ახლა, როცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა სანაკრებო თუ საკლუბო საქმეები მოილიეს, მათი ნაწილი 7-კაცა ნაკრებს შეუერთდა და საქართველოს ღირსებას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე დაიცავს.
მართალია, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ რამდენიმე მორაგბე მოისაკლისა, მაგრამ ნამატი, მას წარმატების მეტ საფუძველს აძლევს. ლეგიონერები - ირაკლი მაჩხანელი და გიორგი ჩხაიძე, რომელთაც 7-კაცა რაგბის თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნიათ და დიდ ძალასაც წარმოადგენენ, ფრანგულმა კლუბებმა არ გამოუშვეს, ალექსანდრე თოდუას კი, მოსკოვში წასვლაში ტრავმამ შეუშალა ხელი. სამაგიეროდ, გუნდთან ერთად არიან მერაბ კვირიკაშვილი, თედო ზიბზიბაძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, სიკო მაისურაძე, ირაკლი აბუსერიძე და ბიძინა სამხარაძე. ეს მორაგბეები კი, ნებისმიერი გუნდისათვის დიდი ძალაა.
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება დიდი ბრძოლით მოიპოვა. ძირითადად, ქართულ კლუბებში მოთამაშე სპორტსმენებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, ოდესის ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა, კვიპროსზე კი მესამეზე გავიდა. შესარჩევი ეტაპებისგან განსხვავებით (სულ 6 ეტაპი ტარდება, თითოეულ მათგანში 10 ნაკრები მონაწილეობს, ერთი ქვეყნის გუნდი კი ორ ეტაპს თამაშობს; იქ დაკავებული ადგილის მიხედვით, 12 საუკეთესო გუნდი დასკვნით ეტაპზე გადის), მოსკოვში ორი 6-გუნდა ჯგუფი იქნება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, რუსეთის, იტალიის, პოლონეთისა და მოლდოვას ნაკრებებთან ერთად მოხვდა, ხოლო B ჯგუფში უკრაინა, რუმინეთი, ჰოლანდია, ლიტვა, საფრანგეთი და ესპანეთი ითამაშებენ.
აქამდე, ევროპის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა პორტუგალია, ერთხელ კი რუსეთი, ამიტომ, საქართველოს ნაკრებს თასისკენ მიმავალ გზაზე უფრო ძლიერ გუნდებვთან უწევს ურთიერთობის გარკვევა. ჯგუფური ეტაპის პირველ ოთხ შეხვედრას, კახა ალანიას შეგირდები ათ ივლისს გამართავენ (რიგითობით, პორტუგალიას, რუსეთს, პოლონეთსა და მოლდოვას ხვდებიან). 11 ივლისს, ჯგუფის დასკვნით მატჩში მათი მეტოქე იტალია იქნება, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით (7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება), ნახევარფინალსა და ფინალში მათი მეტოქეებიც გაირკვევიან.
- ალბათ, საევროპისჩემპიონატოდ 12 მორაგბე უკვე შერჩეული გეყოლებათ.
- დიახ, მაგრამ უცნაური ისაა, რომ განაცხადში მხოლოდ 10 მორაგბის შეყვანის უფლება მოგვცეს, არადა, როდესაც ორ დღეში 7 თამაშის გამართვა გიწევს, ორით მეტი მორაგბის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, კრიზისის გამო, იძულებული გახდნენ, ასეთი ცვლილება მოეხდინათ. ფაქტობრივად, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ტურნირის დამთავრება შეცვლების გარეშე მოგვიწიოს. 7-კაცა ძნელი სათამაშოა და მიკროტრავმების ალბათობაც საკმაოდ დიდია.
- ის 10 რომლები არიან?
- მონახაზი გვაქვს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. 8 ივლისს შემოგვიერთდება ბესიკ ხამაშურიძე, რომელიც ქუთაისის “აია”-ს მოთამაშე-მწვრთნელია, 7-ში მის გუნდს თასის ნახევარფინალი აქვს სათამაშო. ამასთან, შესაძლოა, რომელიმე მორაგბემ ვარჯიშისას ტრავმა მიიღოს, ამიტომ, მისი შემცვლელი მზად უნდა იყოს.
- ეროვნული ნაკრების წევრი ლეგიონერები მრავლად დაიმატეთ...
- სამწუხაროდ, ირაკლი მაჩხანელი და გიორგი ჩხაიძე, რომლებიც ძლიერ წაგვადგებოდნენ, კლუბებმა არ გამოუშვეს. მაჩხანელს შერკინებაშიც შეუძლია თამაში და ამასთან, სწრაფი სამმეოთხედელია. ჩხაიძეს 7-კაცას თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ის, ჯერ კიდევ 2001-2002 წლიდან თამაშობს 7-კაცას და მისი გამოცდილებაც დიდ ძალას შეგვძენდა. აგრეთვე დაგვაკლდებიან სუთიაშვილი, რომელიც 3-4 წელია ჩვენთან თამაშობს და თოდუა, რომელმაც სამწუხაროდ ფეხი მოიტეხა. რუმინეთის ტურნირმა და ზოგადად მთელმა განვლილმა მძიმე სეზონმა, მორაგბეებს მიკროტრავმები დაუგროვა. გამიხარდა ის, რომ ეროვნული ნაკრების გამოცდილმა წევრებმა, ვინც ჯანზე იყო, თავად გამოთქვეს თამაშის სურვილი. ახალგაზრდული გუნდით წასვლა, პრაქტიკულად, იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ მარცხისათვის წინასწარ ვიქნებოდით განწირულები, რადგანაც ყველა მოწინააღმდეგეს ეროვნულის მოთამაშეები ჰყავს. სერიოზული ტურნირია და ჩვენც სერიოზული გუნდით უნდა წარვსდგეთ - გამოუცდელი ბიჭებით წასვლა კარგს არაფერს მოგვიტანდა. დაგვემატნენ ურჯუკაშვილი, აბუსერიძე, სამხარაძე, კვირიკაშვილი, გვყავს შკინინი, მაისურაძე, იგივე ხამაშურიძე. დიდი ძალაა გეგენავა და კალმახელიძე, რომელმაც 2 წელი შესარჩევ ტურნირებზე ითამაშა, საკუთარი შესაძლებლობა დაამტკიცა და ფინალურ ტურნირზეც მოხვდა. ჩემი აზრით, სწრაფი გუნდია და გამოცდილი მორაგბეებიც მრავლად გვყავს. ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, დიდი ტანის მორაგბეთა ნაკლებობა იყოს. გვყავს ჩიტიძე და მაისურაძე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ჩხაიძე და სუთიაშვილიც თუ დაგვემატებოდნენ. ნორმალური გუნდია და ფიზიკურად თუ არ გაგვიჭირდა, შედეგიც ნორმალური იქნება.
- ორივე შესარჩევ ეტაპზე, გუნდმა განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა და ახლაც, დასკვნით ეტაპზე სულ სხვა შემადგენლობით მიდიხართ. ალბათ, შეთამაშების მხრივ პრობლემა გექნებათ.
- სხვა გუნდებს რომ ვუყურებ, 3-4 წელი ერთი და იგივე, სტაბილური შემადგენლობით თამაშობენ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ოდესაში მორაგბეთა ნაწილი გავსინჯე, კვიპროსზე - სხვა. მომავალზე ვფიქრობთ, თუმცა, ორივე განვლილ ტურნირზე გამოცდილ და ახალგაზრდა მორაგბეთა სინთეზი იყო. ოდესაში კვირიკაშვილი და ზიბზიბაძე გვყავდა, კვიპროსზე ხამაშურიძე და შკინინი, პლუს გეგენავა და ნიჟარაძე. ისინი ახლგაზრდები კი არიან, მაგრამ დიდი პრაქტიკა აქვთ, რადგანაც 3-4 წელია 7-კაცა რაგბის თამაშობენ. თანაც, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა მორაგბეთა გამოცდას. თვის ბოლოს, პორტუგალიაში, 7-კაცა რაგბის უნივერსიადა ტარდება, რომელიც ფაქტობრივად, 24-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატია. მრავლად გამოჩნდნენ ახალგაზრდა, ძალიან კარგი ბიჭები, მაგრამ მათთვის ჯერ ადრეა ისეთი დონის ტურნირზე გამოსვლა, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ახალგაზრდები დარტყმის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ძლიერებს ძლიერები დახვდებიან, მერე კი, ეს ბიჭებიც გაძლიერდებიან.
- პორტუგალიაში ვის წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში?
- პორტუში გასამართ ტურნირზე, ქვეჯგუფი ჯერ არ ვიცით, მაგრამ იქ იქნებიან ახალი ზელანდია, ფიჯი, ავსტრალია, ინგლისი და უელსი, მოკლედ, მსოფლიოს უძლიერესი სარაგბო ქვეყნების გუნდები. ჩვენს შემადგნელობაში ყველა მორაგბე სტუდენტი იქნება. გეგენავა და კალმახელიძე პორტუშიც ჩვენთან იქნებიან, ოდესის და კვიპროსის ტურნირზე ვინც მყავდა, იქიდან 7 მორაგბე სტუდენტია. ამ ტურნირს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგანაც, ის გუნდი, რომელიც პორტუში ითამაშებს, სამომავლოდ, ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდი უნდა გახდეს.
- მოსკოვში რა მიზანს ისახავთ?
- წინასწარ ძნელია თქმა. გააჩნია, როგორ ჩავალთ და იქ რა პირობები დაგვხვდება. ბევრი რამ პირველ ორ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. პორტუგალიასთან და რუსეთთან გადამწყვეტი თამაშები გვექნება და თუ მათში გამარჯვება მოვახერხეთ, მერე დიდ მიზნებზეც შეიძლება ფიქრი. შარშან, როდესაც მათ ძლიერი შემადგენლობით ვეთამაშეთ, ორივეს მოვუგეთ, წლეულს კი, მათთან დავმარცხდით, თუმცა, ორივე შემთხვევაში გვქონდა გამარჯვების შანსი. პორტუგალიასთან, ერთ მომენტში ლელოებით 4:3-ს ვიგებდით და ანგარიშში მიგვყავდა. მერე ბურთი დავკარგეთ, არადა, სალელოვე შეტევა იყო და მოწინააღმდეგემ კონტრშეტევაზე აქეთ დაგვიდო ლელო, როცა სულ ერთი წუთი იყო დარჩენილი. იგივე რუსეთმა მაშინ მოგვიგო, როდესაც დრო ამოწურული იყო და მოედანზე კაცნაკლული ვიყავით. 7-კაცაში ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ ღირსეული შედეგი უნდა გვქონდეს. ოთხეულში მოხვედრა კარგი იქნება, რადგანაც IRB-ს 7-კაცა სერიებში თამაშის უფლებას მივიღებთ და ახალგაზრდა მორაგბეები კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას შეიძენენ. წესით, მე-5 ადგილზე გასულ გუნდსაც აქვს იქ ორ ეტაპზე თამაშის უფლება, მაგრამ, რატომღაც შარშან არ დაგვიძახეს.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეროვნული ნაკრებისა და 7-კაცა ნაკრების შემადგენლობებში სხვადასხვა მორაგბეები ითამაშებენ?
- ახლაც გვყავს გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეთა გარეშეც ითამაშებენ, მაგრამ შედეგი, შესაძლოა, ისეთი ვერ იყოს, როგორიც გვინდა. ამასთან, როდესაც 7-კაცა ნაკრებში თამაშით მათი დონე აიწევს, ისინი ეროვნულ ნაკრებს დასჭირდებიან და მაინც, ახალი სპორტსმენების ძებნა, ან ეროვნულიდან მათი 7-კაცაში გამოყენება მოგვიწევს. ეს ორი ნაკრები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და მათი გამიჯვნა ვერ მოხდება. ახალგაზრდას გვერდზე გამოცდილი მორაგბე თუ არ ჰყავს, სწრაფად ვერ გაიზრდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურის გარდა, ამხანაგურ ტურნირებზეც ვითამაშოთ და მორაგბეებმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეიძინონ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია