საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, წლეულს იმდენად კარგი სეზონი ჩაატარა, რომ მსოფლიოს ნაკრებში მიიწვიეს და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც პლანეტის უძლიერესი მორაგბეების მხარდამხარ ითამაშა. მისმა გუნდმა, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ახალი ზელანდიის 2007 წლის ფორმაციის ნაკრები 36:26 დაამარცხა და ამით, 26 წლის ქართველმა ბურჯმა ბავშვობის ოცნება აიხდინა. “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ თამაში ბევრი მორაგბისთვის მხოლოდ ოცნებად რჩება, ხოლო ზირაქაშვილმა, ზელანდიელებს ეთამაშა კიდეც და პირველი მარცხიც აგემა.
მანამდე, “ზირაქამ” კიდევ ერთი ოცნება აიხდინა - ის “კლერმონთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ახლა მორიგი ოცნების დრო დგება - ზირაქაშვილს არგენტინის ეროვნული ნაკრების დამარცხება უნდა და ამის შანსი 2011 წლის მსოფლიოს თასზე ექნება. “მსოფლიო სპორტი” ზირაქაშვილს მშობლიურ რუსთავში შეხვდა.
- თქვენ პირველი ქართველი მორაგბე ხართ, რომელმაც მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა...
- მოწვევა რომ მივიღე (საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალის წინ), ძალიან გამიხარდა. ფიქრითაც ვერ გავივლებდი, თუ მსოფლიოს ნაკრებში თამაშს შემომთავაზებდნენ. ეგრევე თანხმობა მივეცი, მაგრამ მერე დავშავდი, გულმკერდის ფიცარი დავიზიანე და უარი ვთქვი. თუმცა, თამაშამდე 15 დღით ადრე შემომთავაზეს, რომ თუ იმ მომენტისთვის უკეთ ვიქნებოდი, მაინც მეთამაშა და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
- თავად მატჩე რას იტყვი?
- მე უფრო მაყურებელი ვიყავი, ვიდრე მოთამაშე. როდესაც ახალზელანდიელებმა ტრადიციული “ჰაკა” შეასრულეს, ჩემი თანაგუნდელები, ავსტრალიელები, ინგლისელები, სამხრეთაფრიკელები, მას სულ სხვა განწყობით შეხვდნენ, მე კი ვცდილობდი, არცერთი დეტალი გამომრჩენოდა.
- “ჰაკა” მართლა ასეთი საშიშია და მართლაც დამთრგუნველად მოქმედებს მეტოქეზე?
- პირადად მე მასე ვერ აღვიქვი. უფრო სპექტაკლად მივიღე. არც შემშინებია და არც "ეკალს დაუყრია", სანახაობა კი, მართლაც კარგია. შესაძლოა, ამხანაგურ თამაშს რომ ვთამაშობდით, გარკვეული გავლენა მაგანაც იქონია. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც “ჰაკასთან” უშუალო შეხება მქონდა და დიდი სიამოვნება მივიღე.
- თამაშმა როგორ ჩაიარა?
- 48-გრადუსიან სიცხეში ვითამაშეთ. ცხელი ჰაერი უბერავდა და 10 წუთი რომ ვთამაშობდით, მერე 10 წუთი ვისვენებდით. სხვანაირად შეუძლებელი იყო. ეს უფრო სანახაობა იყო და ტემპს ვერ შევინარჩუნებდით, ასე კი ყველა კმაყოფილი დარჩა.
- მსოფლიოს ნაკრებში თამაში განსაკუთრებული შეგრძნება იქნება...
- თავი სიზმარში მეგონა. იქ ისეთი მოთამაშეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგ თამაშს, სულ რაღაც 10 წლის უკან, როცა რაგბის თამაშს ვიწყებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისინი აქტიური სპორტსმენები აღარ არიან, ეს მაინც აუხდენელი ოცნების ახდენა იყო.
- მოედანზე სრულად დაიხარჯე?
- მაგარი დრო კი ვატარეთ, მაგრამ უშუალოდ შეხვედრაში ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ერთმანეთს ვხოცავდით, არავინ არაფერს თმობდა. მარტო შერკინებაში არ ვიხარჯებოდით სრულად. ძალიან რომ ცხელოდა, შერკინებაში 100 პროცენტით რომ მივწოლოდით ერთმანეთს, მერე თამაშს ის ეფექტი აღარ ექნებოდა, რადგანაც დიდ ენერგიას წაგვართმევდა. პიროვნებამ, ვინც ეს შეხვედრა მოაწყო, ლამაზი რაგბის თამაში მოინდომა. ამიტომ, შერკინებაში სერიოზულად კი შევდიოდით, მაგრამ იქ აღარ ვჭიდაობდით და ყველას თავისი ბურთი მიჰქონდა.
- მსოფლიოს ნაკრები ყოველ წელს შეიკრიბება?
- წლეულს ერთ-ერთმა მილიონერმა მოინდომა, დიდი ფული დახარჯა და ეს შეხვედრა მოაწყო. ზელანდიელები ყოველ წელს იკრიბებიან და თამაშობენ, თუმცა, აქამდე წაგება არ ჰქონდათ, ახლა კი ჩვენთან დამარცხდნენ. 36:26 მოვიგეთ და მაგარი ნაწყენები დარჩნენ. თავიდან, ათ წუთში 2 ლელო რომ გაგვიტანეს, ვიფიქრე, დიდი ანგარიშით მოგვიგებენ-თქო, მაგრამ მერე მაგარი თამაში წავიდა და სიტუაციის შემობრუნება მოვახერხეთ. მსოფლიოს ნაკრები რეალურად პირველად შეიკრიბა. აქამდე, მსოფლიოს ნაკრები თეორიულად 2007 წელს დასახელდა და ჩემდა ბედად, იმ შემადგენლობაშიც მოვხვდი, თუმცა, მაშინ მატჩი არ შედგა.
- ეს მატჩი რამდენად წაგადგება ეროვნულ ნაკრებში თამაშისას?
- ეს უფრო თავგადასავალი იყო, ვიდრე გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება მოგონებად. სწავლით არაფერი მისწავლია. შეიძლებოდა, კარიერა ისე დამესრულებინა, რომ შავ მაისურებში ჩაცმულებისთვის ხელი ვერასდროს დამედო. ახლა ოცნება ამიხდა, როგორც ბავშვს, რომელსაც რაღაცას უყიდიან. მეც ასეთივე გახარებული ვარ.
- მსოფლიოს ნაკრებში მოხვედრამდე, შენ და “კლერმონმა”, როგორც იქნა, საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხეთ.
- ფინალში ძალიან ცუდი თამაში ვაჩვენე. მთელ სეზონს თუ შევაჯამებთ, საუკეთესო სეზონი მქონდა. მთლიანობაში, 1865 წუთი ვითამაშე და ამხელა მაჩვენებელი აქამდე არცერთ წელს მქონია. უფრო მეტიც, შერკინების არცერთ მოთამაშეს, მოედანზე ამხელა დრო არ გაუტარებია. ნახევარფინალი და ფინალი ძირითად შემადგენლობაში უნდა დამეწყო, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა და ორივე შემთხვევაში შეცვლებზე შევედი.
- “ტულონთან” გამართულ ნახევარფინალში, შენ ლელო გაიტანე, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგი ფიქრობს, რომ იმ მომენტში ბურთი ხელიდან გაგივარდა და ლელო არ უნდა ჩათვლილიყო.
- მაგას ტულონელები ამბობენ, იმიტომ, რომ ჩემმა ლელომ ბევრი რამ გადაწყვიტა. მართალია, მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ დამატებით დროში მაინც ჩვენ მოვიგეთ. რაც შეეხება ლელოს, როდესაც ჩათვლის მოედანში შევდიოდი, უილიამსმა ხელში ჩამარტყა და ბურთი ჩაცურდა, მაგრამ სანამ ბურთი მიწას შეეხებოდა, მე მისი გაკონტროლება მოვახერხე. ათასჯერ ვნახეთ განმეორება და ნებისმიერი მსაჯი, ლელოს აუცილებლად ჩათვლიდა. ამ მომენტს მთელი გარჩევები მოჰყვა. ბევრი ამბობდა, რომ ლელოს არ ჩათვლიდა, თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ვინც ლელოს ჩათვლის მომხრე იყო. გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ გადამწყვეტი თამაში იყო. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ჩვეულებრივ თამაშში ლელოს ჩათვლიდნენ, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრის კვალობაზე, გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებოდათ. რაც მთავარია, 5 ქულა ჩაითვალა და მეც მეტი არაფერი მაინტერესებს. პირადად ჩემთვის, ლელო იყო.
- ფინალში, როგორც ახსენე, თამაში არ წაგივიდა...
- წესით, ფინალში არც უნდა მეთამაშა, კისერი მქონდა გაშეშებული. ზედ თამაშის წინ, როდესაც კისერს ვახურებდი, კუნთი გამიწყდა და უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი. შერკინებაში იძულებული გავხდი გულმკერდი გამეხსნა და პირველი დაჯახებისას ფიცარი გამიტყდა. ასეთ სიტუაციაში, სჯობდა, ჯანმრთელ მორაგბეს ეთამაშა და შეცვლა ვითხოვე. ფინალი რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც ვითამაშებდი, მაგრამ გადამყვეტი თამაში იყო და მოედანზე მაინც გავედი.
- TOP 14-ის ფინალი მეოთხე ცდიდან მოიგეთ, ახლა “ჰეინეკენის თასის” ჯერია?
- ოთხჯერ რომ გავალთ მის ფინალში, მერე მასაც მოვიგებთ. აქამდე, “ჰეინეკენის თასზე” სერიოზულად არც ვთამაშობდით. მიზანი საფრანგეთის ჩემპიონობა იყო. მომავალ წელს “ჰეინეკენის თასს” ექნება უპირატესობა და დარწმუნებული ვარ, წლევანდელზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
- აქამდე, ევროთასებზე ბრიტანული და ირლანდიური გუნდები დომინირებდნენ, წლეულს კი, ორივე ტურნირის ფინალში სამმა ფრანგულმა კლუბმა ითამაშა.
- დღესდღეობით, ფრანგები ბრიტანელებზე წინ არიან. ინგლისელებს არ უყვართ ლეგიონერების ჩაყვანა, ფრანგულ კლუბებში კი, 8-9 მაღალი დონის ლეგიონერია თავმოყრილი. კრიზისის შემდეგ, ბრიტანულ კლუბებს ფინანსურადაც გაუჭირდათ, ფრანგებმა კი უფრო მარტივად გადალახეს ეს პრობლემა და ექვს ერზეც საფრანგეთმა იმარჯვა.
- მაგრამ საფრანგეთის ნაკრები არგენტინასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა...
- არგენტინელები ფრანგებს ვერ იტანენ და მათთან ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობენ. მეც ვერ ვიტან არგენტინელებს და თუ მათ დამარცხებას ერთხელ მაინც მოვახერხებ, შეიძლება რაგბს მაშინვე თავი დავანებო. აქ კი დავამარცხეთ, მაგრამ ეგ არ მაინტერესებს, პირველ გუნდს მინდა მოვუგოთ. არგენტინელები ფრანგებს ფსიქოლოგიურად სჯობნიან.
- ოცნების ახდენის შესაძლებლობა 2011 წელს, მსოფლიო თასზე გექნება.
- ვიცი. ვერ ვიტყვი რომ აუცილებლად მოვიგებთ, მაგრამ ფრანგებივით 40 ქულითაც არ წავაგებთ. 2007 წელს, არგენტინელებს 62 წუთი ტოლსწორად ვეთამაშეთ, მაგრამ მერე ფსიქოლოგიურად ვეღარ გავძელით და 4 ლელო გავუშვით. სპორტში ჯანზე არაა ყველაფერი. კუნთებს გონება მართავს და თუ ფსიქოლოგიურად სწორად ხარ მომზადებული, ენერგიაც არ გამოგელევა. სწორედ ეგ დაგვაკლდა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და თუ ახლა იგივე შეცდომა არ დავუშვით, შედეგიც უკეთესი იქნება. ადამიანს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ჰგონია. წაგებული თამაშების უმეტესობა სწორედ იმიტომ წამიგია, რომ საჭირო ძალა ვერ მიპოვია.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე რა შანსები გვაქვს?
- როგორც ჩვენსა და არგენტინას, ისე ჩვენსა და შოტლანდიას შორის, ყველაფერს გადაწყვიტავს ფსიქოლოგიური მომზადება. ისინი არ ელიან, რომ საქართველო მოედანზე გავა და მეტოქეს შეასკდება, ისინი 20-30-წუთიან საქართველოს ელიან. ჩვენ თუ მოვახერხეთ და მთელი 80 წუთის განმავლობაში ვიომეთ, გამარჯვებაზეც შეიძლება ფიქრი. არავინ უნდა დაიღალოს და ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს.
- რაგბის კავშირი ახალ ზელანდიაში ორ მოგებას გეგმავს. ერთ-ერთი შეიძლება რეპეშაჟიდან გასული გუნდი იყოს, მაგრამ მეორე ვის შეიძლება მოვუგოთ - არგენტინას, ინგლისს თუ შოტლანდიას?
- ინგლისსაც დავეჭიდებით, მაგრამ რეალურები უნდა ვიყოთ. ნურავინ ფიქრობს, რომ არგენტინასთან მოგება მარტივი იქნება. ჩემი აზრით, ამ სამეულიდან შოტლანდიის დამარცხების შანსი უფრო გვაქვს. შოტლანდიელებს შერკინებაში უნდა ვაჯობოთ. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს და როდესაც შოტლანდიის შერკინება უკან იხევს, მათი უკანახაზელებიც ვეღარ თამაშობენ. არგენტინას შერკინების ძლიერი ხაზი ჰყავს. მათი უკანახაზელები შოტლანდიელებსაც სჯობნიან და ჩვენზე ათი თავით მაგრები არიან. ჩემი აზრით, არგენტინასთან ცუდი საყურებელი თამაში იქნება. რაც შეეხება შოტლანდიას, ტაქტიკურად უნდა მოვუგოთ. მე არ ვიცი ფედერაცია რას ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით, მოგება შოტლანდიასთან უფრო შეიძლება, არგენტინასთან კი დიდი ანგარიშით არ უნდა დავმარცხდეთ.
- არ შეიძლება რუსეთთან ტრაბზონში გატანილ ლელოზე არ გკითხო. ვაგებდით, შენი ლელოს შემდეგ კი, მეტოქე გატყდა და სარეკორდო სხვაობით მოვიგეთ...
- მაგ მომენტში, ეგ ლელო გვჭირდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ გაიტანდა, მთავარი ლელოს გატანა იყო. წარმოიდგინე, ვიღებთ ლელოს, ვაგებთ, აბუსერიძესა და ზედგინიძეს თავს უტეხავენ. მოკლედ, ფსიქოლოგიურად ცუდ დღეში ჩავვარდით. ბიჭებს რომ შევხედე, ყვგელანი თავჩახრილები იდგნენ და მერწმუნეთ, ყველა ფიქრობდა, რომ წავაგებდით. მეც უკვე “ბზარები მიჩნდებოდა”, სპორტში კი, ყველაზე ცუდი ეგ არის. ბიჭებს შემოვუძახე, თავები არ დახაროთ, სულ რომ 100 ქულითაც ვაგებდეთ, თავები ზევით გეჭიროთ-თქო. დიდად დაგვეხმარა “აბუს” დაბრუნება. თავი ისე გაუტყდა, მის დაბრუნებას აღარავინ ველოდით, მან კი თამაში მაინც განაგრძო. მაგ მომენტში ბურთი ჩამივარდა, მეტოქე ცრუმოძრაობაზე დავიჭირე და ლელო გავიდა. ეგ რომ არა და რუსებს 3 ქულა კიდევ გაეკეთებინათ, დამერწმუნეთ, ფსიქოლოგიურად უკვე წაგებული ვიქნებოდით. ფიზიკურად, რუსები ჩვენზე დიდები არიან და ჩვენზე მეტს ვარჯიშობენ ერთად, მაგრამ ფსიქოლოგიურად ყოველთვის ვჯობნით.
- ახალი სეზონისთვის როდიდან იწყებთ მზადებას?
- 12 ივლისს ვიკრიბებით და მზადების პირველ ეტაპს შვეიცარიაში გავივლით, საფრანგეთის ჩემპიონატი კი, 15 აგვისტოს დაიწყება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია