ამბები

15:44 | 29.06.2010 | ნანახია 3435 - ჯერ

ზირაქაშვილმა “კლასიკურ ოლ ბლექსს” აჯობა

საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის ჩემპიონის “კლერმონის” შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ახალ ზელანდიის 2007 წლის ნაკრებს დაუპირისპირდა. ზირაქაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელსაც ასეთ დონეზე ასპარეზობის პატივი ერგო. წლევანდელი “მსოფლიო თხუთმეტი“ (World XV) ფრანგული, სამხრეთაფრიკული, ავსტრალიური და ინგლისური კლუბების, ასევე კუნძულ ფიჯის წამყვანი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული.
ზირაქაშვილის გარდა, “კლერმონიდან“ ნაკრებში კანადელი ჯიმი კუდმორიც მიიწვიეს, ხოლო “ტულუზადან“ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილ წევრ ჟან ბიუიუსა და დან იუმანს უხმეს.
ახალი ზელანდიის “Classic All Blacks”, როგორც უკვე ავღნიშნეთ,  2007 წლის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. “მსოფლიო თხუთმეტის” წინააღმდეგ გამოსულ “ძველ ზელანდიელთაგან“ აღსანიშნავი არიან ენდრიუ მერთენსი, გრეგ სომერვილი, ბაირონ კალაჰერი და ჯერი კოლინსი, რომლებიც დღესდღეობით, იაპონიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წამყვან კლუბებში თამაშობენ.
ჩინელი ბიზნესმენის მიერ დაფინანსებული შეხვედრა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გაიმართა და ახალზელანდიური რაგბის მემკვიდრეობას მიეძღვნა. ბილეთი 250 ევრო ღირდა და სტადიონი ძირთადად მაღალი რანგის სტუმრებით იყო სავსე. პერსონალური მიწვევით ღონისძიებას მსოფლიო რაგბის სუპერვარსკვლავი და “ოლ ბლექსის” ყოფილი მოთამაშე, 32 წლის  ჯონა ლომუც დაესწრო.
მატჩი 45-გრადუსიან სიცხეში წარიმართა, რის გამოც ოცწუთიანი ტაიმები ათწუთიანი შესვენებებით წყდებოდა: “ასეთ სიცხეში არასდროს მითამაშია. ყოველი მატჩის შემდეგ, საშუალოდ ორ, ორნახევარ კილოგრამს ვიკლებ, კუალა ლუმპურის შეხვედრაზე კი ოთხი კილო დავიკელი. თუმცა, როდესაც მსოფლიო ნაკრებში გამოსვლის პატივი გაქვს, სიცხე სათვალავში ჩასაგდები არ არის“, - განაცხადა ზირაქაშვილმა თამაშის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 36:26 მოიგო.
ცნობისთვის, მსოფლიო გუნდის შეკრების ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოს ჩაეყარა. იმ პერიოდში საერთაშორისო სარაგბო ტურნირები ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, არგენტინა და აპარტეიდის ხანის სამხრეთ აფრიკა კი დიდ სარაგბო ქვეყნებთან მატჩების ორგანიზებას ამაოდ ცდილობდნენ.
“მსოფლიოს თხუთმეტმა” პირველი შეხვედრა 1977 წელს სამხრეთ აფრიკასთან გამართა და 24:45 წააგო, არგენტინას კი 1980-83 წლებში გაეჯიბრა და ეს მატჩებიც დათმო. 1986 წელს, მსოფლიო გუნდის შეკრება რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.  მაშინდელი ნაკრები სარაგბო სამყაროს ერთ-ერთ პრესტიჟულ გუნდს – “ბრიტანელ ლომებს“ დაუპირისპირდა, რომელიც  ოთხ წელიწადში ერთხელ ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ირლანდიის წამყვან მორაგბეებს აერთიანებს.
ამ ღონისძიების შემდგომ, “მსოფლიო თხუთმეტისა” და ტიტულოვანი ეროვნული ნაკრებების თამაშს, როგორც წესი, სარაგბო სამყაროს  მნიშვნელოვან თარიღებს უკავშირებენ. ისეთებს, როგორიცაა სამხრეთ აფრიკის სარაგბო საბჭოსა, თუ ახალზელანდიური რაგბის გუნდის საუკუნოვანი იუბილეები, ტონგას მეფის კორონაცია და სხვა.

 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082101