ამბები

10:30 | 7.07.2010 | ნანახია 1781 - ჯერ

თასი პრეტენდენტებს ელის

ბათუმსა და თბილისში, დღეს საღამოს ის ოთხი გუნდი შეიყრება, რომელთაც საქართველოს მორაგბეთა თასის დასაკუთრების იმედი აქვთ და განმეორებით ნახევარფინალებში გამოავლენენ იმ წყვილს, რომ რომლებიც მთავარი ჯილდოსათვის 14 ივლისს იბურთავებენ.
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, წლეულს თასი პატრონს წინა გათამაშებებზე ადრე ჩაბარდება. აქამდე, საჩემპიონო და სათასო ფინალები, ერთმანეთის მიყოლებით, შემოდგომაზე იმართებოდა, ახლა კი რეგულარული პირველობის შესვენებისას, გუნდებმა მთელი გათამაშება ერთი ამოსუნთქვით განვლეს და სულ მალე გადამწყვეტი ჯახის ჯერიც დადგება.
ნახევარფინალებში გუნდები ისე დაწყვილდნენ და პირველი შეხვედრებიც ისე დასრულდა, რომ დიდი შანსია ფინალში მაყურებელმა ბოლო წლების ტრადიციული მეტოქეები - თბილისის “ლელო” და “ლოკომოტივი” იხილოს. პირველი მატჩი ორივე მათგანმა მოიგო. “ლოკომოტივმა” “ბათუმი XV”-ს თბილისში უმასპინძლა და 24:15 იმარჯვა. საკმარისი იქნება თუ არა 9 ქულიანი ფორა ფინალში გასასვლელად, ანგისაზე გადაწყდება, სადაც თამაში 18:30 საათზე დაიწყება. ისე ერთიცაა, რეგულარული პირველობის მეოთხე რაუნდში, თბილისელებმა “ბათუმი XV” იმავე ანგისაზე 36:17 დაამარცხეს და უიმედოდ არც ახლა იქნებიან, მაგრამ ვნახოთ, სათასო მატჩებს ხომ ყოველთვის სხვა დატვირთვა აქვს.
თასის მფლობელ “ლელოს”, ერთი შეხედვით უფრო რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი, რადგანაც მან ქუთაისის “აია” პირველ მატჩში მხოლოდ 4 ქულით - 25:21 დაამარცხა. თუმცა, თბილისელებს დამატებით უპირატესობას ის აძლევს, რომ განმეორებითი მატჩი თბილისში, “მიხეილ მესხზე” იმართება. რამდენად წარმატებული იქნება ქუთაისელთა სტუმრობა, დღეს გამოჩნდება, ისე კი, რეგულარული პირველობის პირველ წრეში, “აია”-მ მასპინძლის სტატუსით გორში მოთამაშე “ლელო” ზუსტად ოთხი ქულით - 30:26 დასცა და მთლად უიმედოდ არც ახლა იქნება. ეს შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.172519