ამბები

23:59 | 7.07.2010 | ნანახია 2610 - ჯერ

თასზე შარშანდელი მეორდება

საქართველოს თასის 2010 წლის გათამაშების ფინალი შარშანდელის ანალოგი იქნება. მართალია, წლეულს გადამწყვეტი შეხვედრა წინანდელზე ადრე გაიმართება, მაგრამ მთავარი პრიზისათვის ამჯერადაც თბილისის “ლოკომოტივი” და “ლელო” იბრძოლებენ.
“ლელომ” თასი ჯერ კიდევ 2008 წელს მოიპოვა, შარშან “ლოკომოტივს” ლამის წაგებული შეხვედრა შემოუბრუნა და მთავარი პრიზის შენარჩუნება მოახერხა, ახლა კი, იგივეს განმეორებას კვლავ “ლოკომოტივთან” ეცდება, ოღონდ, ამჯერად, ფინალი 14 ივლისს, სავარაუდოდ, პაპანაქება სიცხეში გაიმართება. რაც არ უნდა იყოს, ბოლო წლებში ამ გუნდების დაპირისპირება ქართული რაგბის გურმანებს ძლიერ მოსწონთ და იმედია, მიმდინარე წელსაც საინტერესო ბრძოლა იქნება.
ფინალში თამაშის უფლება “ლოკომოტივმა” უფრო იოლად მოახერხა. მან “ბათუმი XV” ერთი კვირის წინათ 24:15 დაამარცხა, განმეორებით შეხვედრაში კი, კიდევ მეტი უპირატესობით, 29:17 იმარჯვა და თასის მოპოვების მეტი იმედიც აქვს. “ლელოს” კი, “აია”-სთან ორი მძიმე თამაში ჰქონდა. ერთი კვირის წინათ, თბილისელებმა ვანში 25:21 მოიგეს და ახლა ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდათ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და თასის მფლობელის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ტრავმების გამო, რამდენიმე საკვანძო მორაგბე აკლდა. თავის მხრივ, ქუთაისელთათვის დიდი დანაკლისი იყო მოთამაშე მწვრთნელის, ბესიკ ხამაშურიძეს არყოფნა, თუმცა, რაოდენობრივად “ლელოს” უფრო რთული სიტუაცია ჰქონდა.
რადგან ქუთაისელებს ოთხზე მეტი ქულით გამარჯვება ჭირდებოდათ, შეხვედრა მათი აქტიურობით დაიწყო. გადახალისებული “ლელო” მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდა, მე-10 წუთზე დაჯარიმდა და სინაურაძემ, დაახლოებით, 40 მეტრიდან ანგარიში გახსნა. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ თბილისელებს საწყის წუთებშივე ორჯერ დაჭირდათ 10-წუთიანი ცვლილების განხორციელება. “აია” აგრესიულ დაცვას თამაშობდა, მაგრამ შეცდომებსაც უშვებდა და ყიასაშვილს ჯარიმით ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
ტაიმის შუაში მასპინძლებმა მოკლე დარტყმებით წაიწიეს წინ, რასაც ქუთაისელთა მხრიდან კვლავ დაჯარიმება მოჰყვა და ამჯერად, ყიასაშვილის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა - 3:3. მალე მანვე თბილისელები კვლავ დააწინაურა, მაგრამ სინაურიძემაც მყის ჯარიმით უპასუხა, შესვენებამდე კი, ამ მორაგბეებმა თითო-თითო ჯარიმაც გაცვალეს და პირველი 40 წუთი 9:9 დასრულდა. შესვენებამდე რამდენიმე კარგი გარღვევა განახორციელა გოგიამ, მაგრამ ქუთაისელებმა შეტევებს საკადრისი განვითარება ვერ მოუძებნეს. ამასთან, “ლელო” აუტების მოწოდებისას სცოდავდა, საკუთარს ხეირიანად ვერ იგებდა, მეტოქის დერეფნისას კი, ქუთაისელებს კარგი დერეფნის დაყენების საშუალებას აძლევდნენ.
შესვენების შემდეგ, თბილისელები მეტოქის მოწოდებისას ბრძოლას შეეშვნენ და მოწინააღმდეგეს იმ წუთასვე აქცევდნენ, როგორც კი ბურთს მიიღებდა. ამ ტაქტიკამ გაამართლა, “აია”-მ მოლის უპირატესობა დაკარგა. მე-2 ნახევრის საწყის ათ წუთში, ჯარიმით წინ გასვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. “ლელომ” დამრტყმელი შეცვალა და ეს პატივი მჭედლიშვილს გადაულოცა, მაგრამ მას პირველი დარტყმა გაუფუჭდა, მერე კი ჯარიმა სინაურიძემაც ააცილა. სამაგიეროდ, ქუთაისელთა დამრტყმელმა მეტოქეს შერკინებაში წესის დარღვევა არ აპატია და “აია” 12:9 დაწინაურდა. დარჩენილ დროში მათ ფინალში გასასვლელად ერთი ჯარიმაც ჰყოფნიდათ, მაგრამ ბოლოსკენ “ლელომ” იმძლავრა, ახლა თავად დააყენა ბრწყინვალე მოლი, დიდი მანძილი ამ გზით დაფარა და ლელო სუჯაშვილმა მიითვალა, მჭედლიშვილმა კი, გარდასახვა გამოიყენა - 16:12. ბოლოს, იმავე მჭედლიშვილმა ჯარიმიდანაც იხეირა და საკუთარ გუნდს 19:12 მოაგებინა.

 
თბილისი. “მიხეილ მესხი” 300 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი) 19:12 (9:9)
ლელო (თბილისი):
1. გიორგი სანიკიძე, 2. ირაკლი ჭყონია, 3. მიხეილ სუჯაშვილი, 4. ზურაბ ხორბალაძე, 5. დავით ჯალაღონია (ილია მაისურაძე 37), 6. ვასილ კვერნაძე (გიორგი ჭყოიძე 60), 7. ბექა სარდანაშვილი, 8. ლაშა აზალაძე, 9. ბექა თოფურია, 10. გიორგი ლომინაძე, 11. ლექსო გუგავა, 12. ნონო ანდღულაძე (უჩა მჭედლიშვილი 10), 13. გიგა კორკელია, 14. გოდერძი ჯოგლიძე, 15. ირაკლი ყიასაშვილი.
1 ლელო:
სუჯაშვილი
1 გარდასახვა:
მჭედლიშვილი
4 ჯარიმა: ყიასაშვილი (3), მჭედლიშვილი (1)
მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი.
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი.
აია (ქუთაისი): 1. ზურაბ ჟვანია (გიგა გურეშიძე 35), 2. ბექა სულუხია (მერაბ მატკავა 43), 3. თორნიკე ლომიძე (მამუკა ხეჩიკოვი 64), 4. თორნიკე ძაგნიძე, 5. დავით იობიძე, 6. გელა შალამბერიძე, 7. ირაკლი რევიშვილი, 8. ლევან თხელიძე, 9. ლევან გოგია, 10. ლევან შარვაშიძე, 11. ზურა გოგრიჩიძე, 12. გაგა სინაურიძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 14. ბაკურ გოშაძე, 15. ზურაბ ძნელაძე (თორნიკე აშვეთია 67).
4 ჯარიმა: სინაურიძე
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, კობა გიორგაძე
 
ბათუმი. “ანგისა”
ბათუმი XV - ლოკომოტივი (თბილისი) 17:29
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099225