ამბები

10:02 | 4.07.2010 | ნანახია 2464 - ჯერ

კარლენ ასეიშვილი: "სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს"

23 წლის კარლენ ასეიშვილი საქართველოს ნაკრების პირველ ხაზში არსებულ კონკურენციას არ უფრთხის და იმედოვნებს, რომ ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. A ნაკრებში გამოცდილების მიღების შემდეგ, მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, ბუქარესტში 3 შეხვედრა ჩაატარა და მსაჯობით განაწყენებული დარჩა, თუმცა, უდიდესი გამოცდილებაც შეიძინა და როგორც ამბობს, სამომავლოდ, საქართველოს ღირსების დასაცავად მუდამ მზადყოფნაში იქნება.

კარლენ ასეიშვილი: შოტლანდიასთან მატჩში, ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ და სენსაცია მოვახდინეთ. მერე, იტალიასთან ცოტა მოვიკოჭლეთ, არადა, გვეგონა, მათთან გაგვიადვილდებოდა. ბევრი შეცდომა დავუშვით. ნამიბიასთან მარცხს კი, პირადად მე - თავიდან ბოლომდე მსაჯს ვაბრალებ. პირველი ტაიმი მოვიგეთ, მე-2 ნახევარში კი, სრულიად სხვა თამაში წავიდა და სამწუხაროდ, დავმარცხდით.
- ნამიბიასთან საქართველოს ნაკრებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. თუ პირველ ნახევარში შეტევაში იყავით, მე-2 ტაიმი სრულად დათმეთ.
- მე-2 ტაიმში ნამიბიელებმა შემოგვიტიეს და იძულებულები ვიყავით, თავი დაგვეცვა. ვფიქრობ, ამას ურიგოდ არ ვახერხებდით, მაგრამ მსაჯმა, ჩემი აზრით, რამდენჯერმე არასწორად დაგვაჯარიმა, რამაც გაგვტეხა და უპირატესობა ვეღარ შევინარჩუნეთ.
- არასწორად გაჯარიმებდათ, თუ წესების ცვლილებების გამო, თქვენ უშვებდით შეცდომას?
- პირადად ჩემი აზრია, რომ მსაჯმა ისეთი ჯარიმები დანიშნა, რაც არ უნდა დაენიშნა. ამან გაგვტეხა და მე-2 ტაიმი საერთოდ ვერ ვითამაშეთ, რამაც ჯამში, მარცხამდე მიგვიყვანა.
- ეროვნულ გუნდში პირველად 2 წლის წინათ, ბუქარესტის ტურნირზე ითამაშეთ. რა განსხვავება იყო იმ და ახლანდელ ტურნირს შორის?
- 2 წლის წინათ, მე მხოლოდ 10 წუთით ვითამაშე იტალიასთან. მაშინ შერკინება არც დაინიშნა და თავის გამოჩენის საშუალება არ მქონდა, ახლა კი, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინე. კარგ ფორმაში ვიყავი და ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე, თუმცა, ეს ჩემი მაქსიმუმი არაა.
- ბუქარესტში პირველ ორი თამაშში შეცვლაზე გამოხვედით, ნამიბიასთან კი, ძირითადში იყავით...
- ალბათ, მწვრთნელები კმაყოფილნი დარჩნენ ჩემი თამაშით და ძირითადში ამიტომ მანდეს ადგილი. შოტლანდიასთან მატჩში, ჩემი შესვლის შემდეგ გარდატეხა მოვახდინეთ და გავიმარჯვეთ, რაც მწვრთნელებს არ გამორჩათ და ნამიბიასთან სასტარტო შემადგენლობაში დამაყენეს.
- შოტლანდიის ძლევის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ იტალიასთან და ნამიბიასთან გამარჯვება არ გაგიჭირდებოდათ.
- ჩვენც გამარჯვებას ველოდით. იტალიას კარგი გუნდი ჰყავდა, მაგრამ უფრო ჩვენი შეცდომების გამო ვერ მოვიგეთ. ჯარიმები ვერ გამოვიყენეთ, იტალიელებმა ზუსტად ურტყეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩათვლის მოედანს არ გავაკარეთ, მაინც დავმარცხდით. ჯარიმები ჩვენც რომ გამოგვეყენებინა, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.
- საქართველოს ნაკრები იტალიასთანაც ბევრჯერ დაჯარიმდა.
- ამ მარცხს მსაჯს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. იტალიას მართლაც საუკეთესო ნაკრები ჰყავდა. შესაძლოა, მან გარკვეული შეცდომები დაუშვა, მაგრამ თამაში მაინც ჩვენ წავაგეთ.
- რაც ბუქარესტში ეს ტურნირი ტარდება, ფავორიტები პირველივე დღიდან დიდი ანგარიშებით იგებდნენ, წლეულს კი, პირიქით მოხდა. ფავორიტებად მიჩნეულმა შოტლანდიელებმა და არგენტინელებმა, წარმატებას ვერ მიაღწიეს. ისინი დასუსტდნენ თუ სხვა ნაკრებების დონემ აიწია?
- მეორე დონის ნაკრებების სათამაშო დონემ აიწია. გამოცდილება მივიღეთ, მეტად მოვინდომეთ და უკეთესი რაგბი ვითამაშეთ.
- საქართველოს A და ეროვნულ ნაკრებს შორის რამდენად დიდია განსხვავება?
- განსხვავება მართლაც შესამჩნევია. თუნდაც ის, რომ შენი ქვეყნის ღირსებას უმაღლეს დონეზე იცავ, ჩემს ცხოვრებაში დიდი ნახტომია. საქართველოს ნაკრებს პირველ ხაზში უძლიერესი მორაგბეები ჰყავს და ეროვნულ გუნდში ჩემი მოხვედრა იმის მანიშნებელია, რომ დიდი რაგბის თამაში შემიძლია.
- ეროვნულ ნაკრებამდე A ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იყავით.
- სუფთა სარაგბო კუთხით, იქ უზარმაზარი განათლება მივიღე. ქუჩაში ყველა რაგბის ბურთით დადის და უმაღლესი დონის ბაზები აქვთ. ყველანაირი პირობაა საიმისოდ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა რაგბი ითამაშოს. იქ ბევრი რამ ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე და თავდაჯერებული გავხდი. გამოჩნდა, რომ ეროვნული გუნდის წევრებს ღირსეული შემცვლელები ეზრდება.
- იქ ორი თამაში მოიგეთ.
- პირველი შეხვედრისას, სათანადოდ არ დაგვაფასეს და საკადრისადაც დაისაჯნენ. ეგონათ, რომ საქართველოს A ნაკრები სუსტი იქნებოდა. მეორე შეხვედრაში უკეთესი გუნდი გამოგვიყვანეს, მაგრამ ჩვენი ჯიგრით და მონდომებით, გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ.
- ეგ ჯიგარი იტალიასთან და ნამიბიასთან დაგაკლდათ?
- მაგას ვერ ვიტყვი. მოვინდომეთ, მაგრამ სპორტში ასეთი რამ ხდება. შეცდომები დავუშვით და ამიტომაც წავაგეთ.
- საქართველოს ნაკრები დისციპლინის მხრივ მოიკოჭლებს. რით უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
- უპირველესად, შიდა ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს. მორაგბე თავიდანვე უნდა შეეჩვიოს დაძაბულ მატჩებს. ნამიბიასთან, დაძაბულობამ საქმეში ნერვები ჩართო, თავი ვეღარ მოვთოკეთ და 3 ყვითელი მივიღეთ.
- წესების ცვლილებამ რამდენად დაგაზარალათ?
- პირადად ჩემზე დიდად იმოქმედა. საქართველოს ჩემპიონატში, ჩემს პოზიციაზე სულ სხვა დგომა მქონდა, იქ კი განსხვავებული სიტუაცია იყო. მთელი ცხოვრება მხარს ვმალავდი, ბუქარესტში კი მსაჯები ამას გვიკრძალავდნენ და თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე ამასაც ავუღე ალღო.
- როგორ ფიქრობ, ტიმ ლეინი წაგიყვანთ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- არ ვიცი. ბუქარესტში მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი იყო და პირად საუბრებში შენიშვნა არ მოუცია, მაგრამ საქართველოს უმაღლესი დონის ლეგიონერები ჰყავს, მე კი მისაღწევი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს.  
- “ვისოლი-ყოჩების” მიზნებზე რას იტყვით?
- პირველ ტურში, “აია” სათანადოდ ვერ დავაფასეთ და წავაგეთ. იგივე დაგვემართა მათთან თასის გათამაშებაში. ვფიქრობ, “ვისოლი-ყოჩები” წლეულს საჩემპიონო გუნდია. ტრავმირებული მორაგბეები გვყავს და როდესაც ისინი გამოჯანმრთელდებიან, შემცვლელების მხრივ პრობლემა აღარ გვექნება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081657