ივნისის ტესტების ბოლო დღეს, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების გარეშე მობურთალმა ევროპელმა გრანდებმა, სამხრეთელ ბობოლებს ერთი გამარჯვებაც ვერ აართვეს.
ერთი კვირის თავზე, უელსის ნაკრებმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ბევრად უკეთ ითამაშა და ამჯერად მხოლოდ 10:29 დამარცხდა (ერთი კვირის წინ “ოლ ბლექსმა” 42:9 იმარჯვა). ევროპელთა შერკინება წინა შეხვედრასთან შედარებით უკეთესი იყო, ბურთს ისინი კვლავ მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ, მაგრამ დენ კარტერის ხუთი ჯარიმის წინააღმდეგ, მათ წამალი ვერ იპოვეს. შეხვედრაში სულ სამი ლელო გავიდა და აქედან ორი, დასკვნით სამ წუთზე მოდის. 79-ე წუთზე, უელსმა 19 ქულიანი ჩამორჩენა ლელოთი შეამცირა, მაგრამ ორ წუთში თავადაც ლელო გაუშვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
უელსი მე-3 წუთზე ჰალფპენის შორეული ჯარიმით დაწინაურდა, დენ კარტერმა 10 წუთში ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა, 24-ე წუთზე კი ზელანდიამ მარჯვნიდან მარცხნივ ჩაათამაშა ბურთი, კორი ჯეინი ორ მცველს გაექცა და ლელო გაიტანა, კარტერმა კი გარდასახვა შეასრულა. ტაიმის მიწურულს “ოლ ბლექსმა” მეტოქის 22-ში შეაღწია, ლე ბარნიმ უხეში ბოჭვისთვის სინბინი დაიმსახურა, კარტერმა კი ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ზელანდიელები 13:3 დააწინაურა. მეორე ნახევრის პირველ 15 წუთში კარტერის სამი ზუსტი ჯარიმით, ახალმა ზელანდიამ 19 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 22:3. 70-ე წუთზე ორივე გუნდი მოედანზე 14-14 კაცის ამარა დარჩა, უელსი მეტოქეს მარცხენა ფლანგიდან მიეძალა, მასპინძლებმა ისინი ჩათვლის მოედნიდან 2 მეტრში შეაჩერეს, ევროპელებმა ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშეს, რობერტსმა მცირე პაუზით მბოჭავი ჩამოიცილა და საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. სულ მალე, პირველსავე დამატებულ წუთზე, ზელანდიამ სტატუსკვო აღადგინა. ფრუდენმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ფეხით შეაგორა ბურთი, ბარნიმ მისი დაჭერა ვერ მოახერხა და კრუდენმა დაამიწა, ვეეპუმ კი რეალიზაციით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ავსტრალიის ნაკრებმა, ირლანდიელთა წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაში სულაც ვერ აჩვენა, მაგრამ ერთი კვირის წინ ინგლისთან 20:21 მარცხის შემდეგ, ამჯერად 22:15 იმარჯვა. ექვსი ერის დასკვნითი შეხვედრიდან მოყოლებული, აგერ უკვე მეხუთე შეხვედრაა ირლანდიამ გამარჯვება ვერ მოახერხა, არადა, ამ ტურნეზე მის წინააღმდეგ ყველაზე სუსტი ნაკრები იდგა და რომ არა შეცდომები, “სამყურებს” გამარჯვების შანსიც ექნებოდათ. საწყის 10 წუთში ირლანდიელთა მიერ გატანილ ორ ჯარიმას, მე-13 წუთზე მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით უპასუხეს, მე-18 წუთზე ირლანდიამ საკუთარი შერკინება მოიგო, 8 ნომერმა კრის ჰენრიმ ბურთი აიღო მისი მიწოდება ტომას ოლეარიზე გადაწყვიტა, მაგრამ ლუკ ბურგეს ჩანაფიქრს მიხვდა, გადაცემა ჩაჭრა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა. ირლანდიამ სალელოვედ შეუტია, მაგრამ მხოლოდ ორი ჯარიმით იხეირა, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ევროპელები 15:11 იგებდნენ. ტაიმი თითქმის დასრულებული იყო და მორაგბეები შეხვენებისთვის ემზადებოდნენ, როცა ქუად კუპერმა ცრუმოძრაობით, თითქოს გადაცემას აკეთებდა, ირლანდიელები დააბნია, ორ მეტოქეს შორის გაძვრა, ბოლო მცველი ჩამოიშორა და ლელო გაიტანა. ავსტრალიამ ტაიმი 16:15 მოიგო, მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში, მონაგარს ორი ჯარიმით კიდევ 6 ქულა შემატეს და 22:15 იმარჯვეს.
სამხრეთ აფრიკამ ერთი კვირის წინანდელი ეჭვები გააბათილა და ამჯერად, იტალია 55:11 გაანადგურა (ერთი კვირის წინ აფრიკამ იტალიას მხოლოდ 29:13 სძლია). კარგად ითამაშა აფრიკელთა შერკინებამ და მთლიანად თავდასხმის ხაზმა, მაგრამ უკანახაზელებზე ბურთი არცთუ ისე კარგად გადიოდა, როგორც ეს გულშემატკივრებს და თავად მორაგბეებს სურდათ. მორნი სტეინმა მეტოქეს პირველი ლელო დამცინავად გაუტანა და რადგან მანმადე გუნდებს ჯარიმები ჰქონდათ გაცვლილი, ანგარიში 10:3 გახდა. მალე იტალიელებმა ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა, აფრიკელებმა ჯარიმითვე უპირატესობა გაზარდეს, ხოლო შესვენებამდე, მეტოქეს ორი ლელო უსახსოვრეს და ტაიმი 27:6 მოიგეს. ორიდან ერთი ლელო სტეინმა მიითვალა. მეორე ტაიმი კიდევ უფრო ლაღი გამოდგა, აფრიკელებმა ოთხი, ხოლო იტალიელებმა ერთი ლელო გაიტანეს და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
ვერაფერს უხერხებს საფრანგეთის ნაკრები არგენტინას. 2002 წლიდან დღემდე, აგერ უკვე მეცხრედ შეხვდნენ ეს გუნდები ერთმანეთს და “პუმებმა” მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს. ამასთან, ბუენოს აირესი “მამლებს” ცუდად აქვთ დაცდილი, რადგანაც, განვლილ რვა წელიწადში, ამ ქალაქში მათი მეოთხე თამაში მეოთხე მარცხით დასრულდა. მანმადე, არგენტინელები ზედიზედ ორჯერ დამარცხდნენ შოტლანდიასთან და საკუთარი გულშემატკივარის წინაშე რეაბილიტაცია სურდათ. მათ ეს ბრწყინვალე სტილში, ფრანგთა 41:13 დამარცხებით მოახერხეს.
პირველ ტაიმში, ფრანგთა ორ ჯარიმას არგენტინელებმა ოთხით უპასუხეს, ზედ შესვენების წინ კი, მათ საკუთარ 22-ში აიღეს გადაკიდებული ბურთი, ხელდახელ შეუტიეს, ხაზი გაჭრეს და ლელო გაიტანეს. მეორე ტაიმში ბრწყინვალე ლელო მიითვალა ფელიპე კონტეპომმა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევით იხეირა. ფრანგებმა ტრინდუკის გარღვევით და მალზიუს ლელოთი უპასუხეს, ხოლო მატჩის ბოლომდე, ფერნანდეს ლობმა, მერე კი კვლავ კონტეპომმა, საბოლოო შდდეგი დააფიქსირეს.
ინგლისელებისთვის შუა კვირაში ახალზელანდიელმა “მაორებმა” მოიცალეს და ლაღ, ლამაზ თამაშში ევროპელები 35:28 დაამარცხეს. მიუხედავად მარცხისა, ინგლისელებმა კარგად ითამაშეს შეტევაში, თუმცა, “მაორი” ჰოსეა გეარის ჰეთ თრიკმა, ყველა სხვა მორაგბე დაჩრდილა. თამაში ევროპელთა უპირატესობით დაიწყო და სულ მალე ეს უპირატესობა ჰოჯსონის ჯარიმით, ერმიტეიჯის ლელოთი და იმავე ჰოჯსონის გარდასახვით, ათქულიან უპირატესობად იქცა. მალე ჰოჯსონმა თავისი მეორე ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ “მაორებმაც” ხელი გამოიღეს, ორი ლამაზი კონტრშეტევა განახორციელეს, რასაც ორი ლელო მოყვა, ზუსტ გარდასახვებს ერთი ჯარიმაც დაერთო და მასპინძლები 17:13 დაწინაურდნენ.
შესვენებამდე ინგლისმა ზელანდიელთა დაცვის არაორგანიზებულობით ისარგებლა და ორი ლელო გაიტანა, რასაც ერთი რეალიზაცია და ერთიც ჯარიმა დაერთო. შედეგად, ტაიმი სტუმრებმა 28:17 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. თამაში იმით გაგრძელდა, რომ გეარმა ინგლისელთა დაცვის ხაზში არსებული ნაპრალებით ისარგებლა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. მალევე “მაორებმა” ინგლისელთა შეცდომით ისარგებლეს და გეარმა თავისი მესამე ლელო გაიტანა, მაკალისტერმა კი გარდასახვით მასპინძლები 48-ე წუთზე 29:28 დააწინაურა. ინგლისი შეტევებს განაგრძობდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს, მკვიდრმა ზელანდიელებმა კი მონაგარს ორი ჯარიმა შემატეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. ამრიგად, “მაორებმა”, რომელთა არსებობაც 100 წელზე მეტს ითვლის, 2010 წლის ივნისის ტესტებზე სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია